Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ ბენდიაშვილი - საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი


22 მარტი, კვირა
ცხრის ნახევარზე კუს ტბაზე ვარ. მიუხედვად ამ შეშლილობისა - პოლიტიკურს ვგულისხმობ, - ყველა რუსეთთან თამაშზე მელაპარაკება. ძველი ცეკას მდივნიდან დაწყებული, ახლანდელი პარტიის ხელმძღვანელებით დამთავრებული, ერთი და იმავე კითხვებით მომმართავენ.
რასაც ვეუბნები, მოსწონთ და ისტორიულ პარალელებს ეძებენ. ყველას თავისი ერუდიციის გამომჟღავნება უნდა, ყველა თავისას იგონებს. ამ საუბარში, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ისე გავამაგრეთ ერთმანეთი, რომ საკმაოდ დიდ გამარჯვებას ველით.
11 საათზე დათო ქლიბაძემ "იმედის" არხზე დამპატიჟა. და უკვე მილიონჯერ ნათქვამი, ამდენი რეპეტიციის შემდეგ, ტელევიზიაში სხაპა- სხუპით გავიმეორე. ისე, კითხვები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.
1 საათზე "ზე 14"-ის თამაშს ვუყურე. ჯერ ახალი ზელანდიის ორი გუნდი თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ მოედანზე უტევდნენ, ხაზიდან ხაზამდე, მაინც ბევრია სოლისებური გარღვევა. ინტერვალში ხშირად თამაშობენ.
თავისუფლების დღიურები - თემურ ბენდიაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:24 0:00

ამათი ყურების დროს სულ ჩვენი ვარჯიში მახსენდებოდა. ჩვენები ასე არ აკეთებენ. ახლა ვფიქრობ, რომ დელიკატურად უნდა მეთქვა ტიმისთვის ეს ჩემი შეხედულება.
პირველი ტაიმი დამთავრდა. "კრუზეიდერსი" 7:0-ს იგებს. ძალიან საინტერესოა მეორე ტაიმი. 17:13 მოიგო "კრუზეიდერსმა".
მეორე ტაიმი სულ ახლო-ახლო სოლისებური დარტყმებით ითამაშეს. გან-გან სულ არ უთამაშიათ. ამას დიდ მნიშვნელობას იმიტომ ვანიჭებ, რომ ჩვენი ვარჯიში მაგონდება. ჩვენ სულ გან-გან ვთამაშობთ.
4 საათზე ჩვენი და რუსების თამაშია. ამ თამაშს ყველა გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე სპორტულ გამარჯვებას შეიძლება ჰქონდეს. ეს ბიჭებზეც გადადის. შეიძლება ამან სიმშვიდე დაარღვიოს.
...უფრო დიდი სიხარული მე პირადად გამარჯვებამ მომიტანა, ვიდრე თამაშმა. ჩვენი გუნდი აზროვნებით უფრო მაღლა დგას ვიდრე რუსეთის. ფსიქოლოგიური მომენტიც ჩვენს მხარესაა. ტექნიკა რუსებს ჩვენნაირი ვერა აქვთ. აქედან გამომდინარე, ტაქტიკური არეალიც შეზღუდული აქვთ. ფიზიკურად კი ჩვენ ისე მაღლა ვდგავართ რუსეთზე, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი რომ რუსეთის მხარეს იყოს, მაინც ვერაფერს გვიზამენ. რადგან რაგბიში მორევა ძალაზეც არის და ძალიან მნიშვნელოვნადაც. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და დიდ უპირატესობასაც მივაღწიეთ. მაგრამ მერე, ჩემი აზრით თამაშში დადგა მომენტი, როცა უკვე თამაში კი აღარ უნდოდათ ჩვენებს ელოდებოდნენ როდის დამთავრედებოდა რომ გამარჯვება ეზეიმათ. ეს დაეტყო კიდეც თამაშს და ცოტა არეულობაც შეიტანა. ძალიან კარგად ითამაშეს ხინჩაგაშვილმა, ლაბაძემ, ჩხაიძემ, ჩვენმა ლიდერმა მამუკა გორგოძემ, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურობდა ტრავმა მიიღო და რაც თვითონ უნდოდა, ანუ რეიდების განხორციელება - ვერ შეძლო. ისე არ გამოვიდეს, რომ წარმატება გავაუფერულოთ და მწრთვნელის მუშაობაც დავაკნინოთ. ტაქტიკურად ძალიან გამართულად ვითამაშეთ. მწრთვნელს განჭვრეტილი ჰქონდა ყველა ის შესაძლო ვარიანტი, სადაც რუსები შემოგვიტევდნენ. ყველგან მოფიქრებული და მასირებული დაცვა დახვდათ.
სწორი იყო სტრატეგიაც. იმ 8-12 წუთის გარდა, როცა მე-10 ნომერი, მალაღურაძე, მოედნიდან გაგვიგდეს. მაშინ გაუშვა საქართველოს ნაკრებმა თამაში ხელიდან.
ამით იმის აღნიშვნა მინდა რომ ჩვენი გუნდი ყველა მეტოქეზე ძლიერია ამ გათამაშებაში. ახლა უნდა ვიფიქროთ, რომ შემდეგ ციკლში ეს უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს. რათა უფრო მაღალ რეიტინგში ავიდეთ. ამას კი ბევრი სასიკეთო რამე მოაქვს.
ხვალ ვარჯიში გვაქვს 21-წლიანთა ნაკრებთან. ბევრი ბიჭი ავად არის. ტრავმებიც გვაქვს. 8 – 9 ძირითადი მოთამაშე ვერ ითამაშებს. მქონდა გარჩევა, ხვალ როგორ უნდა ვითამაშოთ. მაინტერესებს, რას იზამენ ის მოთამაშეები რომლებისგანაც წელს უკეთეს თამაშს ველი.
გასაკვირია, მაგრამ ნაკრების თამაშზე სიტყვა არ დაგვიძრავს.
საღამოს 6 ერის 3 თამაშს ვუყურებთ. ირლანდიას ვგულშემატკივრობდი და გამეხარდა, რომ მოიგეს. გუშინ და დღეს 7 თამაშს ვუყურებ. დიდი განსხვავება არ არის თამაშში, მოთამაშეებში კი დიდი განსხვავებაა.
რაღაც მოდაა, - დაახლოებით ერთსა და იმავე სტილში თამაშობენ.
ვერ ვიტყვი, რომ ტიმი, ჩვენი ნაკრების მწრთვნელი, ამას ვერ ხედავს, მაგრამ თამაში რომ გადასახედია ამაში დრწმუნებული ვარ.

23 მარტი, ორშაბათი
დილას ვარჯიშზე წავედი.
ვარჯიშის შემდეგ სამსახურში...
ყველა მხილოდ რაგბიზე და გუშინდელ თამაშზე მელაპარაკება. და მეც ჩემს მოსაზრებებს ვუზიარებ. გამარჯვების სიხარულმა სპორტულ მხარეს გადააჭარბა.
ვლაპარაკობთ მომავალზეც. ამ გათამაშებამ აჩვენა რომ საუკეთესო მაინც პორტუგალია იყო, სათამაშო აზროვნებით და ტექნიკით, პორტუგალიაში რაგბისადმი დამოკიდებულება წელს შეიცვალა. პროფესიონალები გახდნენ, რაც მათ ფიზიკურ კონდიციებს ალბათ გამოასწორებს, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი ხასიათითა და ვაჟკაცობით უნდა დავამარცხოთ ესენი. რუსეთი რაც არის ვნახეთ. რაც რეზერვი ჰქონდათ, ამოწურეს. უფრო მაღალ დონეზე ასვლა ძალიან დიდ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული. ამის ძალა კი რუსეთს პოტენციურად არ გააჩნია. რუმინელები არეულები არიან და არა მგონია მალე გაწონასწორდნენ. გერმანელები და ესპანელები მაგრად ჩამოვიტოვეთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომით და სწორი დაგეგმვით მოხდა. ყველაფერი მზადაა შემდეგი ეტაპის დასაძლევად. - ესე იგი იტალიელებს უნდა მოვუგოთ.
მართალია, იტალია ძალიან უმატებს თამაშს, მაგრამ ჩვენი საჯილდაო ქვა უახლოეს მომავალში იტალია უნდა გახდეს.
მოგეხსენებათ, რომ ევროპაში "ჰაინეკენის" თასის გარდა, კიდევ ”ჩელენჯ კაპის” გათამაშებაა, სადაც ფრანგების, ინგლისელების და სხვა ბრიტანელების საუკეთესო გუნდები მონაწილეობენ, ჩვენც დაპატიჟებულები ვართ ამ ტურნირზე.
კარგი იქნება თუ თბილისის ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას, ეს აქამდე არ მოხერხდა და წელს იმედი გვაქვს.
იტალიელები ამ ტურნირში 6 გუნდით მონაწილეობენ, რუმინელები 1 გუნდით, ბუქარესტის ნაკრებით. წელს რუსებმაც გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი. აუცილებელია, რომ ჩვენც არ ჩამოვრჩეთ ჩვენს მეტოქეებს და მივიღოთ მონაწილეობა ამ გათამაშებაში.
საღამოს ვარჯიში გვქონდა. ვარჯიშის შემდეგ ჩვენმა პრეზიდენტმა ნიკო ჭიჭინაძემ ვახშამზე დაგვპატიჟა. თან საქმეც გვქონდა, შეკრებაზე მივდივართ და ფინანსური უზრუნველყოფა გვაინტერესებდა. ჩემდა გასახარად, სუფრაზე იყო ილიკო ზედგინიძეც, ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ვეტერანი, რომელიც გუშინდელ თამაშშიც მონაწილეობდა და მშვენივრად ითამაშა. ბევრი საუბრის შემდეგ ჩენი აზრები შევაჯერეთ და გამიხარდა რომ ჩვენი აზრები დაემთხვა ერთმანეთს და ბიჭები სწორად აფასებენ მომავალს. ილიკო დაგვპირდა, რომ 2012 წლამდე ფორმას შეავინარჩუნებ და მსოფლიო თასზე ვითამაშებო. ეს ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ილიკომ წელს ცოლი მოიყვანა და მოსალოდნელი იყო, რომ თამაშისთვის თავი მიენებებინა.
ძალიან ბევრი ღვინო არ დაგვილევია.

24 მარტი, სამშაბათი
დილით ვარჯიშზე ვიყავი, მერე ოთხი ლექცია მქონდა სტუდენტებთან, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში რაგბის ვასწავლი.
რუსეთთან მატჩზე ლექციაზეც ბევრი ვილაპარაკეთ. სტუდენდებს სხვადასხვა აზრი აქვთ, მაგრამ გამარჯვების სიხარული საერთოა.
დღეს გავიგეთ, რომ წელს ევროპის ერთა თასის მფლობელად გამოგვაცხადეს.
ჩვენი ნაკრების მოთამაშეებისთვის მინისტრს 5 000 დოლარი ჯილდო გამოუწერია. კარგია, რომ მთავრობა და მინისტრი მხარში გვიდგანან.

25 მარტი, ოთხშაბათი
დილით, ჩვეულებრივ, ვარჯიში.
მერე რაგბის კავშირში მივედი. ისევ რაგბიზე ვილაპარაკეთ.
მერე სამსახურში წავედი, უნივერსიტეტში. ახალი ძიუდოს დარბაზი გვაქვს. დარბაზში ტატამი დააგეს და მშვენიერია. და კიდევ ახალი "ფიტნეს-კლუბი" გახსნეს.
ეს ყველაფერი ძალიან გამოგვადგება.
შემდეგ ისევ ვარჯიში მქონდა, დაგვირეკეს და გაგვიხარდა, რომ დიღმის "ლოკომოტივის" ბაზა შეიძლება რეგბისტებს გადმოგვცენ, ეს ის ბაზაა სადაც 70 წლიდან ვვარჯიშობდით. 12-13 წლის წინ ბატონმა ჩხაიძემ დაშალა "ლოკომოტივის" მორაგბეთა გუნდი და გამოგვაგდეს იმ ბაზიდან.
ხვალ 11 საათზე ვარ დაბარებული ბაზის საზეიმო გადმოცემაზე.
სახლში ვივახშმე.
მერე ტელევიზორს ჩავუჯექი, არხზე - "გლობალ ერთი", სპორტულ გადაცემებს ვუყურებ.

26 მარტი, ხუთშაბათი
დილას ვარჯიშის შემდეგ დიღომში წავედი.
ლოკომოტივის გუნდის ბევრი ძველი მეგობარი იყო მოსული. მოვიდნენ მერიისა და სამინისტროს წარმომადგენლებიც. ბაზა დაათვალიერეს და საზეიმოდ გადასცეს რაგბის კავშირს. კარგი იქნება თუ რაგბის კავშირი სამართლიანობას აღადგენს და ამ ბაზას აქედან გაგდებულ ლოკომოტივის რაგბისტებს დაუბრუნებს.
ბაზაზე ვნახე ლტოლვილები, რომლებიც 15 წელი არ მენახა. 15 წლის წინათ როცა ისინი აფხაზეთიდან ჩამოვიდნენ, ამ ბაზის შენობაში შემოასახლეს. ახლაც იქ ცხოვრობენ. მაშინ, ვარჯიშების დროს გავიცანით და დავმეგობრდით.
საღამოს ჩემს მეგობართან კახა ქორიძესთან მივედი და 5 პარტია ნარდი ვითამაშე.
მერე ბავშვები მოვიდნენ და ბევრი ვილაპარაკეთ პოლიტიკაზე.
კახას შვილიშვილი ინგლისიდან იყო ჩამოსული და გვიყვებოდა იქ როგორ არის სწავლა -განათლების საქმე.

27 მარტი, პარასკევი
დილით ისევ ვარჯიში...
შემდეგ ბიჭებს სპორტული ფეხსაცმელი ვუყიდეთ - "ადიდასის" მაღაზიაში ფასდაკლება იყო. ვემზადებით თელავში შეკრებაზე წასასვლელად.
სიებს ვადგენ და 4-5 კაცი ვერა და ვერ ჩავსვი სიაში. 30 წელია, სულ ასე მემართება.
საღამოს 7 საათზე ისევ ვარჯიში გვქონდა ვაკის პარკში. ბიჭები 20-დან 30 წლამდე არიან. კარგად ვარჯიშობენ.
2-3 კაცი ვერ მოდის შეკრებაზე იმიტომ რომ საქართველოს ”შვიდკაცა” ნაკრებში არიან გამოძახებულები. ორიც ევროპის ჩემპინატზეა 21 წლამდე ასაკში.

28 მარტი, შაბათი
დილის 10 საათზე ისნის მეტროსთან ვიკრიბებით.
სამარშრუტო ტაქსებში ვსხდებით და თელავში მივდივართ.
ტურბაზის გვერდზე ახალი სასტუმრო რომ არის იქ ვბინავდებით.
თელავში მშრალი ჰავაა, შუა მთიანეთია და ძალიან სასიამოვნოა იქ ვარჯიში და თამაში.
ხედიც ძალიან სასიამოვნოა სულ კავკასიონს უყურებ ვარჯიშის დროს.
აქ 12 დღე დავრჩებით. 15 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი იწყება და ამისთვის ვემზადებით.
რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვაქვს...
XS
SM
MD
LG