Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე


კვირას პრაღაში ღია ცის ქვეშ გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის მაგალითით გასწიოს ლიდერობა ბირთვული იარაღის საფრთხისგან დედამიწის დასაცავად. პრაღის ციხე-სიმაგრის წინ, 30 ათასი ადამიანის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული მასალების გაუვნებელყოფას, ბირთვული ტესტების აკრძალვას და უკანონო შეიარაღების გავრცელების აკრძალვას.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრაღაში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00


ამასთან, ობამამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას, რაც მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, უწოდა პროვოკაცია და საფრთხე მეზობელი და შორეული ქვეყნებისთვის.

ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

ობამას გამოსვლა პრაღის ციხე-სიმაგრის მოედანზე კვირას დილას შედგა. მაგრამ ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტს დაგეგმილზე ბევრად უფრო ადრე მოუწია ადგომა. 5-ის ნახევარზე ის გააღვიძეს და შეატყობინეს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ შეასრულა მუქარა და გაუშვა მრავალეტაპობრივი რაკეტა.

მოგვიანებით, ათასობით ადამიანის წინ გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, პასუხი მოსთხოვოს ჩრდილოეთ კორეას: "ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პასუხის დროა და ჩრდილოეთმა კორეამ უნდა იცოდეს, რომ უშიშროებისა და პატივისცემის გზა არასოდეს გაივლის მუქარასა და უკანონო შეიარაღებაზე. ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ძლიერი, მსოფლიო რეჟიმის შექმნაში. ამიტომაც გვერდიგვერდ უნდა ვიდგეთ და ჩრდილოეთი კორეა ვაიძულოთ, კურსი შეცვალოს."

ფხენიანმა განაცხადა, რომ რაკეტა გაუშვა ორბიტაზე სატელიტის გასაყვანად. მაგრამ შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები მიიჩნევენ, რომ კვირას რაკეტის გაშვებით ჩრდილოეთ კორეას სურს დაიქადნოს, რომ გრძელი რადიუსის რაკეტების ტექნოლოგიაზე მუშაობს.

ჩრდილოეთ კორეის ამ ნაბიჯმა მოულოდნელობის ელემენტი შესძინა პრაღაში ბარაკ ობამას საჯარო გამოსვლას, რომლის ყურადღების ცენტში ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხე იდგა.
“შეერთებულ შტატებს - როგორც ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც გამოყენებული აქვს ატომური იარაღი - ეკისრება მორალური ვალდებულება, იმოქმედოს.



მოედანზე, რომლიდანაც პრაღის მშვენიერი ხედი იშლება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ლიდერის როლი ითამაშოს არსებული ბირთვული არსენალის განადგურების, ბირთვული იარაღის გავრცელების შეწყვეტისა და ტერორისტების მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებისთვის ხელის შეშლის საქმეში: “შეერთებულ შტატებს - როგორც ერთადერთ სახელმწიფოს, რომელსაც გამოყენებული აქვს ატომური იარაღი - ეკისრება მორალური ვალდებულება, იმოქმედოს. ამ საქმეში მარტო ვერ შევძლებთ წარმატების მიღწევას, მაგრამ შეგვიძლია ლიდერის როლი ვიკისროთ, შეგვიძლია დავიწყოთ. ასე რომ, დღეს მკაფიოდ და დაბეჯითებით ვაცხადებ ამერიკის გადაწყვეტილების შესახებ, ვიმუშაოთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მსოფლიოში ატომური იარაღის გარეშე”.

ობამამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი განაგრძობენ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობას და თქვა, რომ ვაშინგტონი ხელს მოაწერს ბირთვული გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულებას.

ირანზე საუბრისას ობამამ მოუწოდა თეირანს, უარი თქვას თავის ბირთვულ პროგრამაზე და დაიმუქრა, რომ თუკი ის ასე არ მოიქცევა, ვაშინგტონი განაგრძობს ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას.

ობამა პრაღაში ჩავიდა სტრასბურგიდან, სადაც ნატოს 60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს დაესწრო. თავისი ევროპული ტურნე მან დაიწყო ლონდონში, ეკონომიკური ოცეულის სამიტით.

ევროპული ტურნეს მსვლელობისას ბარაკ ობამას და მის მეუღლეს, მიშელს, გულთბილი შეხვედრები მოუწყვეს. მაგრამ ჩეხეთის რესპუბლიკაში დასაწყისი შედარებით უხერხული გამოდგა. პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა, რომლის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს ათიოდე დღის წინ, საჯაროდ გააკრიტიკა ამერიკის ეკონომიკური სტიმულირების გეგმები და მათ "ჯოჯოხეთის გზა" უწოდა.

პრაღაში ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სამიტზე ობამას დასწრება ამ ფორუმის ცენტრალურ მოვლენად ითვლებოდა. მაგრამ სამიტის ფორმატი შეიცვალა ორმხრივი შეხვედრებით, რომლებიდანაც სრულიად აშკარად გამოირიცხა ჩეხეთის რესპუბლიკა - ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე.

სხვათა შორის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სამიტზე ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აპირებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას.

ობამა პრაღიდან თურქეთში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG