Accessibility links

logo-print

ინიციატივა: სახელმწიფო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად


9 აპრილის საპროტესტო აქციამდე დარჩენილ ათიოდე დღეს პოლიტიკური პარტიები საკუთარი გეგმების შესაბამისი აქტივობით წარმართავენ.

მათ რიგშია საპარლამენტო ოპოზიციური ქრისტიან–დემოკრატიული პარტიაც, რომლის წევრები 9 აპრილს ხალხმრავალი აქციის მონაწილეებისა და არა ორგანიზატორების რიგებში გამოჩნდებიან. დემოკრატიზაციის პროცესისათვის სარგებლის გამოტანა უკიდურესი კონფრონტაციიდანაც კი შეიძლება, – ამბობს ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.


დიალოგი, როგორც მოსალოდნელი საფრთხის ალტერნატივა, ქრისტიან-დემოკრატების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი თემა იყო. ამ შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივაც სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ.
ჩიხური დისკურსიდან დიალოგის დისკურსისკენ სვლა გაჭირდება საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების მედიაციის გარეშე, ითქვა შეხვედრაზე, რომლის მონაწილეებსაც, ექსპერტთა ჯგუფებთან, საზოგადო მოღვაწეებსა და ეკლესიასთან ერთად, ამ კომისიაში არამარტო შუამავლების ფუნქცია უნდა დაეკისროთ. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მხარეთა შორის დისკუსიის თემა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს:

[გიორგი თარგამაძის ხმა]“დავიწყებთ სერიოზულ ფიქრს, განსჯას და გადაწყვეტილებების მიღებას, ფაქტობრივად, ახალი ქართული კონსტიტუციის მოსამზადებლად, რომელიც, მთლიანობაში, შეცვლის იმ ტიპის პოლიტიკურ სისტემას, როცა ერთი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელშია შესაძლებელი ხელისუფლების უზურპაცია და მონოპოლიზება, რომ არ მივიდეთ ხოლმე გარკვეული პერიოდების შემდეგ მუდმივად ასეთ რთულ სიტუაციამდე. მე მიმაჩნია, რომ, მიუხედავად ნებისმიერი პერსპექტივისა, 9 აპრილის აქციის ამ თემაზე საუბრის დაწყება საჭიროცაა, თუ უკვე დაგვიანებული არაა, და აუცილებელიც.”(სტილი დაცულია)

ქრისტიან-დემოკრატებისათვის სახელმწიფო მოწყობის იდეალურ ფორმას კონსტიტუციური მონარქია წარმოადგენს, - ამბობს გიორგი თარგამაძე და აზუსტებს, რომ ამ იდეის ხორცშესხმისათვის სვლა ჯერ მხოლოდ ნაბიჯ–ნაბიჯაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ისინი საპარლამენტო მართვის სისტემას ლობირებენ. საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მოდელზე კი, როგორც კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებაზე, ქრისტიან დემოკრატთა ლიდერმა ამ ორიოდე კვირის წინ ქართველ ტრადიციონალისტთა ლიდერთან ერთად განაცხადა. ინიციატივას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე უშვებს, მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ დიალოგის საგანი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცისა და პარლამენტის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ. სახელმწიფო მოწყობის ცალკეული მოდელების დემონსტრირების დრო და ადგილი საქართველოში ამ ეტაპზე არ არის. საჭიროა სახელმწიფო სისტემის რადიკალურ და ძირეულ ცვლილებებზე საფუძვლიანი დიალოგის დაწყება. ასეთია ეროვნულ-დემოკრატების აზრი, რომლითაც ამ დღეებში მათ პირადად საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართეს. ნაწყვეტი მიმართვიდან: “პირველ რიგში, უნდა შეწყდეს იმის დეკლარირება, რომ 2013 წლამდე თქვენი სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება. ასეთი მიდგომა სათავეშივე კლავს დიალოგის სურვილს. პირადად თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შექმნათ საკონსტიტუციო კომისია ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი წარმომადგენლობით, რომელიც დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთში შეიმუშავებს კონსტიტუციის ახალ რედაქციას.” (სტილი დაცულია)

[ბაჩუკი ქარდავას ხმა]“ ჩვენ არ ვაყენებთ კონკრეტულად ჯერჯერობით თუ რა მუხლები უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ უნდა მოხდეს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნა, რომელიც რეფერენდუმით უნდა დაამტკიცოს საქართველოს მოსახლეობამ, იმიტომ რომ მერე უკვე რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია მოვა ხელისუფლებაში, მისი სურვილისდა მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს კონსტიტუცია.“(სტილი დაცულია)

ამბობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც უცხოელ დიპლომატებს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის საშუალებებზე საკუთარი პარტიის შეხედულებები 30 მარტს ქრისტიან–დემოკრატებთან ერთად გააცნო. ქრისტიან–დემოკრატებისა და ეროვნულ–დემოკრატების ინიციატივებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ გაგებით შეხვდნენ დიპლომატები, რომელთა უმთავრესი რეკომენდაცია 9 აპრილის აქციის მშვიდობიანად, ესკალაციის გარეშე გამართვაა. ჩეხეთის ელჩს საქართველოში ივან ესტრაბის მოუსმინეთ.

[ივან ესტრაბის ხმა]“ ჩვენ, რასაკვირველია, ინფორმირებულნი ვართ, რომ აქციაზე ძალადობის პროვოცირებაც შესაძლებელია. ვცდილობთ ყველა პოლიტიკური პარტია დავარწმუნოთ, თავი აარიდონ არადემოკრატიულ მეთოდებს. ყველას ზომიერებისაკენ მოვუწოდებთ. საქართველოს საზოგადოება საკმარისად დემოკრატიულია საიმისოდ, რომ ძალადობის გარეშეც გამოხატოს თავისი პოზიცია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება ყველა პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დადგება.“

ფიქრობს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ივან ესტრაბი. პარლამენტში მიწვეულ დიპლომატებს კი ქრისტიან-დემოკრატებმა 9 აპრილის აქციის მოსალოდნელი საფრთხეები 4 ძირითად პუნქტად ჩამოუყალიბეს: აქციის ორგანიზატორთა მიერ რადიკალურ მომიტინგეთა კონტროლის არასათანადო ხარისხი, ორგანიზატორთა აგრესიული ჯგუფების მორალურ მძევლებად ქცევის შესაძლებლობა, ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების მიზნით კონფრონტაციის ხელოვნურად შექმნა და, ბოლოს, სიტუაციის პროვოცირება რუსული ფაქტორის მეშვეობით, ესკალაცია კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე.
XS
SM
MD
LG