Accessibility links

logo-print

9 აპრილის აქციების მოსამზადებელი ტალღა რეგიონებში


ოპოზიციური პარტიის ლიდერები 9 აპრილამდე საქართველოს ხუთი ქალაქის - თელავის, გორის, ზუგდიდის, ბათუმისა და ქუთაისის - მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავენ.

ოპოზიციის რეგიონალურმა ვოიაჟმა 30 მარტს თელავიდან აიღო სტარტი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი აქციები არა მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე, არამედ მთელ საქართველოში - განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში - უნდა გაიმართოს.

[კახა კუკავა] ”3 აპრილს იქნება შეხვედრები ქუთაისსა და ბათუმში, 4 აპრილს იქნება ზუგდიდში და 7 აპრილს იქნება გორში.”

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა, ოპოზიციის უახლოესი დღეების გეგმაზე გვესაუბრება. რეგიონებში შეხვედრები ოპოზიციამ 30 მარტს ქალაქ თელავიდან დაიწყო. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი კახეთშიც და საქართველოს სხვა კუთხეებშიც 9 აპრილის აქციებისათვის მომზადებაა. რადგან ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით ხალხს 9 აპრილისათვის დედაქალაქში ჩასვლას აუკრძალავს, აქციები მთელ საქართველოში გაიშლება, ხოლო აქციების დაგეგმვას რეგიონალური საორგანიზაციო შტაბები მოჰკიდებენ ხელს:

[კახა კუკავა] ”შეხვედრები იქნება ადგილობრივ საზოგადოებასთან, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება რეგიონალური საორგანიზაციო შტაბები, რომლებიც ადგილებზე უზრუნველყოფენ საპროტესტო აქციების წარმართვას 9 აპრილს და ადგილებზე შეიქმნება საპროტესტო კერები.”(სტილი დაცულია)

კახა კუკავა ამბობს, რომ აქციები მოეწყობა ყველგან, სადაც კი ამის საჭიროება იქნება - ყველგან, სადაც საქართველოა:

[ კუკავა] ”ჩვენ ვგეგმავთ, რომ რამდენიმე ადგილას იქნება ძალიან სერიოზული პროტესტი. ჯერ არ ვაკონკრეტებთ, ეს პროტესტი რა სახეს მიიღებს, მაგრამ როცა, მაგალითად, სააკაშვილი გეგმავს ბობოყვათში გადასახლებას, მან უნდა იცოდეს, რომ იქ გაქცევას აზრი არა აქვს, რადგან იქ იმაზე დიდ მიტინგს მოვუწყობთ, ვიდრე თბილისშია დაგეგმილი. გაქცევა თუ უნდა, გაიქცეს საქართველოს გარეთ. იქ აქციების გამართვას ნამდვილად არ ვაპირებთ.”(სტილი დაცულია)

მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ეკა ბესელია, რომელიც ასევე გაემგზავრა თელავში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის გადადგომა არ არის მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობის გადასაწყვეტი მოთხოვნა:

[ეკა ბესელია] ”მოთხოვნა - სააკაშვილის გადადგომა და ხელისუფლების შეცვლა, ეს არ არის მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობის გადასაწყვეტი და მასში მონაწილეობაც ამიტომ უნდა მიიღოს ხალხმა რეგიონებიდან. ამიტომაა აუცილებელი, რომ მთელ საქართველოში ჩვენს მხარდამჭერებს შევხვდეთ.”

9 აპრილის აქციის კიდევ ერთ ორგანიზატორს, კონსერვატიული პარტიის ლიდერს ზვიად ძიძიგურს, კარგად ესმის, რომ ხალხის მხარდაჭერის გარეშე ოპოზიციის მიზანი, მოეწყოს ხალხმრავალი აქცია, ვერ მიიღწევა:

[ზვიად ძიძიგური] ”ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერაფერს გააკეთებს, თუ მას ხალხის მხარდაჭერა არ ექნა. ამიტომ სწორედ ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმაა, რომ ჩავდივართ რეგიონებში, ვხვდებით ხალხს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ერთად შევცვალოთ ეს ქვეყანა.”(სტილი დაცულია)

ნატა ბოტკოველი თელაველია. ის მარტოხელა დედაა, ვარდების რევოლუციის შემდეგ უმუშევარი. თელავის კულტურის სახლში ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე იმ იმედით არის მისული, რომ ქვეყანაში რამე შეიცვლება. ხელისუფლების კრიტიკის ბევრი მიზეზი აქვს:

[ნატა ბოტკოველი] ”ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ჩემთვის ყველაფერი ჩაკვდა. მარტო ჩემთვის კი არა, ჩემს გარშემო ვინც არის, მათთვისაც. მე მარტოხელა დედა ვარ, უმუშევარი, ჩემთვის აღარაფერი არსებობს. ვარდების რევოლუცია თუ სხვებისთვის მოვიდა, მე რა დავაშავე, ამ ქვეყნის შვილი არ ვარ?
სულ ვმუშაობდი 1985 წლიდან და სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ გამათავისუფლეს. შეიძლება ასე ხელი ჰკრა ადამიანს იმის გამო, რომ ის 40 წლისაა?”(სტილი დაცულია)

ნატა გვეუბნება, რომ 9 აპრილის აქციაზე თბილისში ჩასვლის მოსურნე ბევრია, მაგრამ სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლებზე უკვე დიდი ხანია მუშაობს ხელისუფლება, რომ აქციის დღეებში დედაქალაქისაკენ არ იმოძრაონ. თუმცა ნატა ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, თბილისში ფეხით ჩავა:

[ნატა ბოტკოველი] ”მარტო რომ მომიწიოს დადგომა აქციაზე, მარტო დავდგები. თუ თბილისში იქნა, თბილისში, თუ თელავში - აქ დავდგები. თუ არ გაგვიშვებენ, ფეხით ჩავალ თბილისში. ჩვენი წინაპრები ფეხით დადიოდნენ და არც ეხლა იქნება პრობლემა, რომ ფეხით დავადგეთ გზას.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება ხალხის იმ ნაწილის განწყობას, ვინც ოპოზიციასთან შეხვედრაზე არ მივა, ნატა ბოტკოველი გვეუბნება, რომ მის ირგვლივ არიან ადამიანები, ვისაც, უბრალოდ, ეშინია საკუთარი აზრი ღიად გამოხატოს:

[ნატა ბოტკოველი] ”ხალხში არის შიში. მოდით, სიმართლე ვთქვათ. ზოგი მუშაობს და იმ ერთ-ორ კაპიკს ეჭიდება და მე იმ ადამიანებს ვერ ვამტყუნებ. იციან, რომ მუქარა იქნება: აქ რომ მოვიდნენ, გაუთავისუფლებენ იმ ახლობელს თუ ოჯახის წევრს სამსახურიდან და თავს იკავებენ, თორემ შინაგანი განწყობა ყველას ერთი აქვს, რომ შეიცვალოს საქართველოში არსებული მდგომარეობა და ჩვენი ყოფა.” (სტილი დაცულია)

სანამ 9 აპრილის აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და ფართომასშტაბიანი აქციებისათვის ადგილებზე ემზადებიან, კიდევ ერთი ოპოზიციური გაერთიანება, ”ალიანსი საქართველოსთვის”, 31 მარტს prezident saakaSvilis gadagomis sakiTxze qveyanaSi mimdinare plebiscitis pirveladi Sedegebის გამოქვეყნებას გეგმავს. რეგიონებში ხალხის გამოკითხვა ბოლო ორი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.



XS
SM
MD
LG