Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მხარს უჭერს ევროკავშირში თურქეთის წევრობას


ბარაკ ობამა და რეჯებ ტაიპ ეროდანი
ბარაკ ობამა და რეჯებ ტაიპ ეროდანი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრაღიდან გაემგზავრება თურქეთში, სადაც შეერთებული შტატების ლიდერი ორ დღეს დაყოფს. მიმომხილველების დაკვირვებით, ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთისათვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თურქეთი პირველი მუსულმანური ქვეყანაა, რომელსაც ობამა ეწვევა.

დასავლური ტურნეს შემდგომ თურქეთი ბარაკ ობამას შემთხვევით არ აურჩევია ვიზიტის ადგილად.

თურქეთი არის ადგილი, საიდანაც ობამას შეუძლია ერთბაშად რამდენიმე პრობლემას სწვდეს - ერაყიდან დაწყებული და კავკასიითა და ირანით დამთავრებული.

რაკი ერაყიდან საკუთარი სამხედრო ძალის გაყვანას აპირებს, ვაშინგტონს სურს, რომ ანკარა და სხვა მეზობელი სახელმწიფოები დაეხმარონ, იქ სტაბილური პოლიტიკური გარემო შეიქმნას.

კავკასიასთან დაკავშირებით, ვაშინგტონს სურს წინ აღუდგეს მოსკოვის მცდელობას დააშინოს საქართველო და უკან, მოსკოვის ორბიტაზე, დააბრუნოს. თეთრი სახლი მიესალმება თურქეთის მცდელობას გახსნას სომხეთთან დამაკავშირებელი საზღვარი და შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი კავკასიაში, სადაც შეერთებულ შტატებსა და თურქეთს, ისევე როგორც რუსეთს, დიდი ენერგეტიკული ინტერესები აქვთ.

სხვათა შორის, 6 აპრილს აბდულა გულისა და ბარაკ ობამას ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანკარაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სომეხთა გენოციდის თემას გამოეხმაურა:

"ჩემი თვალსაზრისი ცნობილია და მე არ ვიცვლი ჩემს შეხედულებას. რასაც ძალიან გაბედულად მივიჩნევ, არის ის სიახლე, რომ აბდულა გულის პრეზიდენტობის დროს თურქეთსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებათა მთელი სერია საიმისოდ, რომ ამ პროცესში გადაწყდეს დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემები და, მათ შორის, ეს პრობლემაც.”

ვაშინგტონს, შესაძლოა, სურდეს უფრო მეტი პირდაპირი კავშირების დამყარება თურქეთთან, რომელიც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალისხმევას საიმისოდ იყენებს, რომ შუამავალი გახდეს ისეთ სახიფათო მოთამაშეებს შორის, როგორიც სირია-ისრაელი და ავღანეთ- პაკისტანია.

ობამა ასევე ხვდება თურქეთის ძირითად ოპოზიციურ პარტიებს და, რაც ყველაზე უპრეცედენტო ნაბიჯი იქნება, თურქეთის ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერსაც. ეს კი იქნება აღიარება ქურთების უმცირესობის კულტურული უფლებებისა იმ დროს, როდესაც თურქეთის მთავრობა ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ქურთისტანის მუშათა შეიარაღებული მოძრაობა, რომელსაც თურქეთიც და შეერთებული შტატებიც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

არსებობს ვარაუდი, რომ თურქეთში ვიზიტი ობამამ, შესაძლებელია, მუსლიმანური სამყაროსადმი მიმართვისთვის გამოიყენოს, თუმცა ანალიტიკოსებს სტამბული ასეთი პლატფორმისთვის შესაფერის ადგილად არ მიაჩნიათ.ამის მიზეზი კი კვლავაც ისაა, რომ თავად თურქეთშია დაპირისპირება მუსლიმანობასა და სეკულარიზმს შორის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG