Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 25 მარტი 2009


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მედიით გავრცელებული ოპერატიული მასალა პრესაში განსჯის მთავარი თემაა.

”რეზონანსი” რამდენიმე მასალას აქვეყნებს. გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ”დემოკრატიული ფონდის” თანადამფუძნებელი, ნინო ბურჯანაძის მრჩეველთა საბჭოს წევრი, პოლიტოლოგი გიორგი მარგველაშვილი ამბობს: ”ხელისუფლებამ თავისი არგუმენტები გამოაქვეყნა, ამ არგუმენტებს ახლა იმ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უპასუხონ. ეს სერიოზული საპასუხო თემაა.” - მარგველაშვილის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღებში რამდენად ეფექტური იქნება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მტკიცებები. ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს პოეტ დავით მაღრაძესთან: ”საქართველოში ოთარ იოსელიანის, შენგელაიების, ბაბლუანების გვერდით ახალი ”რეჟისორები” გამოჩნდნენ, რომლებიც ახალ-ახალ ”ფილმებს” გვთავაზობენ. ასეთი რეჟისორობა ხელისუფლებამ დიდი ხანია, რაც დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე ამ ”ხელობას” კარგად დაეუფლნენ. ახალი რეჟისორები უკვე ერთი წელია ამ ჟანრში მუშაობენ”, -ამბობს დავით მაღრაძე და 9 აპრილის მიმართ დამოკიდებულებას ასე გამოხატავს: ”უნდა გადავიტანოთ მშვიდობიანად. ამდენი მილიონი ქართველი ხომ არ გადავდგებით?! უნდა გადადგეს ის, ვის გადადგომასაც მოითხოვს ხალხი. თუ 9 აპრილს მკაფიოდ გამოჩნდა ქართული საზოგადოების ნება, ყველაფერი კარგად ჩაივლის, რადგან ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა არავის არ შეუძლია.”

”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს ბადრი ბიწაძესთან და ჟურნალისტი მას გავრცელებულ ოპერატიულ მასალაზე ეკითხება. ბიწაძის პასუხი: ”ვინ გითხრათ, რომ ყიდულობდნენ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მაგალითად, შენგელიასთან ერთ მშვენიერ დღეს მივიდა ნაცნობი, რომელიც ამჟამად კუდ-ის თანამშრომელია და უთხრა, ბიწაძესთან არ იარო, თორემ დაგიჭერთო. რამდენიმე დღის შემდეგ კი შენგელიასთან ისევ ის პიროვნება მივიდა, იარაღი მიიტანა, აჩვენა და სთხოვა, იარაღში კარგად ერკვევი და მითხარი, რამდენად კარგია და რა ღირსო. ეს იყო და ეს”, - ამბობს ბადრი ბიწაძე და იმავე ინტერვიუში ამბობს იმასაც, რომ ზეწოლა მიმდინარეობს ყველაზე, ვინც მის გვერდითაა. ”მოგიწოდებთ, დასვათ კითხვები: ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ იარაღს ყიდიან და რომელთა სახეებიც გვაჩვენეს? რა კავშირი აქვთ ამ ახალგაზრდებთან? იქნებ, ამ ბიჭების მეგობრები არიან? სად არის ამდენი იარაღი, ვინ უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას?” - კითხულოს ბიწაძე.

”ვერსიის” საავტორო სვეტში კი წაიკითხავთ: ”ზოგადად, თავნება ხელისუფლებისთვის რომ ძლიერი ოპოზიცია წამალია, ეს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ თუკი ამ ძლიერ ოპოზიციას ტვინი არ ექნება თავში და არც პასუხისმგებლობის ნატამალი, დაავადებულ ქვეყანას ვინღა უწამლებს? ამიტომ კარგი იქნებოდა, საზოგადოებას ზუსტად სცოდნოდა, რას გვპირდება ოპოზიცია სააკაშვილის ”დამთავრების” შემდეგ”, - წერს ”ვერსიის” ავტორი.

”სისულელეა. ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება: აგენტს გაუგზავნი, შეუჩნდები, იარაღი ხომ არ გინდა, მოგყიდიო. მერე ვიღაც ბრიყვი, რომელიც იარაღში ვერ ერკვევა, იარაღს ყიდულობს”, - ასე აფასებს გენერალი გია ყარყარაშვილი გავრცელებულ ვიდეომასალას. - ”ქართველებს ჯიშში აქვთ, რომ იაფად თუ არის, ჟანგიანი ტყვიაც რომ იყოს, იმასაც იყიდის. გაიგო, რომ იარაღი იაფად იყიდება და ვიყიდიო. იმდენი გონება არ ეყო, რომ მიხვდეს, დღევანდელ დღეს წამალსა და იარაღს შინაგან საქმეთა კონტროლისა და მეთვალყურეობის გარეშე ვერავინ გაყიდის. ასეთი ბრიყვები დაიჭირეს და ამაზე ააგეს ეს ჩანაწერები”, - ამბობს გია ყარყარაშვილი, რომელთან ინტერვიუც ”ახალ თაობაში” ქვეყნდება. ამავე გაზეთში გაეცნობით დავით ზურაბიშვილის მოსაზრებებსაც. ის ფიქრობს, რომ ასეთი განცხადებებით და ჩანაწერებით ხელისუფლება ხალხის ქუჩაში გამოსვლას ვერ შეაჩერებს.

”24 საათში”,რუბრიკით ”თვალსაზრისი”, ქვეყნდება მასალა, რომელსაც სამი ავტორი აწერს ხელს. ”ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ მორალურად ამხნევებდეს ესოდენ დიდ ჭირ-ვარამგადახდილ ჩვენს არმიასა და პოლიციას და დაბეჯითებით ითხოვდეს საოკუპაციო ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან, მიმართავს მთელ თავის ჭარბ ენერგიას ხმაურიანი არეულობისა და ქაოსის მომტანი ქუჩის აქციების დასამკვიდრებლად და შემართებით იმუქრება, რომ ცხრა აპრილს განახორციელებს ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებს, რითაც, ცხადია, დუშმანის წისქვილზე დაასხამს წყალს”, - წერენ ”24 საათში” გამოქვეყნებული წერილის ავტორები.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG