Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი განარისხა უკრაინისა და ევროკავშირის შეთანხმებამ


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა

განაცხადა, რომ გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით უკრაინისა და ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი გეგმა "გაუაზრებელი და არაპროფესიონალურია". პუტინის განცხადება მოჰყვა ევროკავშირის დაპირებას, დაეხმაროს უკრაინას მის ტერიტორიაზე არსებული გაზსადენების სისტემის მოდერნიზაციაში, რის სანაცვლოდაც კიევი პირობას დებს, უფრო გამჭვირვალედ აწარმოოს ენერგეტიკის სექტორის მართვა.

პუტინის თქმით, მოსკოვმა შესაძლოა გადახედოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებს, თუკი მისი ინტერესები უგულებელყოფილი იქნება ევროკავშირა და უკრაინას შორის შეთანხმებით.

უკრაინამ სასიხარულო დაპირება მიიღო ევროკავშირისგან. 23 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირსა და უკრაინას შორის ოფიციალურად გაფორმდა შეთანხმება, რომელიც კიევისთვის ორნახევარი მილიარდი ევროს დაპირებას შეიცავს.

მაგრამ ამ ამბავმა ერთობ გააცხარა რუსეთი. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ასე უპასუხა ბრიუსელიდან მოსულ ცნობას:

[პუტინის ხმა] “დოკუმენტი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, არის - სულ ცოტა - გაუაზრებელი და არაპროფესიონალურია. რადგან ასეთი საკითხებოის განხილვა მთავარი მომმარაგებლის გარეშე უფბრალოდ, არასერიოზულია”.

პუტინმა და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს გამოაცხადეს, რომ უკრაინასთან მომავალ კვირაში მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიდო, ვინაიდან რუსეთი სწავლობს უკრაინასა და ევროკავშირს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ამავე დროს პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გადახედავს ევროპის კავშირთან ურთიერთობებს, თუკი მისი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული:

[პუტინის ხმა] “თუ რუსეთის ინტერესები იგნორირებული იქნება, ჩვენც იძულებული ვიქნებით შევუდგეთ პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპების გადასინჯვას”.

ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტის 80 პროცენტი უკრაინის სატრანზიტო გაზსადენებით გადაიტუმბება. მაგრამ ეს მილები უკვე 40 წლის არის და განახლებას საჭიროებს. უკრაინას არა აქვს საკმარისი ფონდები ამ სამუშაოების დამოუკიდებლად ჩასატარებლად და, აქედან გამომდინარე, დადებულ იქნა შეთანხმება ევროკავშირთან.

თავის მხრივ, რუსეთის კომპანიებს მიაჩნიათ, რომ მათ ჰქონდათ შანსი, უკრაინის მილსადენების სისტემის მოდერნიზაციის პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა კიევიდან უკვე ათ წელზე მეტია მოდის სიგანლები, რომ უკრაინას არ სურს, რუსეთის კომპანიები უკრაინის მილსადენების სისტემის თანამფლობელები გახდნენ. კრემლი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ რუსეთისა და უკრაინის მილსადენები ურთიერთთავსებადი უნდა იყოს. გაზპრომი უკვე აწარმოებს რუსეთის გაზსადენების მოდერნიზაციას და მოსკოვს იმედი ჰქონდა, რომ ის ურკაინასაც გადაწვდებოდა და ამ გზით გავლენას მოიპოვებდა თავისი მეზობლის ენერგოსისტემაზე.

მაგრამ, როგორც ჩანს, სინამდვილეში რუსეთი იმან განარისხა, რომ მისი, როგორც ენერგომატარებლის მიმწოდებლის როლი, ნახსენებიც კი არ არის ბრიუსელში მიღწეულ შეთანხმებაში.

სხვა აზრის არიან ევროპის კავშირის ლიდერები. მათი აზრით, უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება რუსეთისთვისაც უნდა იყოს მომგებიანი. უკრაინის მილსადენების სისტემის მოდერნიზაცია კიდევ უფრო გაზრდის რუსეთიდან გაზის მიწოდების უსაფრთხოებას. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ ორშაბათს ბრიუსელში განაცხადა:

[ბაროზუს ხმა] “გაზის სატრანზიტო სისტემა უკრაინის გავლით -არის ერთ-ერთი იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგეტიკული არტერიებიდან, რომლებიც ევროპის ორგანიზმს აცოცხლებს. მრავალი წელია, მას საკვანძო მნიშვნელობა აქვს და მომავალ ათწლეულებშიც ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპის კავშირის, უკრაინისა და რუსეთისათვის”.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ, რომელმაც იანვარში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებით ბოლო მოუღო გაზის კრიზისს, თქვა, რომ, მისი აზრით, შეთანხმება გაზრდის უკრაინის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყნის ავტორიტეტს:

[ტიმოშენკოს ხმა] “დეკლარაცია, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, ადასტურებს ევროპის კავშირის ნდობას უკრაინის გაზის ტრანსპორტის სისტემის, როგორც ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანზიტის საიმედო სისტემის მიმართ. ის, ფაქტობრივად, უკუაგდებს ყველა ბრალდებას, თითქოს უკრაინის გაზის ტრანსპორტის სისტემა სანდო არ იყოს”.

ამასთან, ტიმოშენკომ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მხარდაჭერას გამოუცხადებს ევროკავშირსა და უკრაინას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

მაგრამ თავად მოსკოვიდან სხვაგვარი სიგნალები მოდის. ვლადიმირ პუტინი განრისხებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ რუსეთი, ასე ვქვათ, "ოფ საიდში" დატოვეს.

[პუტინის ხმა] “მოაგვარო, არსებითად, ჩვენი გაზის მიწოდების გაზრდის პრობლემები ჩვენს გარეშე - ეს უაზრობაა”.
XS
SM
MD
LG