Accessibility links

30 მარტს, ეროვნულ კინოცენტრში, საექსპერტო კომისიამ გამოავლინა 2010 წელს, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები. გაისად სახელმწიფო ორ პროექტს დააფინანსებს - რეჟისორ რუსუდან ჭყონიას პირველ ადგილზე გასულ სცენარს "გაიღიმეთ" და ზაზა რუსაძის პროექტს "ჩემი საბნის ნაკეცი". რუსუდან ჭყონიას ფილმის გადასაღებად ეროვნულმა კინოცეტრმა 250 000 ლარი გამოყო.

"არ ვიცი - კიდევ თუ იქნება კონკურსი... ვცდი, მაგრამ ჯერ უარია" - მითხრა რუსუდან ჭყონიამ სამი წლის წინ, როცა მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი - მას შემდეგ, რაც შვეიცარიის ფონდ "ავანტის" მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულს, რუსუდან ჭყონიას ეროვნულმა კინოცენტრმა უარი უთხრა დახმარებაზე, ანუ არ გამოუყო თანხა ფილმის წარმოებისთვის...

მოგვიანებით "ავანტის" გრანტს კიდევ ერთი ჯილდო დაემატა: ბელგრადის ე.წ. ფესტივალთა ფესტივალის, "ფესტის" ფარგლებში, სექციაში "აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები" ჭყონიას პროექტი საუკეთესოდ ცნეს და რეჟისორს 7000 ევრო გამოუყვეს. მაგრამ ფილმის გადაღება მან მაინც ვერ შეძლო.

თუ თანხის ნაწილი საქართველოში არ იქნა მოძიებული, ძალიან რთული იქნება ამ ფილმის გადაღება, მიუხედავად დიდი დაინტერესებისაო, მითხრა მაშინ რეჟისორმა. იმ ინტერვიუში რუსუდან ჭყონიამ ისიც თქვა, მიზანს სანამ არ მივაღწევ, ვერ მოვისვენებ, ისევ მივიღებ კინოცენტრის კონკურსებში მონაწილეობასო... ახალგაზრდა კინორეჟისორმა სამი წლის შემდეგ გაიმარჯვა.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამ ხნის მანძილზე სცენარი აქტუალობას დაკარგავდა და რუსუდან ჭყონია იმ ქართველი კინორეჟისორების ბედს გაიზიარებდა, რომლებიც ხუთ, ზოგჯერ შვიდ თუ რვა წელიწადს იღებდნენ ფილმებს, რადგან წარმოებისთვის ფულს ასე, ნაწილ-ნაწილ შოულობდნენ. რაც, კაცმა რომ თქვას, უარყოფითად აისახა ამ ფილმების ხარისხზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: დრომ უფრო აქტუალური გახადა ფილმი, რომელსაც "გაიღიმეთ" ჰქვია. და არა მარტო სიუჟეტის გამო - ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც სურათის ავტორი გვიამბობს.

"ეს არის მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსი. ერთი პერსონაჟი არის ლტოლვილი, მეორე - პარლამენტარის ცოლი... არის მრავალშვილიანი აზერბაიჯანელი ქალიც. სულ ათი მთავარი გმირია, ყველას თავისი ისტორია აქვს, თავისი ხაზი”, მეუბნება რუსუდან ჭყონია.

სილამაზის კონკურსს მის ფილმში საფრანგეთიდან ჩამოსული სპეციალისტი ატარებს. დასავლელ კაცს უჭირს ამ ქალების, მათი პრობლემების გაგება. ქალები კი მზად არიან, დაემორჩილონ ევროპიდან მოვლენილი "შოუ-ბიზნესმენის" მანიპულაციას. ქალთა უფლებების დამცველები, რომლებმაც რუსუდან ჭყონიას სცენარი წაიკითხეს, ამტკიცებენ, რომ "გაიღიმე" ლამის პირველი ფემინისტური ფილმია ქართული კინოს ისტორიაში. მაგრამ სურათის ავტორი ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ სურათი ფემინისტური კი არა, ზოგადად, ადამიანურია. თემები, რომლებზეც ფილმშია ლაპარაკი, მამაკაცისთვისაც ისევე მტკივნეული და უნივერსალური, როგორც ქალისთვისო, ამბობს რეჟისორი.

ეს "მტკივნეული და უნივერსალური" პრობლემა კი გულისხმობს არა მარტო განსხვავებული კულტურების გაუცხოებას, არამედ ადამიანების ერთმანეთისგან გაუცხოებასაც; როგორც ყოფითი, ისე სამხედრო კონფლიქტი იქმნება მაშინ, როცა ადამიანები არ იცნობენ ერთმანეთს, არ ესმით ერთმანეთის ან, უბრალოდ, არ უნდათ ერთმანეთის მოსმენა. სოციალური ფონის დამძიმება მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს ასეთ კონფლიქტებს. თუმცა, რუსუდან ჭყონია არც იმაში გვეთანხმება, რომ ფილმი, რომელმაც თანამედროვე შოუ-ბიზნესის მანკიერება უნდა ასახოს, სოციალური კინოს იშვიათი ნიმუში იქნება თანამედროვე ქართულ კულტურაში.

"მგონი, მარტო სოციალური პრობლემა არაა, - ამბობს რეჟისორი. - არ მსიამოვნებს ხოლმე, როცა თვლიან, რომ ეს სცენარი არის სოციალურ პრობლემებზე. ესაა ფილმი ღირსების გრძნობაზე. სოციალური ფონი სხვა საკითხია. მაგრამ მაყურებელს პირველ რიგში მინდა ვუთხრა, რა ძნელია, დაიცვა საკუთარი ღირსება და როგორი იოლია, აღმოჩნდე მარიონეტი ვიღაცის ხელში, რაოდენ რთულია გადაწყვეტილებების მიღება და ყველა გზით გამარჯვება რამდენად ნიშნავს გამარჯვებას."

შელახული ღირსების პრობლემა აგვისტოს მოვლენებმა საქართველოს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახადა. პრინციპში ასე იყო ყოველთვის - რომელიმე რუსი მწერალი, მაგალითად, რასპუტინი, ჩვენთვის რაიმე არასასიამოვნოს დაწერდა საქართველოზე და მას მაშინვე გამოეხმაურებოდა ხოლმე მთელი არმია ჩვენი მწერლებისა, რეჟისორებისა, არტისტებისა. ომის შემდეგ, როცა საქართველოში შეწყდა რუსული ტელეარხების მაუწყებლობა, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას აღარ ჰქონდა საშუალება, გაეგო და ენახა, როგორ შუქდებოდა საქართველოს ამბები რუსეთის ტელევიზიებით.

თუმცა, ახალ ამბებს მაინც იგებდნენ - რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, მაგალითად, რომ ემირ კუსტურიცა აპირებს გადაიღოს ფილმი ქართულ-ოსურ კონფლიქტზე (ფილმის სცენარის ავტორია ცნობილი ოსი დისიდენტი და რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ფატიმა სალკაზანოვა). ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება კუსტურიცას ფილმი, ანდა, იქნება კი საერთოდ... მაგრამ კუსტურიცას გეგმებს უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოეხმაურნენ ქართველი კინორეჟისორებიც. ბევრი მათგანი თვლის, რომ აგვისტოს ამბების ამსახველი მხატვრული ფილმი სასწრაფოდ უნდა გადაიღონ ქართველებმაც. ამ, ასე ვთქვათ, "საპასუხო ფილმზე" მსჯელობა განახლდა გასულ კვირაშიც, როცა რუსეთის ტელევიზიით შედგა ვინმე იგორ ვოლოშინის ფილმის, "ოლიმპიუს ინფერნოს" პრემიერა. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მხატვრული კინოს დახმარებით პირველად დაიცვა თავისი პოზიცია შარშანდელი აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა, მხატვრული თვალსაზრისით "ოლიმპიუს ინფერნო" დიდად არ განსხვავდება საბჭოთა პროპაგანდისტული ფილმებისგან - სურათი, რომელიც ამტკიცებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო, იმდენად არადამაჯერებლად ასახავს სინამდვილეს, რომ საეჭვოა, ამერიკელი ენტომოლოგის ამ მოგზაურობამ ცხინვალის რეგიონში, ვინმე ააღელვოს, გარდა რუსეთის ოფიციოზის მსხვერპლის, პირველ რიგში კი რუსი ტელემაყურებლისა.

თუმცა, ასეთ მანიპულაციებს მხოლოდ და მხოლოდ პუტინ-მედვედევის ელექტორატი როდი ემორჩილება. პოლიტიკოსთა მანიპულაციის არაერთი მსხვერპლი ჰყავს საქართველოს საზოგადოებასაც და სწორედ ამაზე გვიამბობს, პირველ რიგში, რუსუდან ჭყონიას ფილმი. ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციებით დაწერილი სცენარი - უფრო ტრაგიკომედია, ვიდრე ტრაგედია, ან კომედია - დაეხმარება მაყურებელს, იყოს უფრო კრიტიკული სინამდვილის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ. ქართველი კინომცოდნეების ერთი ნაწილის აზრით, ჩვენს საზოგადოებას ეს უფრო სჭირდება ახლა, ვიდრე კონტრპროპაგანდისტული ფილმი - პასუხი თუნდაც ვოლოშინს... ბოლოს და ბოლოს, ვოლოშინის ფილმსაც და შესაძლო პასუხსაც ამ ფილმზე, ძალიან მალე დაივიწყებს ისტორია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG