Accessibility links

logo-print

კვირის მოვლენების მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში მოხდა ის, რასაც, მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოც დიდი ინტერესით ელოდა. 1 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირისპირ პირველად შეხვდა თავის რუს კოლეგას დმიტრი მედვედევს და ურთიერთობის თავიდან დაწყება რამდენიმე საკითხის გათვალისწინებით შესთავაზა. ერთ-ერთ ასეთ პრინციპულ საკითხს საქართველოს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა წარმოადგენს და საქართველო ნახსენებია ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ლონდონში მიღებულ ერთ-ერთ დეკლარაციაშიც, სადაც ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარშემო თანამშრომლობის სურვილია გამოხატული. ციტატა ტექსტიდან: ”მართალია, ერთმანეთს არ ვეთანხმებით შარშანდელი აგვისტოს ომის მიზეზებისა და მოვლენების თანმიმდევრობის გარშემო, მაგრამ შევთანხმდით, რომ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა ამჟამინდელი არასტაბილური ვითარების მშვიდობიანი და გრძელვადიანი მოგვარების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებთ მნიშვნელოვან განსხვავებებს, ჩვენს შორის რომ რჩება, ხაზგასმით აღვნიშნავთ გასული წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი გეგმის, 8 სექტემბრის შეთანხმებისა და სხვა შეთანხებების მნიშვნელობას.”

გარდა ამისა, რადიო “თავისუფლებისთვის” მალევე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს თემას ობამასა და მედვედევის მოლაპარაკებაზე სერიოზული უთანხმოება გამოუწვევია. ვაშინგტონის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით (რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა), შეხვედრაზე ობამამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. თეთრი სახლის იმავე წარმომადგენლის ცნობით, რუს კოლეგასთან შეხვედრისას ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “გავლენის სფეროების” ცნება მიუღებელია 21-ე საუკუნეში და რომ ეს იდეა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა...

ამერიკა რუსეთთან ძველებური ურთიერთობის გაგრძელებას და საქართველოსთან დაკავშირებით თვალის დახუჭვას რომ არ აპირებს, პრეზიდენტმა ობამამ 3 აპრილსაც გაიმეორა, მას შემდეგ, რაც ნატოს საიუბილეო სამიტის წინ თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის შეხვდა. სწორედ ის ახსენა პრეზიდენტმა ობამამ საქართველოზე საუბრისას: ”მე ვაკრიტიკებდი საქართველოში რუსეთის ინტერვენციას და ახლაც მჯერა, რომ, მიუხედავად პრეზიდენტ სარკოზის შთამბეჭდავი ძალისხმევისა, ეშუამავლა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, დღემდე არ მომხდარა ვითარების სტაბილიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ რუსეთს გარკვევით ვუთხარით, რომ გვსურს მასთან მუშაობა, მაგრამ ვერ დავუბრუნდებით მუშაობის ძველ სტილს.”
ბარაკ ობამას ამ კომენტარმა თბილისის დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ”რაღაც ილუზიები ვიღაცებს ჰქონდათ რუსეთში, რომ მოხდებოდა საქართველოს გაყიდვა ამერიკის მიერ ავღანეთის სანაცვლოდ და ირანთან რაღაც ურთიერთობების სანაცვლოდ. არაფერი მსგავსი არ მოხდა, მე მაქვს ინფორმაცია ვაშინგტონიდან - საქართველოს საკითხი იყო ძალიან მნიშვნელოვან დონეზე დაყენებული ამ შეხვედრაზე”,- აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აპრილს ბათუმში მას შემდეგ, რაც იქ რამდენიმე დღით ჩამოსული ამერიკული სამხედრო გემი დაათვალიერა. იქვე მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა საუბარი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილესთან, ოთხვარსკვლავიან გენერალთან ჯეიმს კართრაითთან, რომელიც თბილისს მიმდინარე კვირაში სტუმრობდა. გენერალ კართრაითის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები გაწვრთნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ყურადღება საქართველოს თავდაცვაზე გამახვილდება. ამასთან, პარტნიორები იმუშავებენ საჭირო აღჭურვილობის თვალსაზრისითაც.
ქართული არმიის გაძლიერების სურვილთან დაკავშირებულმა განცხადებებმა, რომლებიც თბილისში ამერიკელი გენერლის სტუმრობის შემდეგ გაკეთდა, მოსკოვი მეტად გააღიზიანა. კრემლმა საქართველოს ხელისუფლებას რევანშისთვის მზადებაში დასდო ბრალი, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ტონი ბევრს შეცვლილი, ერთგვარად შერბილებული ეჩვენა. თუმცა უცვლელად დარჩა დმიტრი მედვედევის დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ. აი, რა განაცხადა მან: ”არ მსურს არანაირი ურთიერთობა პრეზიდენტ სააკაშვილთან და არც მექნება ურთიერთობა მასთან. მაგრამ თუ დემოკრატიული პროცესების თანახმად, ადრე თუ გვიან, საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, ღია ვიქნებით ნებისმიერი თემის განსახილველად.”
რა იგულისხმება ”ნებისმიერ თემაში”, რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია. ზოგს მოეჩვენა, რომ მედვედევმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიც კი იგულისხმა, ხოლო ზოგმა რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება, საქართველოს შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ცეცხლზე ნავთის დასხმის სურვილად აღიქვა. კრემლის მიერ იმავე მიზნით გაკეთებულ განცხადებებს შორის თბილისი მოიხსენიებს კომენტარს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 21 მარტს გააკეთა. ლავროვმა გამოხატა იმედი, რომ ”საქართველოს ეყოლება ლიდერები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებენ”. პასუხად მისმა ქართველმა კოლეგამ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, ”მოსკოვს მასთან შეგუება 2013 წლამდე მოუწევს.”
თუმცა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან 2013 წლამდე შეგუებას არ აპირებს ოპოზიცია. 9 აპრილის მიტინგებისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. 3 აპრილს კონსერვატიულმა პარტიამ, ”შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თბილისის მერიაში განაცხადი შეიტანა. განაცხადში შეკრებებისა და მანიფესტაციების ხანგრძლივობა 1 კვირით, ხოლო სავარაუდო მონაწილეთა რაოდენობა 150 000 ადამიანით განისაზღვრა. საპროტესტო აქციების მეთვალყურეობისთვის ემზადებიან ადამიანის უფლებათა დამცველებიც. სახალხო დამცველის ოფისი მიტინგებზე 100 მეთვალყურის გაგზავნას გეგმავს.
ოპოზიცია არ თანხმდება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დიალოგზე. სწორედ ამის გამო იყო, რომ 2 აპრილს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციასთან დიალოგის წარმართვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაავალა, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან არავინ მივიდა. ”ქორთი-იარდ მერიოტში” გამართულ შეხვედრაზე გამოცხადდნენ მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის სამი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები: ლევან ვეფხვაძე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან; დიმიტრი ლორთქიფანიძე - პარტიიდან ”ჩვენ თვითონ” და გურამ ჩახვაძე - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. ხელისუფლებასთან დიალოგში ჩაერთო ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
ბევრისგან განსხვავებით, ქრისტიან-დემოკრატებმა პროცესში ჩართვა ერთი ინიციატივის გასახმოვანებლად გადაწყვიტეს. ლევან ვეფხვაძის თქმით, აქტიურობა თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა გამოიჩინოს და სწორედ მან უნდა მიიწვიოს სასაუბროდ უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალის ლიდერი.
აზრთა სხვადასხვაობისა და დამსწრეთა სიმცირის მიუხედავად, შეხვედრამ კმაყოფილი დატოვა თავად დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების მინისტრი. მისი თქმით, შეთანხმება მოხერხდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელმაც სამი მთავარი საკითხის გარშემო უნდა იმუშაოს. ესენია: ”დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური კრიზისი და უსაფრთხოება.”
დიმიტრი შაშკინის ცნობით, ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის გამართვის მცდელობას ხელისუფლება ორშაბათს, 6 აპრილს, გააგრძელებს.
და მიმოხილვის ბოლოს, მიმდინარე კვირის კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელიც თანაბრად უკავშირდება საქართველოს შიდა თუ საგარეო ინტერესებს.
3 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს გაზსადენის ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც, სატრანზიტო შემოსავლებთან ერთად, ზრდის ასევე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შანსს. საუბარია ”თეთრ ნაკადზე”, რომელმაც კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი, საქართველოს გავლით, ევროპის ქვეყნებს უნდა მიაწოდოს. ურთიერთგაგების მემორანდუმს ”თეთრი ნაკადის კონსორციუმთან” ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საქართველოს მთავრობის სახელით მოაწერა ხელი. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც მილსადენი შავ ზღვაში უნდა გაატაროს, ”ნაბუკოს” პროექტთან ერთად, ევროპული ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების საერთო კონცეფციის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილება. ”თეთრი ნაკადი” კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირით თავდაპირველად უკრაინასა და რუმინეთს მოამარაგებს, ხოლო შემდეგ ამოქმედდება გაფართოების გეგმა, რომლის წყალობითაც გაზს სხვა არაერთი ევროპული ქვეყანა მიიღებს.
3 აპრილს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ”თეთრი ნაკადის კონსორციუმმა” საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის საჭირო სამუშაოები. გაზსადენის მშენებლობის დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება.


XS
SM
MD
LG