Accessibility links

logo-print

ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო მკვეთრ საჯარო უკმაყოფილებას იწვევს - განსაკუთრებით ევროპაში


აშშ-ის მოქალაქეებში მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია მილიონობით დოლარის გადახდამ კრიზისით მოცული იმ ბანკებისა და ფირმების მმართველებისთვის,

რომელთაც მანამდე სახელმწიფოსაგან ერგოთ ფული კრიზისის დასაძლევად. შოტლანდიაში ცეცხლი წაუკიდეს ერთ-ერთი საფინანსო ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის სახლსა და ავტომანქანას... კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება უკმაყოფილების საილუსტრაციოდ, რომელსაც ხალხში იწვევს გლობალური ეკონომიკური დაღმსავლა. ამასთან, უკმაყოფილებას განსაკუთრებით მკვეთრი ფორმით გამოხატავენ ევროპის ზოგ ქვეყანას თუ რეგიონში...

შოტლანდიაზე უკვე ითქვა. ბანკ Royal Bank of Scotland-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ფრედ გუდვინის წინააღმდეგ აგრესია, სავარაუდოდ, გამოიწვია ცნობამ, რომ მას წელიწადში მილიონდოლარიანი პენსია ერგო - მიუხედავად იმისა, რომ ის ხელმძღვანელობდა ბანკს წარუმატებელი საფინანსო ოპერაციების პერიოდში, როცა საქმე სახელმწიფოსგან დახმარების აუცილებლობამდე მივიდა. გუდვინი შინ არ იყო, როცა მის სახლსა და ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

საფრანგეთში, როგორც იქნა, გაანთავისუფლეს ერთ-ერთი ქარხნის მენეჯერი, ლუკ რუსელე, რომელმაც 24 საათზე მეტი დაჰყო ქარხნიდან დათხოვნილი მუშების ტყვეობაში... მისი ყოფილი ხელქვეითები პროტესტს გამოთქვამდნენ მეტისმეტად მცირე ანაზღაურების გამო. რუსელე დღეს გამოუშვეს პროფკავშირის ლიდერებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკების შედეგად. როგორც პროფკავშირი ირწმუნება, კომპანიისაგან მიღებული აქვს დაპირება, რომ მის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ.

საფრანგეთშივე გასულ კვირაში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა საყოველთაო გაფიცვაში, სამუშაო ადგილების დაკარგვის გასაპროტესტებლად. ეს აქცია მშვიდობიანი იყო, მაგრამ შიშობენ (და შეშფოთების საფუძველს ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიც იძლევა), რომ პროტესტი სულ უფრო აგრესიულ ფორმას მიიღებს - თუნდაც 6 აპრილს ლონდონში, სადაც ეკონომიკურად წამყვანი 20 სახელმწიფოს, ანუ “ოცეულის” ლიდერები შეიკრიბებიან. ბრიტანეთის პოლიციამ უკვე ურჩია ლონდონის ცენტრში მდებარე საფინანსო ინსტიტუტებს უშიშროების გაძლიერებულ ზომებზე ზრუნვა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დევიდ მილიბენდის განცხადებით, “ოცეულის” ამოცანებს შორისაა, შეიმუშავოს გეგმა, მიმართული გლობალური ეკონომიკური კრიზისის თანმდევი სოციალური პრობლემების წინააღმდეგ.

[მილიბენდის ხმა] “ამოცანაა ლიდერების შეკრება, რათა შევიმუშავოთ სისტემური პასუხი, შესაბამისი ისეთი მასშტაბის ეკონომიკური კრიზისისა, რომლის წინაშეც ვდგავართ. საქმე ეხება არა მარტო საფინანსო კრიზისის შესაბამის ზომებს”.

შეკრება და მოლაპარაკება მართლაც აუცილებელი ჩანს, რადგან საფინანო-ეკონომიკურ კრიზისთან ბძროლის გზები უთანხმოებას იწვევს. ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და ეკონომისტების ნაწილს არასაკმარისად მიაჩნიათ მასტიმულირებელი ზომები, რომელთაც ევროკავშირში მიმართავენ ეკონომიკური დაღმასვლის წინააღმდეგ. ევროკავშირის ზოგი ოფიციალური წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ პირიქით, აშშ მიმართავს ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელ ზომებს.

ალბათ, მეხსიერებაში დარჩება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მირეკ ტოპოლანეკის გუშინდელი განცხადება: აშშ-ის გეგმა “ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა” არისო.

[ტოპოლანეკის ხმა] “პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ტიმოთი გეიტნერის - აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სიტყვებმა პერმანენტული აქციის შესახებ ძალიან შეაშფოთა ევროპის საბჭო. ამერიკა არა მარტო იმეორებს გასული საუკუნის 30-ანი წლების შეცდომებს - იგულისხმება მცოცავი მასტიმულირებელი ზომები, პროტექციონიზმისაკენ მოწოდების ტენდენცია, კამპანია “იყიდე ამერიკული საქონელი” და ა.შ... ყველა ეს ნაბიჯი და მათი კომბინაცია და - რაც უარესია - მათთვის პერმანენტული სახის მიცემის ინიციატივა არის გზა, რომელიც ჯოჯოხეთისაკენ მიდის. კარგი იქნება ჩავიხედოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომელთაც, როგორც ჩანს, მტვერი დაედო. ევროპის საბჭოს საგაზაფხულო შეკრების უდიდეს წარმატებად მიმაჩნია ამ გზისა და ამ არაშორსმჭვრეტელი მიდგომის მკაფიო უარყოფა”.

ტოპოლანეკის გამოსვლის ამ ნაწყვეტის შემდეგ კიდევ ერთი-ორი გამონათქვამი, რომელიც ალბათ, დიდხანს არ დაავიწყდებათ... ყოველ შემთხვევაში იმათ, ვინც ეკონომიკური კრიზისისით დაზარალდა.

იტალიის პერმიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, უმუშევრობის მკვეთრი მატების ფონზე, სამსახურის გარეშე დარჩენილ იტალიელებს მოუწოდა “მიდით, რამე საქმე მაინც იპოვეთო”.

არანაკლებ ზოგად შეგონებას დასჯერდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, როცა თანამემამულეებს ურჩია, “ტრადიციულ ფასეულობებს დავუბრუნდეთო”. ფრანგები ახლა ხუმრობენ, ხომ არ უნდა სარკოზის რევოლუციული ფასეულობები გაგვახსენოსო...

განწყობა შესაბამისია. წუხელ პარიზში ასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი უმუშევრობის გამო. საპროტესტო მარშის შემდეგ საბურავები დაწვეს სარკოზის რეზიდენციის მახლობლად.
XS
SM
MD
LG