Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი 5 აპრილს ”რადიო თავისუფლების” პრაღის შტაბბინას ეწვია


კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პრაღაში ჰილარი კლინტონი ”რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის” შტაბბინას ეწვია. მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ”რადიო თავისუფალი ავღანეთის” ხელმძღვანელს აკბარ აიაზის. ინტერვიუს დროს კლინტონმა მსმენელების წინასწარ ჩაწერილ შეკითხვებსაც უპასუხა. სახელმწიფო მდივანმა გააკრიტიკა ავღანეთში ახლახან მიღებული კანონი შიიტების სტატუსის შესახებ. კლინტონის აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ კანონი ზღუდავს ქალთა უფლებებს. კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა კარზაიმ ხელი უკვე მოაწერა, ჯერ არ გამოქვეყნებულა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანახმად, ავღანელ ქალებს კანონით აეკრძალებათ ”დასაბუთებული” მიზეზის გარეშე გავიდნენ სახლიდან. კანონით ქალებს აეკრძალებათ ქმრის ნებართვის გარეშე იმუშაონ ან მიიღონ განათლება. ახალი კანონი ავღანეთში უფლებას აძლევს ქმარს იძალადოს მეუღლეზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ახალი კანონი არ პასუხობს ავღანელთა უმრავლესობის ინტერესებს და იმედოვნებს, რომ ავღანეთის ხელისუფლება გადახედავს და შეაჩერებს კანონის ამოქმედებას: ”მე პირადად პრეზიდენტ კარზაისთან გამოვხატე ჩემი შეშფოთება და პროტესტი. პრეზიდენტმა ობამამაც განაცხადა, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ავღანეთის მიერ არჩეულ კურსს”. ”რადიო თავისუფალმა ავღანეთმა” ჰილარი კლინტონისთვის მსმენელისგან 1000-ზე მეტი შეკითხვა მიიღო. მოქალაქეებს ამერიკელი და ნატოს სამხედროების მიერ ავღანეთში განხორციელებული საჰაერო რეიდების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი აშფოთებთ. ჰილარი კლინტონის პასუხი: ”თუკი, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც ძალადობას სჩადის, შეწყვეტს ასეთ მოქმედებას - ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის - მაშინ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო აქციაც დასრულდება”. ჰილარი კლინტონმა ავღანურ სამსახურში ვიზიტისა და ინტერვიუს შემდეგ ”რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის” 300-მდე თანამშრომელს მიმართა და შეაქო ისინი თავდადებისა და პრინციპებისადმი ერთგულების გამო.
XS
SM
MD
LG