Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში მმართველი პარტიის მხარდამჭერი იკლებს


ეროდოანი საარჩევნო ურნასთან
ეროდოანი საარჩევნო ურნასთან
თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი ხელმძღვანელობს, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა. თუმცა, წინა არჩევნების შედეგებთან შედარებით, მმართველი პარტიის რეიტინგი აშკარად გაუარესებულია. თურქეთის მასშტაბით კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნების მიხედვით, სამართლიანობის პარტია მხოლოდ ხმათა 39 პროცენტს აგროვებს, მაშინ როცა 2007 წლის ცენტრალურ არჩევნებში ერდოანის პარტიას მხარი მოსახლეობის 47 პროცენტმა დაუჭირა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი არ მალავს, რომ განაწყენებულია მმართველი პარტიის საარჩევნო შედეგით, რაც საგანგებო შესწავლის საგანი გახდება. თუმცა მიმომხილველები პოპულარობის კლების მიზეზებზე უკვე საუბრობენ.

პირველი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისია. თურქეთში უმუშევრობა სწრაფად იზრდება და უკვე თითქმის 14 პროცენტს აღწევს. წარმოების ტემპიც კატასტროფულად დაეცა და იანვარში 21 პროცენტზე მეტი შეადგინა. ცხადია, კლებულობს მთლიანი შიდაპროდუქტის ხვედრითი წილი. თურქი ანალიტიკოსის მურატ იეტქინის თქმით, ერდოანის მთავრობას, პირველ რიგში, ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა მოუწევს:

[იეტქინი] ” თურქმა ამომრჩეველმა ძალიან ცხადი სიგნალი გაუგზავნა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიას, რომ გადასინჯული იქნეს მისი პოლიტიკა. საარჩევნო კამპანიასთან ერთად, მათ განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური მიდგომა უნდა შეცვალონ, რადგან პრემიერ-მინისტრი ერდოანი უგულებელყოფდა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და ამბობდა, რომ იგი გვერდს აუვლიდა თურქეთს და არ აისახებოდა თურქეთის ეკონომიკასა და თურქეთის მოსახლეობაზე. ეს ნიშნავს, რომ მან ვერ შეძლო დაერწმუნებინა თურქეთის ამომრჩეველი.”

თურქეთში კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ხმათა 39 პროცენტი დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილი, 23 პროცენტით, წილად ხვდა მემარცხენე ცენტრისტულ სახალხო რესპუბლიკურ პარტიას. მესამე ადგილზე კი მემარჯვენე ნაციონალისტები გავიდნენ, 16 პროცენტიანი მაჩვენებლით. ამ ორივე პარტიამ გაიმარჯვა ეთნიკური ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში, რაც ასევე მმართველი პარტიის არაპოპულარულ ეკონომიკურ პოლიტიკას მიეწერება.

თუმცა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის რეიტინგი პოლიტიკურმა სკანდალებმაც შეარყია.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 8 პროცენტი დაკარგა, თურქეთის წამყვანი პარტიის ისლამისტური ორიენტაციაა. გასული წლის განმავლობაში თურქეთის მართლმსაჯელებას ცოტა დააკლდა, რომ აეკრძალა მმართველი პარტიის შემდგომი მოღვაწეობა, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, საფრთხეს უქმნიდა სეკულარიზმის ტრადიციას. ამას მოჰყვა შეთქმულების გამოაშკარავება მთავრობის წინააღმდეგ, რაშიც, ბრალდების მტკიცებით, თურქი გენერლები, პოლიტიკოსები, აკადემიკოსები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ამ ყველაფერმა დასცა თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პოპულარობა, თუმცა პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი მომავალ სამთავრობო ცვლილებებს არ უკავშირებს არჩევნების შედეგებს:

( ერდოანი) ”კაბინეტის შიგნით გადაადგილებები შესაძლებელია, თუმცა ეს აუცილებლად არჩევნების შედეგს არ უკავშირდება. თქვენ კაბინეტის ცვლილებები შეიძლება მოახდინოთ არჩევნების გამო, მაგრამ ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ ცვლილებები ისე, რომ მას არ ჰქონდეს კავშირი არჩევნებთან.”


ადგილობრივი არჩევნები თურქეთში სერიოზული ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა. არჩევნების დროს ექვსზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG