Accessibility links

2007 წლის ოქტომბერში (დააკვირდით თარიღს), ტელეკომპანია ”იმედის” სტუდიაში შესრულებული მუსიკალური ნომრის ერთ-ერთი მონაწილე, ნინა წკრიალაშვილი კულტურის სამინისტროში, კულტურული ღონისძიებების სამმართველოს უფროსად დაინიშნა...ამ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა ”ვარსკვლავები” ავრცელებს და ამტკიცებს - მომღერალი ”ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ სამინისტროში არსებულ ამ ვაკანსიაზე განცხადება შეიტანა და გაიმარჯვა კიდეც”... ”ვარსკვლავები” ნინა წკრიალაშვილის წარსულს გვახსენებს - როგორ გაშიშვლდა მომღერალი ჟურნალ ”პლეიბოის” ქართული გამოცემისთვის, როგორ იმღერა - ”სამთავრობო ღონისძიებებში” და როგორ გადასცა მას პრეზიდენტმა ”ღირსების ორდენი” კლიპში, ”გამარჯობა აფხაზეთო შენი” მონაწილეობისათვის... ნინა წკრიალაშვილის ”შემოქმედებით გზაზე” არაფერია ნათქვამი... არც ”ვარსკვლავებს”, არც რომელიმე სხვა ქართულ გაზეთს თუ ჟურნალს, არასდროს უცდია მსჯელობა თუნდაც 2007 წელს, ”იმედის” დარბევამდე რამდენიმე დღით ადრე, ამავე ტელეკომპანიის ეთერში გასული, ვითომც ”სახუმარო” მუსიკალური ნომრის შესახებ... იყო თუ არა ის ნომერი, თავისი ტექსტით, ინტონაციით მეზობელი ხალხის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის შეურაცხყოფა? ასეთი კითხვა არ დასმულა... ქართული კულტურული ელიტის ერთმა ნაწილმა ნინა წკრიალაშვილის დაწინაურების ამბავი მხოლოდ იმიტომ გააპროტესტა, რომ მომღერალი სამთავრობო კონცერტებზე მღეროდა და ცეკვავდა. არადა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა - ქართული ესტრადის ვარსკვლავების... ვთქვათ ასე, ”ჩვეული სტილია”

იცანით ალბათ... ფრაგმენტი პირველი არხის პოპულარული გადაცემიდან ”რა ხდება?”, რომელიც შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში გადიოდა პირველ არხზე... მერე ”ვარდების რევოლუცია” მოხდა. ეს გადაცემა დახურეს... ახალმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ახალი ტერმინი დაამკვიდრა - ”ჩარეცხილები”... თუმცა, ბატომ კოკა ყანდიაშვილს თუ დავესესხებით, ესტრადის ეს ”სხვადასხვა წარმომადგენლები” ქართული კულტურული სივრციდან არავის არ გაუძევებია, ისინი არ ”ჩაურეცხავთ”. ერთი უბრალო მიზეზის გამო, რევოლუცია კი მოხდა, მაგრამ ქვეყანაში კვლავაც იყო მოთხოვნილება ასეთ მუსიკალურ ნომრებზე, ასეთ ხუმრობაზე... ”სულ ქეიფში მოვკვდების” იდეა აქტუალური იყო მაშინაც კი, როცა ქვეყანაში 2007 წლის ნოემბრის რევოლუცია მზადდებოდა... და რაც ყველაზე საინტერესოა, სწორედ იმ ტელეკომპანიის ეთერში, სადაც მზადდებოდა ეს რევოლუცია.

ახლახან ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე "მოდერნიზაციის პროექტი საქართველოში", რესპუბლიკური პარტიის წევრმა, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნიოს მოდერნიზაციას ყველაზე მეტად ეთნიკური ნაციონალიზმი უშლის ხელს... მაგრამ მისგან განთავისუფლება ვერ მოხდება, თუკი თავად საზოგადოებას არ დაუდგება ”კათარზისის” ეტაპი, თუკი თავად საზოგადოება არ განთავისუფლდება ვიწრო, ”ორღობული” მენტალიტეტისგან... მაგრამ ”ორღობის” ნგრევას ჯერჯერობით პირი არ უჩანს... უფრო პირიქით, ქართული კულტურული ელიტა სულ უფრო და უფრო ვიწროვდება... არ იცვლებოდა არაფერი ქართულ ესტრადაში? ერთი და იგივე ხალხი მღეროდა მთავრობის (სხვადასხვა მტავრობის) კულტურულ ღობნისძიებებზე? ახლა უკვე ხელოვნების სხვა დარგებშიც იგრძნობა წარსულში დაბრუნების ტენდენცია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ განათლების მინისტრს, ახლა კი უბრალოდ, დამოკიდებელ ანალიტიკოსს, გია ნოდიას თუ დავუჯერებთ - ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა: ”2006 წლის არჩევნების შემდეგ - ამბობს ნოდია, - ხელისუფლებამ აიღო ასეთი კურსი: ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა რომ გავაკეთოთ, არ გვაინტერესებს ხალხს მოეწონება თუ არა... მაგრამ 2008 წლის დასაწყისიდან გამოვსწორდებით. ახლა ხელისუფლება მეორე უკიდურესობაშია - საერთოდ ეშინია რამის გაკეთებისა, რაც ოდნავ მაინც არაპოპულარულია და მთლიანად მუდმივი პიარის რეჟიმში იმყოფება.”

ეს - ”მუდმივი პიარის რეჟიმში” ყოფნა, მოახლოებული 9 აპრილის წინ, ამ კვირის კულტურულ პოლიტიკაშიც გამოჩნდა - მას შემდეგ, რაც მწერლებს მწერალთა კავშირის სახლი დაუბრუნეს, დადგა კომპოზიტორების დროც; ბორჯომის კომპოზიტორთა სახლის კომპოზიტორებისთვის დაბრუნებაზე ქართულ შემოქმედებეით ინტელიგენციასთან შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარემ და კულტურის მინისტრმა. არადა, როგორც გახსოვთ, კომპოზიტორთა კავშირის სახლი ორი წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და გასაყიდად მზად იყო. არ გაიყიდა ორი მიზეზით - ან მყიდველი არ გამოჩნდა, ანდა ხელისუფლებამ კულტურული პოლიტიკა შეცვალა; გია ნოდიას სიტყვებს თუ დავეყრდნობით, "ჭკუა ისწავლა" და უარი თქვა კულტურულ ელიტასთან კონფრონტაციაზე... შეიძლება ერთიც და მეორეც... თავის დროზე, როცა ეს კულტურული ელიტა გაერთიანდა და ახალ ორგანიზაციას "ქართული აკადემია" უწოდა, ნათელი გახდა, რომ ეროვნული შემოქმედებითი ელიტა სწორედ ტრადიციულს, "აკადემიურს" ანიჭებდა უპირატესობას.. ჰოდა, როგორც ჩანს, ესეც გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წლის მარტში - ამ დღეებში კულტურის მინისტრი ჯერ იყო და კინოს, თაეტრისა და მუსიკის მუზეუმს ესტუმრა და დარწმუნდა, რომ აქ თავმოყრილი უნიკალური ექსპონატები განადგურების პირასაა (შენობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ამიერიდან სახელმწიფო თავის თავზე აიღებს კლასიკური ლიტერატურის პატრონაჟს, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში კერძო გამომცემლობები ვერ ბედავენ კლასიკის ბეჭდვას.

ეყოფა თუ არა ხელისუფლებას სახსრები, განახორციელოს, ისევ გია ნოდიას სიტყვებს თუ გავიხსენებთ, "პოპულარული" კულტურული პოლიტიკა? ამას დრო გვიჩვენებს. ცოცხალი ძალა არსებობს - ქართველი არტისტები კვლავაც მზად არიან, დაამკვიდრონ აკადემიური, ტრადიციული. მაგრამ არავინ იცის, არის თუ არა ამისთვის ფული ქვეყანაში...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG