Accessibility links

logo-print

9 აპრილისთვის ცხინვალში შესაძლო დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან


9 აპრილამდე სამი დღით ადრე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის ატოევმა რუსული და ოსური მედიისთვის საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და კონფლიქტის ზონაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. ატოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად ავრცელებს ვერსიას თბილისისკენ რუსეთის არმიის შესაძლო გადაადგილების შესახებ, რათა საკუთარი მოსახლეობის ყურადღება საპროტესტო აქციებიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მოვლენათა განვითარების ამგვარ სცენარს ატოევი კატეგორიულად გამორიცხავს და თბილისს ცხინვალის მახლობლად დივერსიულ-ტერორისტული პროვოკაციების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ატოევის განცხადებით, საქართველოს სპეცსამსახურები დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობისთვის ამზადებენ ლიახვის ხეობიდან დევნილ ახალგაზრდებს, რომლებიც შეეცდებიან დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეღწევას და პროვოკაციების მოწყობას 9-დან 15 აპრილამდე.

შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის ვლადიმერ ვარძელაშვილის ინფორმაციით, რუსეთმა სასაზღვრო ტერიტორიებზე დამატებითი კონტინგენტი და მძიმე ტექნიკა განალაგა, რაც პროვოკაციების ალბათობას ზრდის. ვარძელაშვილის შეფასებით, ატოევი კრემლში დაწერილი სცენარის მიხედვით საუბრობს და, ვითომდა გამაფრთხილებელი განცხადებებით ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების თვალში გაამართლოს რუსეთის ტექნიკის გადაადგილება. გუბერნატორის განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სურს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილურობის შენარჩუნება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ადგილობრივმა ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ცხინვალის მოსახლეობა სერიოზულად არის შეშფოთებული მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, ნაწილი კი ევაკუაციის დაწყებასაც მოითხოვს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ კოკოითის ხელისუფლება შეგნებულად თესავს პანიკას, რათა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროტესტი მტრის ხატის შექმნით გადაფაროს.
XS
SM
MD
LG