Accessibility links

logo-print
ორ თვეზე ნაკლები რჩება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. მე-5 მოწვევის პარლამენტში 35 დეპუტატს აირჩევენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იუსტიციის სამინისტრომ გაუგზავნა მონაცემები იმ 4 პარტიისა, რომელსაც, დე ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს.

კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია, სოციალისტური პარტია და მმართველი პარტია „ედინსტვო“ საპარლამენტო მანდატების მოპოვებისთვის იბრძოლებენ, მაგრამ ცხინვალში უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტია ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

დე ფაქტო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს პროფესიით ექიმი ბელა პლიევა, რომელმაც ბოლო ორი საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩაატარა. იგი ედუარდ კოკოითის მეგობარია. ყველა არჩევნების შედეგით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა, ამიტომ პლიევამ თანამდებობა შეინარჩუნა.

ბელა პლიევას განცხადებით, ცსკ ახლა საორგანიზაციო საკითხებს წყვეტს და საუბნო კომისიებში პარტიების მიერ კანდიდატების წარდგენა მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არჩევნები ორგანიზებულად და ობიექტურად ჩატარდეს.

წინასაარჩევნო კამპანია პირველმა მმართველმა პარტიამ დაიწყო. „ედინსტვოს“ წევრები სოფლებში უკვე ამომრჩევლებს ხვდებიან, ადგილობრივი მედია კი, რომელიც მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება, მხოლოდ მათ შეხვედრებს და ვიზიტებს აშუქებს.

„ედინსტვოს“ ედუარდ კოკოითის ბიძაშვილი ზურაბ კოკოევი ხელმძღვანელობს. მმართველ პარტიაში, ძირითადად, კოკოევების გვარის წარმომადგენლები ჭარბობენ. წინასაარჩევნო შეხვედრებისას ზურაბ კოკოევი აცხადებს, რომ პარტიამ წინა არჩევნების დაპირება სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ წარმატებით შეასრულა, მომავალი არჩევნებისთვის მთავარი დაპირება კი - ერთიანი ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაა.

დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის მთავარ დევიზს „ერთიანი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში“ „ოსთა ხსნის კავშირის“ თავმჯდომარე ვლადიმერ სანაკოევი გამოეხმაურა. მისი აზრით, კოკოითის პარტიის დაპირება ეწინააღმდეგება როგორც რუსეთის კონსტიტუციურ კანონს ახალი სუბიექტების წარმოქმნის შესახებ, ასევე საერთაშორისო ნორმებს და გაეროს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, რადგან, ცნობის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილების მიუხედავად, იურიდიულად სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიად ითვლება. ამიტომ ვლადიმერ სანაკოევი 31 მაისის არჩევნებს და კოკოითის პარტიის დაპირებებს ფიქციას და ტყუილს უწოდებს.

უკვე ცნობილია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებს მხოლოდ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ამავე ქვეყნის სამეთვალყურეო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან. საერთაშორისო დამკვირვებლები ცხინვალში ჩასვლას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG