Accessibility links

logo-print

ხელისუფლება და ოპოზიცია 9 აპრილის წინ



რამდენიმე დღე დარჩა იმ აქციამდე, რომელმაც უნდა გაარკვიოს, საზოგადოების რა ნაწილი გამოდის ქუჩაში ხელისუფლების მიმართ პროტესტით, რას აპირებს ოპოზიცია და რა საპასუხო სვლები აქვს ჩაფიქრებული ხელისუფლებას პროტესტის გასანეიტრალებლად.

იმის შემდეგ, რაც ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქციის თარიღად 9 აპრილი გამოაცხადა, ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ორი მიმართულებით აამოქმედა. ალბათ, იყო და არის სხვა მიმართულებებიც, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ჯერ არ ჩანს. საჯარო სივრცეში კი ხელისუფლების მხრიდან პირველი დარტყმა იყო იარაღი, რომლის შესყიდვას ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები აპირებდნენ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერები ყველა ტელეეთერით გავრცელდა. გამყიდველები, როგორც თავად ხელისუფლებამ აღიარა, ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ. პირდაპირი ბმა ამ იარაღსა და ნინო ბურჯანაძის პარტიას შორის ვერ განხორციელდა. მაშ, რატომ გაკეთდა ასეთი აქცენტი ამ იარაღზე? კითხვას საბოლოო პასუხს 9 აპრილის შემდეგ განვითარებული მოვლენები გასცემს. დღეისათვის ყველაზე რეალური ის ვარაუდია, რომ ხელისუფლებას სურდა, იარაღით დაეფრთხო ოპოზიციური პარტიები და ნინო ბურჯანაძე მარტო დაეტოვებინა. ამიტომაც გავიდა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში გადაცემათა ციკლი „ვემიჯნები იარაღს!“. მაგრამ ეს გეგმა განწირული აღმოჩნდა, რადგან ფარული ჩანაწერების გავრცელებისთანავე ოპოზიციონერი ლიდერები ნინო ბურჯანაძის გვერდით დადგნენ - ისინიც კი, რომლებიც მანამდე არ ჩქარობდნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის გარემოცვაში გამოჩენას.

ამის შემდეგ ამოქმედდა მეორე გეგმა, რომელიც ოპოზიციისთვის დიალოგის შეთავაზებას გულისხმობდა. რასაკვირველია, იმ დაძაბულ ფონზე, როდესაც ყველა მხარე პროვოკაციის აღსაკვეთად ემზადება, ხელისუფლების მხრიდან დიალოგის შეთავაზება საკმაოდ მიმზიდველი ნაბიჯი იყო - მიმზიდველი, ოღონდ არა ოპოზიციისთვის, არამედ – საზოგადოებისთვის. თემები, რომლებიც დიალოგისთვის შეირჩა, ისევე, როგორც დიმიტრი შაშკინი, რომელიც მომლაპარაკებელ ფიგურად
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გადადგა? რა მოხდება იმის შემდეგ, თუკი პრეზიდენტი გადადგა?
დასახელდა, არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის უინტერესო აღმოჩნდა. ხელისუფლების მხრიდან დიალოგის დაჟინებულ შეთავაზებას ოპოზიციამ უარით უპასუხა და ამით საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიცია არ გაიხლიჩა და არ მოხდა ის, რაც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას სურდა – ნაწილი დასთანხმებოდა დიალოგს, მეორე, რადიკალურ, ნაწილს კი უარი ეთქვა და ოპოზიციის რიგებში ბზარი გაჩენილიყო. იმის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა შალვა რამიშვილის ციხიდან გათავისუფლებაზეც კი, როგორც კეთილი ნების ჟესტზე დიალოგის დასაწყებად, ცხადი გახდა, რომ უფრო სერიოზული დათმობების იმედი არავის უნდა ჰქონოდა.

ასე რომ, ხელისუფლების მიერ ჩატარებული პრევენციული ღონისძიებებით, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდა რაიმე გარდატეხის შეტანა 9 აპრილის აქციის გეგმებში.

როგორ ეგებებიან აქციის დღეს ოპოზიციური პარტიები? მათი ძლიერი მხარეა გაერთიანება, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. მართალია, რესპუბლიკელები და, უფრო მეტად, „ახლები“ საკუთარ თავს დღემდე „9 აპრილის მძევალს“ უწოდებენ, მაგრამ მათმა ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, მთელი საქართველო შემოიარა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, რის შემდეგაც მისი გამიჯვნა 9 აპრილის აქციისგან შეუძლებელი გახდა.

ასე რომ, არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერჯერობით ერთიანია. ორ ტელევიზიაში, რომელსაც, ჯამში, ქართული საზოგადოების საკმაოდ მცირე ნაწილი უყურებს, გადის კლიპები, მოთხოვნით: „მიშა, წადი!“ და სენტიმენტალური მოწოდებები პოლიციის თუ ჯარის მიმართ, რომ ხალხს არ დაუპირისპირდნენ. ეს ოპოზიციის დიდ წარმატებად ვერ ჩაითვლება.

და მაინც, ოპოზიციის საცხრააპრილო მზადების ხილულ სისუსტეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უპასუხოდ დარჩენილი სამი კითხვაა: როგორ უნდა აიძულოს ხალხმა პრეზიდენტი, რომ გადადგეს? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი არ გადადგა? რა მოხდება იმის შემდეგ, თუკი პრეზიდენტი გადადგა? ის რეალობა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო ან თავი არ შეიწუხა, ამ კითხვებზე პასუხები წინასწარ მოემზადებინა, სავარაუდოდ, პროტესტის საჯაროდ გამოხატვის მსურველთა რიცხვს შეამცირებს. არადა, 9 აპრილს აქციაზე მისული ადამიანების რაოდენობა ყველა სხვა ფაქტორზე მეტად განსაზღვრავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამომავლო წონასა და შანსებს.
XS
SM
MD
LG