Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო: ცვლილებები და ისტორიის გაკვეთილები


ვაშინგტონი, 1949 წლის 4 აპრილი: ნატოს დაბადება
ვაშინგტონი, 1949 წლის 4 აპრილი: ნატოს დაბადება

სამოცი წლის განმავლობაში ნატო ქაღალდზე არსებული ხელშეკრულებიდან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ უსაფრთხოებისათვის მებრძოლ თავდაცვით სამხედრო ორგანიზაციად გადაიქცა.

მან გაუძლო შიდა დაპირისპირებას და ორივე მეტოქის - ვარშავის პაქტისა და საბჭოთა კავშირის - დაშლას მოესწრო. შემდგომში ნატო კიდევ უფრო განვითარდა და ორგანიზაციის უსაფრთხოების მისიამ მის ფარგლებს გარეთ არსებული ბალკანეთი და ავღანეთი მოიცვა.

ოფიციალურად ნატო 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონის ხელშეკრულებით დაარსდა. თუმცა მას ჰყავს წინამორბედი, 1948 წლის მარტში ხელმოწერილი ბრიუსელის შეთანხმებისა და მასზე დაფუძნებული დასავლეთ ევროპის კავშირის სახით. ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ასამბლეის პრეზიდენტმა რობერტ ვალტერმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ბრიუსელის შეთანხმების გარეშე ნატო ვერ ჩამოყალიბდებოდა:

”ბრიუსელის შეთანხმება, რომელმაც გააერთიანა ბენილუქსის ქვეყნები, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო იმ კავშირში, რომელმაც, როგორც ნატოს წინამორბედმა, მხოლოდ ერთი წელი იარსება, 61 წლის წინ დაიდო. ამაზე დავაფუძნეთ ჩვენ ვაშინგტონის 1949 წლის შეთანხმება, რომელსაც შემდგომ შეუერთდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. და აქედან იწყება ჩვენი ათვლის სათავე, ისევე როგორც ევროპის ევოლუცია მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვითარებაში,” თქვა ვალტერმა.
NATO 60th anniversary

ბრიუსელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი იყო, დაერწმუნებინა შეერთებული შტატები, ევროპულ ქვეყნებთან ერთად თავდაცვის ალიანსში გაერთიანებულიყო. ამ მიზნის მისაღწევად ევროპის 5 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსი გაფართოვდა ვაშინგტონის ხელშეკრულების შიგნით, რომელიც ასევე მოიცავდა კანადას, დანიას, ისლანდიას, იტალიას, პორტუგალიასა და შეერთებულ შტატებს.

1951 წელს ნატომ დააარსა SHAPE - ევროპის გაერიანებული სარდლობის უმაღლესი შტაბი. ალიანსმა პირველ უმაღლეს მთავარსარდლად ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი აირჩია. მომდევნო წელს ნატო პირველად გაფართოვდა სამხრეთ-აღმოსავლეთით და საკუთარ რიგებში თურქეთი და საბერძნეთი მიიღო.

1955 წელს, პარიზში ხელმოწერილი ხელშეკრულებით, ალიანსის წევრი გახდა დასავლეთ გერმანია, რასაც, რობერტ ვალერის თქმით, დასავლეთ ევროპის სიძლიერისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა:

”ალიანსში დასავლეთ გერმანიის გაწევრიანებას ძალინ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შედარებისათვის, ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ევროპული საზოგადოების, შემდგომში კი - ევროპის კავშირის, შექმნას.”

ნატოში გერმანიის მიღების საპასუხოდ, საბჭოთა კავშირმა დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის 1961 წელს ბერლინის გამყოფი კედელი ააგო. მთელი 40 წლის განმავლობაში ნატოსათვის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩებოდა ვარშავის ბლოკი და საბჭოთა კავშირი.
ბერლინის კედლის დანგრევა იმ დროს აღიქმებოდა როგორც ნატოს დასასრული


თუმცა არც ვაშინგტონი და არც ევროპა არ ელოდნენ, რომ კომუნისტური სისტემის რღვევა, რაც 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრევით დაიწყო, 1991 წელს საბჭოთა კავშირის სრული კოლაფსით დასრულდებოდა. ნატოს გენერალური მდივნის ოფისში პოლიტიკის დაგეგმვის დირექტორის ჯეიმი შიას თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლას ალიანსისათვის რევოლუციური მნიშვნელობა ჰქონდა:

”ბერლინის კედლის დანგრევა იმ დროს აღიქმებოდა როგორც ნატოს დასასრული. რაღაში გვჭირდება ნატო, თუკი მოწინააღმდეგე აღარ არსებობს? მაგრამ, სინამდვილეში, ცივი ომის დასასრულს მოჰყვა ვითარება, რომელმაც ნატოს ახალი როლი უკარნახა. ეს გამოიხატება უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების ხელშეწყობასა და, ამ კუთხით, იმ ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მხარდაჭერაში, რომლებსაც სურთ ფეხზე დადგომა და საკუთარი წვლილის შეტანა ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონის გაფართოებაში.”

1999 წელს ნატო პირველად გაფართოვდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და საკუთარ რიგებში პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა მიიღო. 2004 წელს კი ნატოში აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის 7 ქვეყანა გაწევრიანდა.

თუმცა, სინამდვილეში, ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის სტაბილურობას ახალი საფრთხე დაემუქრა - რეგიონალური და ეთნიკური კონფლიქტები ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ბალკანეთში.

1995 წელს ეთნიკური ძალადობის შესაჩერებლად ნატოს ავიაციამ პირველად განახორციელა შეტევა ბოსნიელ სერბთა სამხედრო ძალებზე.

1999 წელს კი ნატოს ავიაციის დარტყმები განხორციელდა სერბიასა და მონტენეგროში.

2003 წელს ნატო ახალ როლში აღმოჩნდა, ჩაიბარა რა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობა ავღანეთში. მრავალეროვნული ძალების 6 წლიანი მძიმე სამხედრო ოპერაციებისა და დანაკარგების მიუხედავად, ალიანსის მოქმედება ავღანეთში ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისაგან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG