Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 6 აპრილი 2009



”რეზონანსმა” სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 313 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტების თითქმის 18 პროცენტი აქციაზე წასვლას აპირებს. ”შეგახსენებთ, რომ თბილისი მილიონიანი ქალაქია”, - წერს გაზეთი, - ”და თუ ყველაზე პატარა ციფრს - მილიონს - ავიღებთ, გამოდის, რომ აქციაზე მინიმუმ 180 ათასი ადამიანი მივა.” - ასეთ პროგნოზს სთავაზობს მკითხველს ”რეზონანსი”, რომელშიც დღეს ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან. ის ამბობს: ”ჩვენ ხელისუფლებას ინტელექტით უნდა მოვუგოთ. ხელისუფლების რესურსი შეზღუდულია: მისი ძირითადი რესურსი არის რეპრესიული მანქანა და პროპგანდისტული საშუალებები სახელისუფლებო ტელევიზიების სახით”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი. ამავე ინტერვიუდან შეიტყობთ, რომ ”ალიანსის” მხრიდან ირაკლი ალასანია ცდილობს კოორდინირებული მოქმედების გეგმა წარუდგინოს და დაითანხმოს 9 აპრილის ჯგუფი”. დავით ბერძენიშვილი განმარტავს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში, ერთი მხრივ, ფიქსირდება 9 აპრილის აქციის ინიციატორთა ჯგუფი, მეორე მხრივ კი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალები, ვინც განწყობილია აქციაში სერიოზული წვლილი შეიტანოს, მაგრამ მიაჩნია, რომ საჭიროა გეგმების შეთანხმება. ”რეზონანსი” ეკა ბესელიასაც ესაუბრა. ბესელიას თქმით, აქციის პირველი დღის თემა სწორედ ის იქნება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში აჩვენოს აქცია. ზვიად ძიძიგურის თქმით კი, აქციის დარბევის ძალიან მცირე ალბათობა არსებობს, თუმცა ასეთი განვითარება არ არის გამორიცხული.

”ახალ თაობაში” ერთი გვერდი ეთმობა ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერ ვაჟა ლორთქიფანიძესთან, რომელიც 9 აპრილის აქციის იდეას მხარს უჭერს და მასში მონაწილეობასაც გეგმავს. არასაპარლამენტო ოპოზიციას ასე ახასიათებს: ”ასეთი რაოდენობისა და გამოცდილების ადამიანებს მე ხელისუფლებაში ვერ ჩამოვთვლი. მეათედიც არ არის. ამ ხალხს აქვს სიკეთე, სიყვარული და არააგრესიულობა.”

”კვირის პალიტრის” კორესპონდენტი ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიას ესაუბრა. ალასანია ამბობს, რომ იცის ხელისუფლების აქციის დღეებისთვის მზადების შესახებ და აცხადებს: ”მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალის გამოყენებას მოგთხოვთ, არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას, რადგან ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.” - ალასანია გამოთქვამს იმედს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

”7 ნოემბერი დიდი შეცდომა იყო და აღარ უნდა განმეორდეს”, - ამბობს უმრავლესობის წევრი რუსუდან კერვალიშვილი ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: ”ქუჩაში საკითხების გადაწყვეტა წარმოუდგენელია, ქვეყნის ბედი დიალოგით უნდა გადაწყდეს”. ”კვირის პალიტრა” მკითხველს სთავაზობს რჩევებს - ”რა უნდა იცოდეს მომიტინგემ”. ავტორის აზრით, მრავალათასიანი ხალხის მასაში პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვა არანაკლებ აუცილებელია, ვიდრე ბრძოლის ველზე.

”ვერსია” თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით თევზაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. თევზაძე ამბობს: ”ხალხი არაფერს ატრიალებს. ხალხი ან ჯანყდება, ან რევოლუციას აწყობს. თუმცა რევოლუცია რომ გააკეთოს, ამისთვის სერიოზული რევოლუციური რესურსი სჭირდება, ხოლო გადატრიალება თვითონ მმართველ ჯგუფში ხდება.” ”ვერსია” დღეს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის - ალექსანდრე ებრალიძის - პერსონით ინტერესდება და მას იმ ბიზნესმენთა ჯგუფს მიაკუთვნებს, რომლებსაც ბოლო დროს ქართული პოლიტიკის მიმართ ინტერესი გაუმძაფრდათ. გაზეთი ებრალიძის ძლიერ გავლენასა და მის კრიმინალურ წარსულზეც წერს. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთა გააქტიურებაზე გაზეთი ლეიბორისტთა ლიდერსაც ეკითხება. შალვა ნათელაშვილის პასუხი: ”მაგ ბიზნესმენების დიდი ნაწილი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს ედგა მხარში, რათა ე.წ. ვარდების რევოლუციის სპექტაკლი გაეთამაშებინა. მადლობის ნიშნად, რამდენიმე მათგანს ქვეყნის სიმდიდრეებიც აჩუქა. ამის მაგალითი ბენდუქიძე გახლავთ. უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენებს მუდმივ პრინციპებს ვერ მოსთხოვ. მე მარტო იმაზე დავდებ თავს, რომ ჩვენ არავინ გვიდგას გვერდში”, - აცხადებს ნათელაშვილი. ”ვერსიაშივე” წაიკითხავთ ”ქართული აკადემიის” წევრ ნუკრი ქანთარიასთან ინტერვიუს: ”თუკი სააკაშვილის წასვლა ქვეყნის დაქცევაში გადაიზარდა, მაშინ ყველაფერს თავს დავანებებთ. ქვეყანას ამ კაცს ვერ გადავაყოლებთ და შევეცდებით შემდეგ სხვა ხერხებით უფრო ხანგრძლივი პროცესები დავიწყოთ”, - ამბობს ნუკრი ქანთარია.

ნინო ბურჯანაძემ ინტერვიუ მისცა ”ასავალ-დასავალს”. ”გარწმუნებთ, რომ სააკაშვილს ხალხის დიდი მასის ძალიან ეშინია”, - აცხადებს ბურჯანაძე და 2007 წლის ნოემბრის დღეებში პრეზიდენტთან ურთიერთობის ზოგიერთ დეტალს იხსენებს. ბურჯანაძე გამოთქვამს რწმენას, რომ, ოპოზიციის ერთიანობისა და ხალხმრავალი აქციის შედეგად, სააკაშვილი გადადგება. ”ასავალ-დასავალი” ირაკლი ოქრუაშვილს დაუკავშირდა. ოქრუაშვილის თქმით, ის ”სულიერად და მორალურად ნამდვილად” იქნება 9 აპრილს თბილისში. ”ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი დაბრუნება ტექნიკურად იყოს ადვილი, რათა ჩემი ჩამოსვლა არ გახდეს საერთო გეგმის დამრღვევი”, - აცხადებს ოქრუაშვილი.

”ასავალ-დასავალი” დღევანდელ ნომერში წერს, რომ ”ჯორჯიან ტაიმსის” მთავარი რედაქტორის მოადგილე ლევან ჯავახიშვილი 8 აპრილს პრეზიდენტ სააკაშვილის ახალი რეზიდენციის წინ თვითმკვლელობის აქციის მოწყობას გეგმავს. როგორც ჯავახიშვილთან ინტერვიუდან ირკვევა, მიუხედავად იმავე ხელისუფლების მხრიდან არაერთი დახმარებისა, ის სასოწარკვეთილია მეუღლის მდგომარეობის გამო. მისი მეუღლე ონკოლოგიური ავადმყოფია და მკურნალობისთვის დიდი თანხა სჭირდება. ლევან ჯავახიშვილი ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასო - სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული - პროგრამების აღდგენას ითხოვს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG