Accessibility links

logo-print

სამეცნიერო კალეიდოსკოპი


ცარიელ აუზში წითელი ზღვის დანახვა შეიძლება

გერმანიის გამოყენებითი საინფორმაციო ტექნოლოგიების ფრაუნჰოფერის ინსიტუტის მკვლევრებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც ნამდვილი წყალქვეშა სამყაროს დანახვის საშუალებას იძლევა ცარიელ აუზში. როგორც Sciencedaily.com იტყობინება, დანადგარი შედგება ზურგჩანთისგან, რომელშიც მოთავსებულია პორტატიული კომპიუტერი, და სპეციალური ნიღაბი-დისპლეისგან. სენსორები ადგენენ მყვინთავის მხედველობის არეს და სივრცეში მის მდგომარეობას. კომპიუტერი კი ნიღბის შიდა ზედაპირზე აჩვენებს მარჯნისა და ეგზოტიკური თევზების გამოსახულებას. ამგვარად, ადამიანს შეუძლია წითელი ზღვა მოინახულოს უახლოეს აკვაპარკში. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გამოგონებას გამოიყენებენ არა მხოლოდ გასართობად, არამედ მყვინთავების საწვრთნელადაც.


ახალგაზრდა სპოტსმენების სიკვდილიანობა

გარეგნულად ჯანმრთელი, სპორტული ახალგაზრდა ადამიანის უეცარი სიკვდილი ყოველთვის საშინელი დარტყმაა მისი ახლობლებისთვის და საზოგადოების ყურადღებას იპყრობს. მკვლევართა ჯგუფმა დოქტორ ბარი მარონის ხელმძღვანელობით შეისწავლა 39 წლამდე ასაკის სპორტსმენების სიკვდილის შემთხვევები. ეს შემთხვევები 27 წლის განმავლობაში აღირიცხება “ათლეტებს შორის უეცარი სიკვდილის შეერთებული შტატების ეროვნულ რეგისტრში”. სულ გაანალიზდა 1866 შემთხვევა.

აღმოჩნდა, რომ სპორტსმენებს შორის უეცარი სიკვდილიანობის შემთხვევები მატულობს და ეს მატება წელიწადში 6 პროცენტს უდრის. სიკვდილიანობის შემთხვევათა ნახევარზე მეტი, 56%, მოდის გულის მუშაობის დარღვევაზე. დადგინდა, რომ სპორტსმენების სიკვდილის გამომწვევი დაავადება არის ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია. გარდაცვლილ სპორტსმენთაგან გულის დაავადება მხოლოდ 75 მათგანს დაუდგინეს სიცოცხლეშივე. მათგან ექვსი განაგრძობდა სპორტს მიუხედავად ექიმების მხრიდან აკრძალვისა. შესწავლილი შემთხვევების 22 პროცენტი მოდის თავისა და კისრის არეში მძიმე ბლაგვი ნივთის დატყმით სიკვდილზე. საქმე ძირითადად ეხებათ კალათბურთელებსა და ფეხბურთელებს. 3%-ს იმავე სახის დარტყმა გულის არეში მოხვდა. 10%-ის სიკვდილის მიზეზი ყოფილა თბური დარტყმები, დოპინგის გამოყენება, ასთმის შეტევა და ფილტვის ემბოლია. დანარჩენი შემთხვევები მოდის დაუდგენელი მიზეზით სიკვდილზე. ამ გამოკვლევის საფუძველზე ამერიკელი ექიმები ასკვნიან, რომ აუცილებელია სკრინინგის პროგრამების შემუშავება და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის საფუძველზე სპორტსმენების დისკვალიფიკაციის კრიტერიუმების შემოღება.


ცხელი ჩაი კიბოს იწვევს

თამბაქო და ალკოჰოლი, როგორც ცნობილია, ზრდის საყლაპავი მილის კიბოთი დაავადების რისკს. ახლახან ირანელმა მკვლევრებმა რისკის კიდევ ერთი ფაქტორი დაადგინეს. კიბოთი დაავადების რისკი საგრძნობლად მაღალია იმ ადამიანებში, ვინც ძალიან ცხელი ჩაის სმას არის მიჩვეული. მაგრამ ამის გამო ჩაისთვის თავის დანებება სულაც არ არის საჭირო. ექიმები გვირჩევენ, რომ ჩაის დაყენებიდან პირველ ყლუპამდე სულ ცოტა ოთხი წუთი მაინც მოვიცადოთ.

ჩაის მოყვარულთა უმრავლესობა მას 56-დან 60 გრადუსამდე სვამს. ჩრდილოეთ ირანის პროვინცია გოლესტანის მოსახლეობას ჩაის სმის სხვა ჩვევები აქვს. 48 ათასი ქალი და მამაკაცი დღეში სვამს ერთ ლიტრზე მეტ შავ ჩაის, რომლის ტემპერატურა 60 გრადუსზე მეტია, იტყობინებიან რეზა მალეკზადე თეირანის უნივერსიტეტიდან და მისი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები. ვინაიდან გოლესტანში ყელის კიბოთი დაავადება საშუალოზე ბევრად უფრო ხშირია, მეცნიერებმა ამ ორ მოვლენას შორის კავშირი ივარაუდეს. შეადარეს კიბოთი დაავადებული 300 პაციენტისა დ 571 ჯანსაღი ადამიანის ჩაის სმის ჩვევები. იმათთან შედარებით, ვინც თბილ ჩაის სვამს, კიბოთი დავაადების შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია 65-დან 69 გრადუსამდე ჩაის მოყვარულებს შორის. 70 გრადუსზე უფრო ცხელი ჩაის მსმელებს შორის რისკი რვაჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვინც ჩაის ადუღებიდან ორი წუთის შემდეგ სვამს, ნაცვლად სულ ცოტა ოთხი წუთი დაცდისა, ხუთჯერ უფრო მეტად იგდებს თავს ყელის კიბოთი დაავადების საფრთხეში. ამასთან, კიბოსთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა დღის მანძილზე დალეული ჩაის საერთო რაოდენობას.

თუ რა გზით ახდენს ძლიერი სიცხე კიბოს სტიმულირებას, ჯერჯერობით უცნობია. აქამდე ფიქრობდნენ, რომ ჩრდილოეთ ირანში ყელის კიბოთი დაავადების მაღალი მაჩვენებელი ცუდი კვებით, ცხოვრების დაბალი დონით და ოპიუმის გამოყენებით იყო განპირობებული. ექიმების აზრით, საჭიროა მოსახლეობის კარგად ინფორმირება, რათა სრულიად მარტივი გზით შეამცირონ დაავადების რისკი.
XS
SM
MD
LG