Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 31 მარტი 2009


დღევანდელი ”ალია”, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე მალე თანამდებობიდან გადადგება და გააკეთებს ”ხმაურიან განცხადებას იმ ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით, რასაც ახალაია ახორციელებს თავდაცვის სამინისტროში.” - პუბლიკაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ამ მოსალოდნელი სკანდალის შესახებ ხელისუფლებამ იცის და ცდილობს შეაჩეროს სიხარულიძე. იგივე პიროვნება ბოლოდროინდელ ინციდენტზეც ჰყვება: ”ახალაია შეუვარდა სიხარულიძეს, ლამის თავზე დაახია ”მინისტრის ხედვა” და თავისთვის ყოფნა ”ურჩია”. აქაოდა, აქ უფროსი მე ვარო”. - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ვარაუდით, თუკი სიხარულიძე ვერ გააჩუმეს და გადადგომის შესახებ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, ის თუოდ თავის მეგობართან - ირაკლი ალასანიასთან გადავა. ”ალიამ” ინფორმაციის თავდაცვის სამინისტროში სხვა წყაროსთან გადამოწმება ვერ მოახერხა. ამავე გაზეთს თავდაცვის სამინისტროში არსებულ ვითარებაზე გოგა ხაინდრავა ესაუბრება: ”გეტყვით, რომ თავდაცვაში განწყობები არის აბსოლუტურად საპირისპირო. ჯარის ყაზარმიდან გამოყვანა ერთია და მეორეა, საით შებრუნდება ეს ჯარი”, - ამბობს ხაინდრავა.

”ჯარი მიშას ხელში აღარ არის. გამოეცალა”, - ამბობს ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და განაგრძობს: ”ჯარი არ გაჰყვება ახალაიას. ნახეთ, რა განწყობა არის ჯარში ახალაიას მიმართ. ქართული ჯარი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალაიას ბრძანებით არ გამოვა. მე ამაში არ ვცდები”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 9 აპრილის მიტინგზე ბევრი ხალხი გამოვა.

”რეზონანსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ ”რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო თათბირი ჩატარდა, სადაც პოლიციის ის თანამშრომლები იყვნენ მიწვეული, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. მათ ნაწილს, რომელსაც მსხვილი კრედიტები აქვს აღებული, სამინისტრო 9 აპრილამდე კრედიტების დაფარვას დაჰპირდა”, - წერს ”რეზონანსი”, რომლის ამ ინფორმაციას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

”როგორ აპირებს ხესლისუფლება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას?” - ეკითხება ჟურნალისტი უმრავლესობის წევრ გიორგი ასანიძეს, რომელთან ინტერვიუც ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება. ”ჩვენ ყველა მშვიდობიან მსვლელობას მივესალმებით. კი ბატონო, გამოხატონ პროტესტი, უთხრან ხელისუფლებას პრობლემების შესახებ და ჩვენ მათ მოგვარებაზე ვიზრუნებთ. მაგრამ, თავის მხრივ, თავად საზოგადოებამ არჩეულ ხელისუფლებას პატივი უნდა სცეს. აქედან გამომდინარე, თუ აპრილის აქციების დროს ეს გათვალისწინებული არ იქნება და მდგომარეობა კონტროლიდან გამოვა, მაშინ სახელმწიფო საკუთარ ინტერესებს დაიცავს”, - ამბობს უმრავლესობის წევრი გიორგი ასანიძე.

”24 საათის” ავტორი წერს: ”დღესაც კი, 9 აპრილის საპროტესტო აქციამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ოპოზიციას ერთადერთი სათქმელი აქვს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ასე გაახმოვანა: ჯერ სააკაშვილი გადავაგდოთ და მერე ჩვენ ყველაფერზე მოვრიგდებით. ძნელია ასეთ დროს, მაგალითად, ერთი ძალიან მარტივი კითხვა არ დასვა: ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთმანეთზე მამასისხლად გადაკიდებული ქალბატონები ბურჯანაძე და ზურაბიშვილი როგორ მოახერხებენ საერთო ენის გამონახვას სააკაშვილის გადაგდების შემდეგ? მაგრამ ეს მაინც არ არის არსებითი კითხვა. გაცილებით არსებითია იმის ცოდნა, იგივე ქალბატონი ბურჯანაძე, რომელსაც რადიკალურ ოპოზიციაში ყოფნამაც კი ვერ დაათმობინა სახელმწიფოსგან ნაჩუქარი რამდენიმემილიონიანი აგარაკი, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში თავისი ხალხის რამდენად მზრუნველი მოამაგე იქნება”, - წერს ”24 საათის” ავტორი და ყველაზე მთავარ გამოცანად თვლის ამ ტიპის ოპოზიციის მიმართ საზოგადოების იმ ნაწილის უპირობო ნდობას, რომელსაც, ავტორის აზრით, კრიტიკული აზროვნების უნარი დაკარგული არ უნდა ჰქონდეს. ამ ნაწილს ”24 საათის” ავტორი ”ამბოხებულ” ელიტას უწოდებს და თვლის, რომ მათთვის მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვითარება ზოგადად გაუმჯობესდება თუ არა, არამედ რამდენად უკეთესი იქნება ვითარება მათთვის.
XS
SM
MD
LG