Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 2 აპრილი 2009


პოლიტიკური დიალოგი კვლავაც რჩება განსჯის საგნად პრესაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი გაბაშვილს ”ყველა სიახლის” კორესპონდენტი მას პოლიტიკური დათმობის ალბათობაზე ეკითხება. გაბაშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლება მზად არის ყველას კონცეფცია მოისმინოს და გაიზიაროს, თუკი ის საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას ეხება. ”გარდა ამისა, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და მივიდეთ საარჩევნო სისტემის იმ მოდელამდე, რომელიც ამომრჩევლის ნდობას დაიმსახურებს და რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ დაძაბულობას მოაქცევს საარჩევნო ფარგლებში”, - აცხადებს გიორგი გაბაშვილი, რომლის აზრითაც, ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ უამრავი თემა და საკითხია მნიშვნელოვანი, მაგრამ, - აცხადებს ის, - ”თუ ვიღაცას ისე ეჩქარება ხელისუფლებაში მოსვლა, რომ ვეღარ ითმენს, ამის გამო ვადამდე არჩევნებს ვერ დავნიშნავთ”. გაზეთ ”ყველა სიახლეს” ”საქართველოს გზის” ლიდერიც უზიარებს თავის მიდგომას: ”ხალხის გამოსვლამდე ისინი არაფერს იტყვიან და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი საერთო-სახალხო პროტესტი 9 აპრილს. მათ ხალხის ნება, ძალა უნდა დაინახონ. მრავალათასიანი მიტინგების ხილვა კი მათზე ძალიან მოქმედებს”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

”ახალი თაობა”, ლევან გაჩეჩილაძე: ”ერთადერთი ადამიანი, ვინც მოლაპარაკება უნდა გამოაცხადოს იმაზე, რომ მშვიდობიანად, უმტკივნეულოდ წავიდეს თავისი პოსტიდან, მიხეილ სააკაშვილია. მასთან მოლაპარაკებებზე პირდაპირ ეთერში, საჯაროდ წამსვლელი ვარ, მაგრამ გამოვრიცხავ, რომ მას ეს სურვილი გაუჩნდეს. სხვა დანარჩენს - პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ლიდერს თუ სხვებს და იმ პუნქტებს, რომელსაც გვთავაზობენ, გამოვრიცხავ”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

”რად უნდა ამას მოლაპარკება?” - კითხულობს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური და განაგრძობს: ”გადააყენოს მერაბიშვილი, სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნონ პატიოსანი კაცი, დაუბრუნონ ”იმედი” თავის პატრონს და ეს იქნება რაღაცა ნდობის აღდგენა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ახლა, როცა არავითარი ნდობის რესურსი არ არსებობს, როგორ შეიძლება ენდო ხელისუფლებას და წაჰყვე რაღაც თემებზე?” - ”ალიაშივე” გაეცნობით ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებებს: ”მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი უნდა შეიგნოს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აღარაფერს დათმობს, რადგან დასათმობი აღარაფერი დარჩა”, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

”რეზონანსი” რესპუბლიკელ პაატა ზაქარეიშვილს ეკითხება, აქვს თუ არა ქართველ ხალხს ”ვარდების რევოლუციის” განმეორების ფუფუნება. ”რევოლუციის ფუფუნება უკვე აღარ გვაქვს”, - პასუხობს ზაქარეიშვილი. - ”ქვეყანა სულ უკან მიდის. როგორც წესი, რევოლუციებით სახელმწიფო წინ არ მიდის და საზოგადოება გამოსავალს ვერ პოულობს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონსტიტუციის ფარგლებში ხელისუფლება უმტკივნეულოდ მოვიცილოთ, რომ ლეგიტიმურობა შევუნარჩუნოთ სახელმწიფოს”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

”24 საათი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელთან: ”როგორ შეიძლება ხელისუფლებას თავის ჭკუაზე სიარულის ნება მისცე?! ოპოზიცია და საზოგადოება სანიტრებივით უნდა იყვნენ. საზოგადოება იმდენ დემოკრატიას მიიღებს, რამდენსაც მოითხოვს. ვარდების რევოლუციით ხელისუფლებაში ახალგაზრდა ხალხი მოვიდა. მათ ესმოდათ, რომ ძველი ყველაფერი უნდა დაინგრეს, უკეთესი ქვეყანა უნდოდათ, მაგრამ გამოცდილება არ ეყოთ”, - ამბობს რონდელი და დასძენს, რომ ქუჩა არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების წარმმართველი. - ”ვინმეს თუ ჰგონია, რომ ის ქუჩას ყოველთვის მართავს, ტყუილია”,- ამბობს პოლიტოლოგი. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: ”მათ, ვინც მოვა, რა გარანტია აქვთ, რომ იმავე მეთოდით არ ჩამოაგდებენ? პირიქით, გარანტია ექნებათ, რომ ასევე გადააგდებენ. კიდევ კარგი, რომ ვარდების რევოლუცია სისხლისღვრაში არ გადავიდა, მაგრამ ქართველ ხალხს ამ რევოლუციამ უჩვენა, რომ ყველაფერი შეიძლება. და ეს ცუდია. მაგრამ იმ რეჟიმმა შესაძლებლობები მთლიანად ამოწურა, დღევანდელ ხელისუფლებაზე, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვი და თუ ამბობენ, ეს მხოლოდ ლოზუნგებია.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ექსპერტ ირაკლი სესიაშვილთან. მისი აზრით, ”რუსეთს აწყობს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი. მას სჭირდება, მიხეილ სააკაშვილის სახით, მტრის ხატი ჰყავდეს, რათა საქართველოს მიმართ თავისი აგრესიული პოლიტიკა გააგრძელოს. კრემლისთვის ასევე მისასალმებელია არასტაბილური საქართველო, რომელსაც ნაკლები პერსპექტივა ექნება ნატოში გაწევრების. ამდენად, კრემლი, ცხადია, ამ ვითარების გამოყენებას შეეცდება. რა სახით - ეს ამ ეტაპზე ძნელად პროგნოზირებადია. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, იმოქმედოს გონივრულად და, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ნაცვლად, ქვეყნის მომავალზე და საფრთხეების თავიდან აცილებაზე იფიქროს, მათ შორის - საკუთარი ამბიციების გვერდზე გადადებით.”

XS
SM
MD
LG