Accessibility links

გაზპრომი აზერბაიჯანის გაზს შეიძენს


გაზსადენი

გაზსადენი

წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები გაზპრომის მიერ აზერბაიჯანის გაზის შესყიდვის თაობაზე.

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რუსეთი ცდილობს ენერგეტიკული რესურსების დაუფლებით სულ უფრო მეტი გავლენა მოიპოვოს პოსტსაბჭოტა სივრცეში. ცენტრალური აზიის გაზის მარაგების დიდი უმეტესობის შესყიდვის შემდეგ დიდი ხანია მოსკოვს თვალი აზერბაიჯანის ბუნებრივ აირზე უჭირავს.

ამ კვირაში მოსკოვში გაზპრომის ოფისში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია ”სოკარის” პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის ვიზიტის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, რუსეთის გაზის ალტერნატიული პროექტი ნაბუკო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. მოსკოვში გაზპრომის პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს განზრახულებათა შესახებ. მემორანდუმის მიხედვით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები რუსეთის მიერ აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის შესახებ. გაზპრომის ოფიციალურ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი გაზის მოცულობაზე. რუსეთში გაზის მიწოდება 2010 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს და მხარეები იმაზეც შეტანხმდნენ რომ ერთობლივად მოაწესრიგებენ 200 კილომეტრიან გაზსადენს, რომელიც აზერბაიჯანს დარესტანთან აკავშირებს. სწორედ დაღესტანი იქნება ბაქოს გაზის მომხმარებელი.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრების კვლევის ცენტრის დირექტორის ტატიანა მიტროვას მოსაზრება, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვში გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ ნაბუკოს პროექტი დიდი ალბათობით აზერბაიჯანის გაზის გარეშე დარჩება.

ნაბუკოს პროექტი
მის მოსაზრებას ეთანხმება ეკონომიკის აზერბაიჯანელი ექსპერტი ნატიგ ჯაფარლი.

”აზერბაიჯანმა გააკეთა თავისი არჩევანი რუსეთთან მიღწეული შეთანხმებით. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანმა უარი განაცხადა ნაბუკოზე, გაზის მიწოდების თვალსაზრისით.”

თუმცა კი აზერბაიჯანის ტელევიზიიტ გამოსვლისას სოკარის პრეზიდენტმა აბდულაევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია ნაბუკოს პროექტით და რომ ამ პროექტის მონაწილეებთან მოლაპარაკებები კვლავაც მიმდინარეობს. რუსეთის ალტერნატიული მარშუტების განვიტარება რომ აზერბაიჯანის ინტერესებში კვლავაც რჩება ამას ადასტურებს აზერბაიჯანელი ექსპერტი, ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი საბიტ ბაგიროვი.

”ვფიქრობ რომ ეს უბრალოდ რუსეთის მცდელობაა ამ მეთოდითაც შეიტანოს მორიგი გაურკვევლობა დასავლელ ინვესტორებს შორის და შეიძლება დათესოს უნდობლობა ნაბუკოს პროექტის მიმართ მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია. და ვფიქრობ რამდენიმე ხნის შემდეგ ყველა ისევ გაიგებს რომ აზერბაიჯანი კვლავაც დაინტერესებულია ნაბუკოს პროექტით და დარწმუნებული ვარ რომ აზერბაიჯანი ამ მილსადენს გარკვეულ რაოდენობას მიაწვდის.”

აქვე ავღნიშნავ, რომ სულ ახლახანს ბუდაპეშტში გამართული სამიტის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირწმუნებოდა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ნაბუკოსათვის საჭირო გაზი გამოჰყოს. იგი არ ფარავს რომ სისხორცეულადაა დაინტერესებული დასავლეთის მარშრუტებსი განვითარებით. შესაბამისად ბევრი ექსპერტი გაზპრომთან გაფორმებულ მემორანდუმს გაზის მცირე მოცულობის მიწოდების შესახებ მოკლევადიან შეთანხმებას უწოდებს. ნაბუკოს მილსადენის შევსება მხოლოდ 2014 წლიდან იგეგმება. რუსეთში კი აზერბაიჯანის გაზის რესურსების ნაწილის ტრანსპორტირება დაღესტანის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად 2010 წლიდან დაიწყება. საბიტ ბაგიროვის კომენტარი:

რუსეთის მთავრობამ, გაზპრომმა, მშვენივრად იცის, რომ აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის ხელისუფლება არ არის დაინტერესებული და არ შეუძლია შახდენიზის მთელი გაზი რუსეთის მიმართულებით გაყიდოს. ნაწილი შეიძლება, და ეს ნაწილი უმნიშვნელოა. ექსპერტების შეფასებით ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. ესეიგი ეს არ არის დიდი მოცულობა. აზერბაიჯანი დაინტერესებულია გასაღების ბაზრის დივერსიფიკაციით.”

”ნაბუკოს” პროექტი პირველი მცდელობაა კასპიის რეგიონის და ცენტრალური აზიის ენერგეტიკული რესურსები აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მოხვდეს. ამ ინიციატივას სხვადასხვა მეთოდებით აქტიურად ეწინააღმდეგება მოსკოვი. პროექტის დაფინანსებაზე უარს ამბობდა გერმანიაც, მაგრამ ის ევროკავშირის სხვა წევრებმა კომპრომისზე დაიყოლიეს და ათიოდე დღის წინ გამართულ სამიტზე ევროკავშირმა გადაწყვიტა ნაბუკოს პროექტის პირველი ეტაპი 200 მილიონი ევროთი დააფინანსოს.
XS
SM
MD
LG