Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი რადიო თავისუფლებაში


ჰილარი კლინტონი რადიო თავისუფლების თანამშრომლებთან შეხვედრაზე
ჰილარი კლინტონი რადიო თავისუფლების თანამშრომლებთან შეხვედრაზე
5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბბინას ეწვია. მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლების" ავღანურ სამსახურს. ინტერვიუს დროს ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მსმენელების წინასწარ ჩაწერილ შეკითხვებსაც უპასუხა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მსმენელთა შეკითხვების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა. ცხადია, რომ ჰილარი კლინტონს ამ კითხვების მხოლოდ მცირე ნაწილი დაუსვა ჩვენმა ავღანელმა კოლეგამ აკბარ აიაზიმ.

პირველი კითხვა ეხებოდა ავღანეთში შიიტების სტატუსის შესახებ ახლახან მიღებულ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ქალთა უფლებებს. სახელმწიფო მდივანმა მკაცრად გააკრიტიკა ეს კანონი და იმედი გამოთქვა, რომ ხელახალი განხილვის შედეგად ის გაუქმებულ იქნება. ჰილარი კლინტონის თქმით, ყველაზე მეტად ის იმიტომ აღშფოთდა, რომ ახალი კანონი სულაც არ გამოხატავს ავღანელი ხალხის დიდი უმრავლესობის პოზიციას. "ეს არის კანონი, რომელიც - თუ სწორად მესმის - უმცირესობის უმცირესობას ემსახურება და მკაცრ შეზღუდვებს უწესებს ქალებსა და ბავშვებს. ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გამოვუხატე პრეზიდენტ კარზაის, და ჩვენმა პრეზიდენტმა ობამამაც აღნიშნა, რომ ეს კანონი ნამდვილად არ შეესაბამება იმ გეზს, რომელიც ავღანეთმა აირჩია", ამბობს ჰილარი კლინტონი.

კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ უკვე მოაწერა ხელი, ჯერ არ გამოქვეყნებულა. მაგრამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უზენაესი კომისრის თანახმად, ახალი კანონით ავღანელ ქალებს აეკრძალებათ "დასაბუთებული" მიზეზის გარეშე გავიდნენ სახლიდან. გარდა ამისა, ქალებს აეკრძალებათ ქმრის ნებართვის გარეშე იმუშაონ ან განათლება მიიღონ. ახალი კანონი უფლებას აძლევს ქმარს, იძალადოს მეუღლეზე.

როგორც უკვე ვახსენეთ, რადიო "თავისუფალმა ავღანეთმა" ჰილარი კლინტონისთვის თავისი მსმენელებისგან 1000-ზე მეტი შეკითხვა მიიღო. ავღანელები განსაკუთრებით შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ამერიკელი სამხედროებისა და მათი ნატოელი მოკავშირეების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად ხშირად მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან.

ჰილარი კლინტონის პასუხი ასეთი იყო: "თუ ის, ვინც ძალადობას სჩადის, შეწყვეტს ასე მოქმედებას - ჩვენი მიზანი კი სწორედ ეს არის - მაშინ შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო აქციაც დასრულდება. ამის იმედი გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ ობამას მიერ წარმოდგენილი ახალი სტრატეგიის მეშვეობით შევძლებთ, დავარწმუნოთ თალიბანის ის წევრები, და სხვა ექსტრემისტები, რომლებიც ასი პროცენტით არ ემხრობიან ასეთ კურსს, ისევ გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, ჩაებან ახალი, ძლიერი, უსაფრთხო ავღანეთის შენებაში და იზოლაციაში მოაქციონ და დაამარცხონ ისინი, ვინც შეურიგებელია. ეს არის ჩვენი განზრახვა."

ავღანურ სამსახურში ვიზიტისა და ინტერვიუს შემდეგ ჰილარი კლინტონმა მიმართა რადიო "თავისუფალი ევროპა/რადიო "თავისუფლების" 300-მდე თანამშრომელს და მაღალი შეფასება მისცა მათს პროფესიონალიზმს, ქებით მოიხსენია მათი თავდადება და პრინციპების ერთგულება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG