Accessibility links

logo-print

ნატოს ავიაციის მიერ სერბიის დაბომბვის მეათე წლისთავი


სერბიის ხელისუფლება დღეს აღნიშნავს ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს საჰაერო იერიშის დაწყების მეათე წლისთავს.

ეს დაბომბვა სერბიის ჯარების მიერ კოსოვოს ალბანური მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხი იყო და მან 11 კვირას გასტანა. სერბები ნატოს იერიშებს მათ მიმართ დასავლეთის აგრესიად მიიჩნევენ. კოსოვოში კი პირიქით - მრავალი ალბანელის აზრით, ნატოს საჰაერო რეიდებმა ხელი შეუწყო რეპრესიული ერის დასრულებას და კოსოვოს დამოუკიდებლობა შეამზადა.

კოსოვოს კონფლიქტის გამო სერბიის წინააღმდეგ ნატოს საჰაერო კამპანიის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ სერბიისა და ეთნიკურ ალბანელთა წარმომადგენლები კვლავაც ერთმანეთისკენ იშვერენ თითს და ერთმანეთს ანიჭებენ მომხდარისთვის პასუხისმგებლობას.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების თანახმად, თითქმის სამთვიანი რეიდების განმავლობაში იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც იმ დროისთვის სერბიის, კოსოვოსა და ჩერნოგორიისგან შედგებოდა, 500 სამოქალაქო პირი დაიღუპა, სერიოზული ზარალი განიცადა ინფრასტრუქტურამ.

ბელგრადის ხელისუფლება აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ბევრად მაღალი, 3000-მდე იყო. სერბიის თავდაცვის მინისტრის, დრაგან სუტანოვაჩის აზრით, ნატოს საჰაერო რეიდები დიდი შეცდომა იყო:

[სუტანოვიჩის ხმა] "უნდა ვთქვა, რომ ჩემი მაშინდელი პოზიცია არც ახლა შემიცვლია. მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს ნატოს ალიანსის დიდი შეცდომა იყო და რომ დაბომბვა არ უნდა განხორციელებულიყო. ვფიქრობ, ორი ათასწლეულის, ორი საუკუნის გასაყარზე სრულიად არაბუნებრივი იყო, რომ დაიბომბა ეს ქვეყანა. და როცა ქვეყანას ვამბობ, ვგულისხმობ მაშინდელი იუგოსლავიის ყველა მოქალაქეს. ვფიქრობ, მიზანი, რომლის მიღწევაც სურდა ნატოს, შეიძლებოდა ნაკლებ ენერგიულად მიღწეულიყო და მოქალაქეები გადაურჩებოდნენ იმას, რაც მოხდა."

მაგრამ პრიშტინაში, დღეს დამოუკიდებელი კოსოვოს დედაქალაქში, სხვაგვარად ფიქრობენ. კოსოვოს პრემიერ-მინსტრი ჰაშიმ ტაჩი იხსენებს სერბიის ჯარების მიერ კოსოვოს ალბანური მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობას ნატოს იერიშების დაწყების წინა პერიოდში, მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის მაშინდელმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა უარი თქვა რამბუიეში საერთაშორისო სამშვიდობო შეთანხმებისთვის ხელმოწერაზე, კოსოვოელმა ეთნიკურმა ალბანელებმა კი მოაწერეს მას ხელი:

[ტაჩის ხმა] "ნატოს თავდასხმა საერთაშორისო თანამეგობრობის აუცილებელი გადაწყვეტილება იყო მას მერე, რაც ხელი მოვაწერეთ რამბუიეს შეთანხმებას. კოსოვო ალში იყო გახვეული, სერბები სამოქალაქო პირების დეპორტაციას ახორციელებდნენ. ამიტომ ჩვენმა სამართლიანმა ბრძოლამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მოიპოვა. ეს იყო შესაფერის დროს განხორციელებული, გამართლებული ინტერვენცია, რომელმაც კოსოვოს თავისუფლების მოპოვების საშუალება მისცა. ამიტომაც ამ გადაწყვეტილებას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა ახალი რეალობისთვის, რომელიც კოსოვოსთვის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის შეიქმნა."

კოსოვო სერბიის პროვინცია იყო, როცა ალბანური მოსახლეობის უმრავლესობამ 1992 წელს საკუთარი არჩევნები ჩაატარა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად პაციფისტი ლიდერი, იბრაჰიმ რუგოვა აირჩია.

მაგრამ კოსოვოს სეცესიონისტური მიდრეკილებები მაშინ საერთაშორისო ყურადღების მიღმა აღმოჩნდა ბალკანეთზე მიმდინარე უფრო ფართო მასშტაბის ომების ფონზე. კოსოვომ ყურადღება მიიპყრო მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოს, როცა დასრულდა ომები ბოსნიასა და ხორვატიაში და კოსოვოს განმათავისუფლებელმა არმიამ, "უჩკ"-მ შეიარაღებული ამბოხება დაიწყო.

იუგოსლავიის პოლიციისა და სერბიის გასამხედროებული დაჯგუფებების მიერ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური ალბანელების ხოცვა და დეპორტაცია მოგვიანებით საფუძველი გახდა მილოშევიჩის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში გენოციდის ბრალდებით საქმის აღსაძვრელად.

მართალია, მილოშევიჩი განაჩენის გამოტანამდე ჰააგაში, პატიმრობაში გარდაიცვალა, მაგრამ სერბიის ხელისუფლების ხუთ წარმომადგენელს კოსოვოს ომში ჩადენილი დანაშაულებებისთვის 15-დან 22 წლამდე პატიმრობა მიესაჯა.
XS
SM
MD
LG