Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეცნიერო კალეიდოსკოპი


Googl-ი და ტვინის სიჯანსაღე

კროსვორდები, როგორც გონების გასავარჯიშებელი საშუალება, შეიძლება ითქვას, გუშინდელი დღეა. დღეს მეცნიერები საამისოდ ინტერნეტში ძიებას გვათაზობენ. ვინაიდან მსოფლიო აბლაბუდაში ინფორმაციის ძიება გადაწყვეტილებების მიღების კომპლექსური პროცესია - იტყობინება ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი. როგორც აღმოჩნდა, ამ პროცესში აქტიურდება თავის ტვინის ის რეგიონები, რომლებიც ჩვეულებრივი კითხვის დროს პასიურია. მაგრამ განსხვავება იჩენს თავს ინტერნეტში გაწაფულებსა და გამოუცდელებს შორის, წერენ მეცნიერები Amercan Journal of Geriatric Psychiatry-ში.

"ჩვენი გამოკვლევის ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ ინტერნეტში ძიება უფრო ფართო მასშტაბის ნეირონულ კვანძებს მოიცავს, რომლებიც კითხვისას, როგორც წესი, არ არის აქტიური," გვიხსნის კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელი გერი სმოლი. "მაგრამ თავის ტვინის ამგვარი აქტიურობა მხოლოდ იმ მომხმარებლებში შეინიშნება, რომლებსაც უკვე აქვთ ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება.

სმოლის ჯგუფის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 55-დან 76 წლამდე ასაკის 24 ნეიროლოგიურად ჯანსაღი საცდელი პირი იღებდა მონაწილეობას. მათ ნახევარს ინტერნეტის გამოცდილება არ მოეპოვებოდა. პირველ ექსპერიმენტში საცდელმა პირებმა მიიღეს ამოცანა, რომელიც ტექსტების წაკითხვაში მდგომარეობდა. კითხვის პროცესში მეცნიერები მათი თავის ტვინის აქტივობას მაგნიტური რეზონანსის ტომოგრაფიის მეშვეობით აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ საცდელი პირების ტვინის ის სფეროები იყო განასკუთრებით აქტიური, რომლებიც პასუხისმგებელია ენის კონტროლის, წაკითხულის გაგების, მეხსიერებისა და ვიზუალური უნარებისთვის.

მეორე ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც საცდელ პირებს ინფორმაცია ინტერნეტში უნდა მოეძიებინათ, მკაფიო სხვაობა გამოავლინა ინტერნეტში გამოცდილებსა და გამოუცდელებს შორის. გამოცდილთა შემთხვევაში მეცნიერებმა გარდა თავის ტვინის ზემოთჩამოთვლილი არეალებისა, აქტიურობა აღმოაჩინეს ე.წ. ფრონტალურ და ცინგულარულ არეალებშიც, რომლებიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებისა და კომპლექსური მსჯელობისთვის. სმოლი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ განუწყვეტელი ფიქრი იმაზე, თუ რომელი შედეგი აირჩიო, ნეირონული კვანძების აქტიურობას ინარჩუნებს და ასაკოვან ადამიანებშიც უწყობს ხელს სწავლის პროცესს. მეცნიერთა, თანახმად, იგივე ეფექტი იქნება ინტერნეტში გაუთვითცნობიერებელი ადამიანების ჯგუფში, მას მერე, რაც ისინი მსოფლიო აბლაბუდაში გზის გაკვლევის გარკვეულ გამოცდილებას შეიძენენ.

როცა თავის ტვინი ბერდება, მასში მთელი რიგი ფუნქციური ცვლილებები ხდება: მცირდება ტვინის უჯრედების რაოდენობა, უჯრედების აქტიურობა იკლებს, ხდება ე.წ. ამილოიდის დაგროვება. ამ პროცესების შესანელებლად მეცნიერები და ექიმები აქამდე გვთავაზობდნენ ტვინის მასტიმულირებელ საქმიანობას, მაგალითად, კროსვორდების ამოხსნას. მაგრამ დღეს უკვე კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების დადებით ეფექტსაც განიხილავენ თავის ტვინის დაბერების პროცესის შემაკავებელ საშუალებად.
ასე რომ გამოიყენეთ Googl-ი, როგორც სიბერის წამალი.


პამიდორი - კიბოს წამალი

ექიმები გვირჩევენ, რომ დღეში სულ ცოტა ხუთჯერ მაინც უნდა ვჭამოთ ხილ-ბოსტნეული, თუ გვინდა, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. მაგრამ განა ვინ აკეთებს ამას? უფრო პრაქტიკული იქნებოდა, მხოლოდ ერთ პორციაში რომ შეიძლებოდეს ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი ნივთიერებების მიღება. სწორედ ეს მიზანი დაისახეს ევროპელმა მეცნიერებმა. მათ შექმნეს გენეტიკურად მანიპულირებული პამიდორი, რომლის ნაყოფი იმდენ ანტიოქსიდანტს შეიცავს ანთოციანების ჯგუფიდან, რომ ამის გამო იასამნის ფერის ხდება. მას მერე, რაც ასეთი პამიდორი საცდელ თაგვებს აჭამეს, აღმოჩნდა, რომ სახეცვლილ ბოსტნეულს კიბოს განვითარების შენელება შეუძლია. მაგრამ სანამ ცდები ადამიანებზე ჩატარდებოდეს, გასარკვევია, აქვს თუ არა ამგვარად სახეცვლილ პამიდორს რაიმე სახიფათო თანმდევი ეფექტი, ვკითხულობთ ჟურნალ Nature Biotechnology-ში.

“ეს პირველი შემთხვევაა, როცა გენეტიკურად სახეცვლილი საკვები მცენარე იძენს ყველასთვის სასარგებლო თვისებას”, აცხადებს ნორვიჩის ჯონ ინსის ცენტრის თანამშრომელი კეითი მარტინი, რომელიც ევროპის მასშტაბით მიმდინარე კვლევითი პროექტის კოორდინატორია. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და ნიდერლანდის მეცნიერებმა შეძლეს პამიდვრის მემკვიდრეობაში შეეყვანათ დევისპირას ორი გენი, რომლებიც ყვავილების ფერისთვის არის პასუხისმგებელი. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტების შემცველობა გასამმაგდა. პამიდვრის ნაყოფში ანთოციანების პროდუქციამ მცენარეს ფერი შეუცვალა. პამიდორში ამ პიგმენტების შემცველობამ დაახლოებით მაყვლისა და შავი მოცხარისას მიაღწია.


ელექტროსადგური ლანჩაში

ვინც მომავალში ონკანს მოუშვებს, წყურვილის მოკვლასაც შეძლებს და საკუთარი მობილური ტელეფონის აკუმულატორის დატენასაც. გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს პატარა გენერატორი, რომელსაც სპეციალური მემბრანების რხევის მეშვეობით ელექტროდენის გამომუშავება შეუძლია. ამისთვის წყალმა ან გაზმა დენის გენერატორის ფილიგრანულ არხებში უნდა გაიაროს.

“უახლოესი მომავლისთვის ჩვენი მიზანია, ბატარეებზე მომუშავე ისეთი აგრეგატები, როგორიცაა, მაგალითად, წყლის მრიცხველი, დამოუკიდებლად უზრუნველვყოთ ენერგიით და ამგვარად სრულიად დამოუკიდებელი სისტემები შევქმნათო”, ამბობს შტუტგარტის ფრაუნჰოფერის ტექნოლოგიის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი აქსელ ბინდელი.

ვინაიდან ამ გზით მიღებული ელექტროენერგიის ძაბვა ჯერჯერობით 50 ვოლტს არ აღემატება, მისი მოხმარება კერძო ბინებში არ შეიძლება. სამაგიეროდ, მრეწველობაში არსებობს მთელი რიგი სფეროები, სადაც დაბალი ძაბვის ელექტროენერგია გამოიყენება.

მოძრავი მედიუმებიდან ელექტროენერგიის მიღებაზე ბევრი სხვა მეცნიერიც მუშაობს. მაგალითად, დერეკ სტაინმა პროვიდენსის ბრაუნის უნივერსიტეტში შექმნა ერთი ციცქნა ნანომილაკების ქსელი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს წნევის შედეგად, მაგალითად, სიარულისას ფეხსაცმლის ლანჩაზე წარმოებული წნევისას. მასში მოთავსებული ასეთი მიკროელექტროსადგურით შესაძლებელია სიარულისას მცირე ელექტრომოწყობილობების აკუმულატორების დატენა.

ნანოარხების კიდევ უფრო მჭიდრო ქსელის შექმნის შემთხვევაში, სტაინის თანახმად, ერთ კვადარტულ მეტრზე იმდენი კილოვატის გამომუშავება იქნება შესაძლებელი, რამდენსაც შესაბამისად კაშხლებზე განთავსებული ელექტროსადგურები გამოიმუშავებენ.
XS
SM
MD
LG