Accessibility links

logo-print
ორი წელია, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირის მცხოვრებნი იმ სახნავ-სათესი მიწების დასაბრუნებლად იბრძვიან, რომლითაც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ.

მათი თქმით, 2007 წლის ივნისში ფარული აუქციონი ჩატარდა და ათობით ჰექტარი ფართობი ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა შეიძინეს. მიწის გარეშე დარჩენილი ქვიტირელები უარყოფენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუქციონის თაობაზე წინასწარ გააფრთხილა და ამბობენ, რომ, დაპირების მიუხედავად, მიწა წაართვეს. გლეხების ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა პრივატიზებული მიწა ბენზინგასამართი სადგურის “თოფიჩის” მფლობელს მიჰყიდეს.

ქვიტირზე თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალი გადის, რის გამოც სოფლის ყოველი ჰექტარი მიწა, ბიზნესის თვალსაზრისით, მომგებიანია. შესაბამისად, მაღალია აქაური მიწებისადმი ინტერესიც.

ქვიტირის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის ზაზა ჭეიშვილის თქმით, მოსახლეობა აუქციონის თაობაზე ინფორმირებული იყო., თავად აუქციონი კი ყველა წესის დაცვით ჩატარდა.

სოფლის მოსახლეობამ აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა, სააპელაციო სასამართლომ კი აუქციონის შედეგები უცვლელად დატოვა.

მას შემდეგ, რაც გლეხებმა სამართლებრივი გზით მიზანს ვერ მიაღწიეს, პრეზიდენტს წერილი გაუგზავნეს. ისინი მიხეილ სააკაშვილისგან პირობის შესრულებას და მიწების უსასყიდლოდ გადაცემას ითხოვენ. “ჩვენ ნაშრომი და ნაწვალები ხალხი ვართ. ღირსი ვიყავით ამ მიწების. შევწირეთ თავი თოხს და მიწას”, _ ამბობს ქვიტირის მცხოვრები მაყვალა კოსტავა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ აუქციონი მანამდე ჩატარდა, სანამ ქვეყნის პირველი პირი გლეხებს მათ სარგებლობაში არსებული მიწების უსასყიდლოდ გადაცემას დაჰპირდებოდა.
XS
SM
MD
LG