Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ჩეჩნეთში ომის დასრულებაზე ალაპარაკდა


ბოლო დღეებში მოსკოვსა და გროზნოში მაღალი რანგის ჩინოვნიკების არაერთი მინიშნებით, კრემლი ემზადება იმისათვის, რომ დაასრულოს ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაცია,

რომელიც აგერ უკვე 10 წელია მიმდინარეობს. მართლაც აპირებს თუ არა რუსეთი 10 წლიან კონფლიქტში გამარჯვება გამოაცხადოს?

რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ დადგა დრო, როდესაც რუსეთმა უნდა დაასრულოს სეპარატისტულ რეგიონში ამბოხებულთა წინააღმდეგ 1999 წელს დაწყებული ომი.

გრიზლოვის კომენტარს ერთი დღით უსწრებდა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ლიდერის, რამზან კადიროვის, განცხადება. მან თქვა, რომ მარტის ბოლომდე კრემლში ხელმოწერილი იქნება ბრძანება ”ანტიტერორისტული ოპერაციის” დასრულების შესახებ. ოფიციალურად მოსკოვი ასე უწოდებს ჩეჩნეთში 10 წლის მანძილზე მიმდინარე ომს.

(კადიროვი)
”შეიძლება მტკიცედ ითქვას, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ექსტრემიზმთან,
რელიგიურ ექსტრემიზმთან, ტერორიზმთან ბრძოლაში. რაც შეეხება ფესვებს, მათ დარჩათ ფესვები. ისევ არიან ბანდიტების წრეები, რომლებიც დარბიან. ისინი ხან მეზობელ სუბიექტებში არიან, ხან ჩვენთან გამოჩნდებიან, მაგრამ მათ არაფერი შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენთან, რესპუბლიკაში, მიმდინარეობს აღდგენითი პროცესი. ვაშენებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას რესპუბლიკაში. ისინი კი ხალხმა უკვე დაივიწყა. აი, ყველაზე მთავარი სწორედ ის არის, რომ ხალხმა ისინი დაივიწყა და მათ მხოლოდ გმობენ.”

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვმა ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა უფრო ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტა, რადგან რუსეთის ეკონომიკა ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

რადიო ”თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მსგავსი აზრი გამოთქვა მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტმა ალექსეი მალაშენკომ:

(მალაშენკო)
”ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ფულადმა პრობლემებმა. იმიტომ რომ ასეთი დამთხვევა არ არსებობს. უცებ კრიზისი, უცებ მსჯელობენ შეიარაღებული ძალების დაფინანსებაზე და, აი, ასეთი ეკონომია. ვფიქრობ, რომ რაც მოხდა, ამას აქვს ობიექტური მიზეზები. და ყველაზე საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.”

მანამდე 3 წლით ადრე რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკაში კვლავაც მოქმედებს უამრავი შეზღუდვა და იქ დღემდე რჩება რუსეთის არმიის 50 ათასი ჯარისკაცი.

სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება, რომ, შესაძლოა, მოსკოვმა ჩეჩნეთში დისლოცირებული ჯარების რაოდენობა 20 ათასით შეამციროს და გააუქმოს აქამდე არსებული სამხედრო მდგომარეობა.

ანალიტიკოსები იმასაც ვარაუდობენ, რომ ჯარების გაყვანა კადიროვმა შეიძლება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს და კიდევ უფრო გახშირდეს ადამიანის უფლებათა დარღვევები, რაშიც კადიროვს დიდი ხანია ადანაშაულებენ.

ზოგი კი ირწმუნება, რომ ჩეჩნეთში ვითარება თანდათან სტაბილური ხდება და რესპუბლიკა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, გროზნოდან მოსკოვში დაბრუნებულ ჟურნალისტს ივან სუხოვს.

მოსკოველი ანალიტიკოსი რუსლან მარტაგოვი კი, რომელიც 1990-იან წლებში მოსკოვში ჩეჩნეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ რუსეთის ჯარების გაყვანა ვერ დაასრულებს კონფლიქტს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში.

(მარტაგოვი)
”იქ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ამ შემთხვევაში ამბოხებულები დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას, რომელიც ხალხმა აირჩია და მას პატივს სცემს. დღეს ისინი იმ ხელისუფლებას ებრძვიან, რომელიც კრემლმა დანიშნა და მათ აქვთ ამ ბრძოლის მორალური უფლება.”

ანალიტიკოსების გარდა, თავად ჩეჩენი ამბოხებულებიც ირწმუნებიან, რომ, რუსეთის ჯარების გაყვანის მიუხედავად, ბრძოლას მაინც გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG