Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ პრემიერ-მინისტრობის ფიცს დებს


ახალი პრემიერ-მინისტრი არ აპირებს ტერიტორიების დათმობას
ახალი პრემიერ-მინისტრი არ აპირებს ტერიტორიების დათმობას
ბენიამინ ნეტანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრობის ფიცს დებს. ის სათავეში ჩაუდგება ძირითადად მემარჯვენე მიმართულების კაბინეტს, რომლის შემადგენლობაში შედიან ულტრანაციონალისტური ისრაელ ბეითენუ და ულტრარელიგიური შასის პარტია. ასევე მისი საკუთარი ლიკუდი და მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია. ხელისუფლებაში ახალი მთავრობის მოსვლას შეშფოთებით ადვენებენ თვალ-ყურს ისრაელის არაბი მეზობლები და მისი შორეული მოკავშირეები, ვინაიდან ნეტანიაჰუ ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას. თუმცა, მისი თქმით, კვლავაც აპირებს პალესტინის ხელისუფლებთან მოლაპარაკებას მშვიდობის თაობაზე.

ათწლეული პაუზის შემდეგ ბენიამინ ნეტანიაჰუ კვლავ ბრუნდება ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

ამ ათი წლის მანძილზე პალესტინელებთან მშვიდობის საკითხში მისი პოზიცია არ შეცვლილა და ის ძველებურად მკაცრი კურსის მომხრედ რჩება.

საგულისხმოა, რომ ის ღიად ეწინააღმდეგება ისრაელის მეზობლად პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. დამოკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ცენტრალური საკითხია და, პალესტინელთა თქმით, მის გარეშე შეუძლებელი იქნება საშვიდობო მოგვარება.

მაგრამ მშვიდობის სანაცვლოდ მიწის დათმობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კოალიციაში ნეტანიაჰუს პარტნიორები - ნაციონალისტური ისრაელი ბეითენუ, რომელსაც ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ხელმძღვანელობს, და ულტრა-ორთოდოქსი შასის პარტია. მათ ურჩევნიათ, დაშალონ კოალიცია, ვიდრე დათანხმდნენ ტერიტორიის რაიმე სახით დათმობას ანდა დასავლეთ ნაპირიდან ებრაული დასახლებების ცალმხრივი წესით გაყვანას.

თავად ნეტაიაჰუმ განაცხადა, რომ ყურადღებას დასავლეთ ნაპირზე ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისკენ უფრო მიმართავს, ვიდრე ტერიტორიულ საკითხებზე.

ამით ის ეწინააღმდეგება თავის მთავარ უცხოელ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს, ასევე ევროპის კავშირს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერთი კვირის წინ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს ვარიანტს.

რაც შეეხება ევროპის კავშირს, მისმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა, საერთაშორისო საკითხების კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ ამ თვეში განაცხადა, რომ კავშირი გადახედავს ისრაელისთვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას, თუკი ის მხარს არ დაუჭერს ორი სახელმწიფოს ვარიანტს.

თუმცა ნეტანიაჰუმ პირობა დადო, რომ სამშვიდობო მოგვარებაზე იმუშავებს. ფიცის დადების წინა დღეს მან განაცხადა, რომ ყოველ ღონეს იხმარს, რათა მიაღწიოს სამართლიან და სტაბილურ მშვიდობას ისრაელის არაბ მეზობლებთან და რეგიონში უფრო ფართო მასშტაბით.

მაგრამ სირიის პრეზიდენტმა ბაშირ ასადმა, რომლის ქვეყანას მეზობელ ისრაელთან მძიმე ურთიერთობები აქვს, ორშაბათს, არაბული ქვეყნების სამიტზე სკეპტიციზმი გამოხატა და თქვა, რომ ისრაელის ახალი მთავრობა მშვიდობის წინააღდმეგია.

მიმომხილველები შენიშნავენ, რომ, შესაძლოა, ნეტანიაჰუ უფრო პრაგმატული აღმოჩნდეს თანამდებობის დაკავების შემდეგ, ვიდრე ამაზე მისი იდეოლოგიური პოზიცია მიანიშნებს. მათი თქმით, ნეტანიაჰუმ 1996-99 წლებში პრემიერ-მინისტრობისას ბევრად უფრო მეტი მოქნილობა გამოიჩინა, ვიდრე მისი მოწინააღმდეგეები მოელოდნენ.

მთელ რიგ გადაწყვეტილებებს შორის იხსნებენ მის პირისპირ შეხვედრას პალესტინელთა ლიდერთან, იასირ არაფატთან და ქალაქ ჰებრონის ნაწილის პალესტინელთათვის გადაცემას.
XS
SM
MD
LG