Accessibility links

logo-print

თბილისში ეუთოს მანდატის საკითხი განიხილება


ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ კვლავაც გაგრძელდება აქტიური მცდელობა იმისთვის, რომ ეუთოს მისიამ საქართველოში მუშაობა გააგრძელოს.

განცხადებები ეუთოს მისიის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით დორა ბაკოიანისმა თბილისში 23 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა. თბილისი მზად არის ითანამშრომლოს ეუთოსთან, რათა კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. მოსკოვი წინააღმდეგია, რომ ეუთომ ცხინვალის რეგიონში მუშაობა ძველი ფორმატით გააგრძელოს.
ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა მანამდეც არაერთხელ თქვა და ორშაბათს თბილისშიც გაიმეორა, რომ ეუთოს როლი საქართველოში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. დორა ბაკოიანისი საკითხს გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს:
(ბაკოიანისის ხმა) ”სიმართლე ის არის, რომ სიტუაცია არასტაბილურია. ყურადღება უნდა გამახვილდეს არსებულ რისკებზე და პრობლემებზე. მტკიცედ მჯერა, რომ საჭიროა ეუთოს წარმომადგენლობის კიდევ უფრო გაზრდა და არა - შემცირება. და სწორედ ეს არის ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობის გადაუდებელი პრიორიტეტი.”
ამ პრიორიტეტს საბერძნეთის თავმჯდომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოსვლის დღიდან, 1 იანვრიდან უთმობს. ეს ასევე ის თარიღია, როდესაც, რუსეთის მხრიდან დაბლოკვის გამო, ეუთოს წარმომადგენლობა საქართველოში დახურვის რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა ეუთოს 56 წევრს შორის, რომელმაც გასული წლის 22 დეკემბერს მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო დაადო, რადგანაც ის მიუღებლად მიიჩნევს საქართველოში მოქმედი მისიის მანდატის ცხინვალის რეგიონზე გავრცელებას. დამოუკიდებელ მისიას მოითხოვენ სეპარატისტებიც.
მიუხედავად ამისა, 12 თებერვალს ეუთოში მაინც შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 20 უიარაღო მეთვალყურეს სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მუშაობის მანდატი 30 ივნისამდე გაუგრძელდა. რა მოხდება ამის შემდეგ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ეუთო რუსეთის დაყოლიებას. ჯერჯერობით ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ კომპრომისული გადაწყვეტილების ძიების სურვილით ეუთოს მორიგე თავმჯდომარე დორა ბაკოიანისი ჯერ კიდევ 21 იანვარს იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც მან თქვა, რომ ეუთოს წინადადებები არავითარ შემთხვევაში არ შეეხება მხარეების ეგრეთ წოდებულ ”წითელ ხაზებს”. სხვა დეტალები არ კონკრეტდება. დორა ბაკოიანისის თქმით, ეუთო გააგრძელებს შუამავლის როლის შესრულებას იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ორგანიზაციის ფუნდამენტურ ფასეულობებსა და პრინციპებს - ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და გადაწყვეტილებების მიღებას დიალოგის, დიპლომატიისა და კომპრომის გზით:
(ბაკოიანისის ხმა) ”ამის გასაკეთებლად ერთადერთი გზა არსებობს - უნდა მოხდეს დისკუსიის დეპოლიტიზება და ყურადღების გამახვილება ეუთოს მისიის მუშაობის პრაქტიკულ აუცილებლობაზე. მთავარია მხარეთა მოქნილობა... ჩემი ღრმა რწმენით, საქმე ეხება არა მხოლოდ ეუთოს ყოფნას რეგიონში, არამედ მთელ სამშვიდობო პროცესს. თუკი ეუთო გავა საქართველოდან, შესაძლოა, სერიოზულად დაზარალდეს ჟენევის პროცესი. ის, შესაძლოა, სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს.”
აქვე დორა ბაკოიანისი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროკავშირი ეუთოს ვერ ჩაენაცვლება - იქნება ეს ჟენევის მოლაპარაკებები თუ საქართველოში, ადგილზე, მუშაობა.
როგორც ვთქვით, ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობის კომპრომისულ წინადადებათა დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორშაბათს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, სტუმრის თანდასწრებით აღნიშნა, ეუთოს წინადადებები მისაღებია საქართველოსთვის:
(ვაშაძის ხმა) ”ყველა წინადადება არის კარგად მოფიქრებული და შეადგენს საინტერესო საფუძველს მოლაპარაკებების დასაწყებად, კომპრომისის მისაღწევად. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბერძნულ მხარეს ამ სამუშაოში.” (სტილი დაცულია)
საქართველოსთვის ეუთოს მისიის შენარჩუნება რომ მნიშვნელოვანია, ამას თბილისი ხშირად ადასტურებს, თუმცა ისიც გარკვევით და არაერთხელ ითქვა, რომ ამისთვის საქართველო ყველანაირი საფასურის გადახდას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG