Accessibility links

logo-print

9 აპრილის აქციის ორგანიზატორები ხელისუფლების შეთავაზებას არ იღებენ


საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, დაიწყოს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 9 აპრილისათვის დანიშნული საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ. მათი თქმით, ხელისუფლების მიერ შეთავაზება საკითხებისა - ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება და დემოკრატიული რეფორმების ერთობლივად გატარება - ერთადერთ მიზანს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას, ემსახურება. თუმცა, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, ხელისუფლება დიალოგის დაწყების იმედს მაინც არ კარგავს. 1 აპრილს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელისუფლების ინიციატივა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს გააცნო.

ხელისუფლების მორიგი ინიციატივა საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააცნო. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პოლიტიკოსებმა დიალოგის დაწყებით უნდა გამოავლინონ მოქალაქეობრივი სიბრძნე და მაღალი პოლიტიკური კულტურა, რათა არ დაუშვან საქართველოს დაბრუნება სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში:

(პეტრე ცისკარიშვილი) „ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან ვიმუშაოთ და ვითანამშრომლოთ საკონსტიტუციო რეფორმის, საარჩევნო კოდექსის რეფორმის, სასამართლო რეფორმის და უფრო დემოკრატიული მედიის განვითარების საკითხებზე.“
(სტილი დაცულია)

პეტრე ცისკარიშვილმა ისიც თქვა, რომ ოპოზიციას ხელისუფლების ინიციატივას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი გააცნობს შეხვედრაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 2 აპრილს გაიმართება. მანამდე კი დიმიტრი შაშკინმა საქმის კურსში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ჩააყენა.

(დიმიტრი შაშკინი) „საქართველოს მთავრობა მზად არის დიალოგისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არსებობს საქართველოში. ჩვენ დღეს გავაცანით ელჩებს ჩვენი გეგმები, ჩვენ გავაცანით კონკრეტული სტრუქტურა, რომელსაც განვიხილავთ 3 საათზე პოლიტიკურ პარტიებთან, თუ როგორ შევასრულოთ ძაან მოკლე დროში ის ვალდებულებები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით. დიალოგი - ეს არის საზოგადოების შეკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ამ შეკვეთას.“(სტილი დაცულია)

არის თუ არა საზოგადოების დაკვეთა დიალოგი, ამის გასარკვევად რადიო ”თავისუფლებამ“ მცირე გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა. მოქალაქეები, ისევე როგორც პოლიტიკოსები, მხარს უჭერენ დიალოგსა და სამოქალაქო მშვიდობას, თუმცა 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებსაც ეყოფათ გონიერება, რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს ყველაფერმა. მე მომხრე ვარ ტოლერანტობის.“

„9 აპრილს გავალ, ოღონდ მშვიდობიანად. არანაირ გასროლასა და არეულობაში მონაწილეობას არ მივიღებ. თუ ქართველმა ერმა ეს დაუშვა, დაიღუპება.“

„უნდა შეიცვალოს რაღაცა, მაგრამ ისე კი არა, რომ ხალხი დაიხოცოს. უნდა შეიცვალოს სიტუაცია. 9 აპრილს დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი არაფერი მოხდება.“

„სისულელეა მიტინგების გამართვა. უნდა დააცალონ მთავრობას. ახლა ეგენი რომ გადადგებიან, სხვა არ მოვა და არ დაიწყებს ყვირილს, აბა, ესენი გადავაყენოთო? ასე გაგრძელდება სულ მუდამ.“

იმისთვის, რომ სულ მუდამ ასე არ გაგრძელდეს, უცხოელი დიპლომატები ქართველ პოლიტოკოსებს დიალოგის დაწყებას ურჩევენ. აი, რა განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა:

(ჯონ ტეფტი) „ყველა ჩვენგანი პოლიტიკური დიალოგის მომხრეა და ვფიქრობთ, რომ ეს არის კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება. დღეს მინისტრმა საქართველოს მთავრობის რამდენიმე საინტერესო იდეა და გეგმა გაგვაცნო. ვაპირებთ ყურადღებით შევისწავლოთ ეს იდეები, გავუზიაროთ ჩვენს მთავრობებს და შემდეგ კვლავ შევხვდეთ მინისტრს. ვიმეორებ, აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ დიალოგი არის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა. კომპრომისი დემოკრატიის არსია და ჩვენც, უდავოდ, მხარს ვუჭერთ მას.“

დიალოგს მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია და 9 აპრილისათვის დანიშნული აქციის ორგანიზატორები ვერ თანხმდებიან დიალოგის დღის წესრიგზე. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნესტან კირთაძე, განმარტავს:

„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაინიშნება თავისუფალი არჩევნები და დაიწყება პროცედურებზე ლაპარაკი, როგორი უნდა იყოს პოსტსააკაშვილის პერიოდის საქართველო.“

სააკაშვილის გადადგომის წინააღმდეგი არც საპარლამენტო ოპოზიციაა, თუმცა ვიცე-სპიკერი და „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, რომ ასევე საშურია პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რისი მიღწევაც დიალოგის საშუალებით შესაძლებელია:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს სააკაშვილის წასვლით და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით და ამ პოსტზე ახალი ადამიანის მოყვანით მივიღებთ ახალ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ტალღაზე იქნება მოსული და რომელიც არა მგონია, რომ თავისი ძალაუფლების გაყოფით იყოს დაინტერესებული. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა მივიდეთ დიალოგზე და მერე გამოჩნდება, ექნებათ რამე კონკრეტული შემოთავაზება თუ არა. თუ ექნებათ, მოვისმენთ, თუ არა, ვიტყვით, რომ ეს არის ჩიხი, არავითარი აზრი მათთან დიალოგს არ აქვს და ყველანი ერთად გავალთ ქუჩაში.“

ამგვარი განწყობის მიუხედავად, ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკების იმედს მაინც არ კარგავს. დიმიტრი შაშკინის თქმით, შეხვედრა 2 აპრილს 15 საათისთვისაა დანიშნული.
XS
SM
MD
LG