Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ახალგაზრდული ორგანიზაციის საპროტესტო აქცია დაშალა


შიდაპოლიტიკური პროცესები საქართველოში ამ დროისათვის, ძირითადად, ოპოზიციის მოახლოებული ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე ვითარდება. 9 აპრილამდე დარჩენილი რამდენიმე დღით ადრე კი ცალკეული ორგანიზაციები უკვე მართავენ საპროტესტო აქციებს. „არა ძალადობას, ძირს იარაღი. ომის გარეშე“–ამ მოწოდებით 6 აპრილს პარლამენტის შენობის წინ პროფკავშირების ქალთა ქსელი შეიკრიბა, იმავე დღეს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის ქირის გაძვირების გამო ახალგაზრდებმა გამოთქვეს უკმაყოფილება, ხოლო 9 აპრილის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები ავლაბრის რეზიდენციასთან ცდილობდნენ თავიანთი პროტესტის გამოხატვას.

შესაძლოა, არც ეს არის 6 აპრილის საპროტესტო აქტივობათა სრული ჩამონათვალი, თუმცა ერთი რამის თქმა უდავოდ შეიძლება: საპროტესტო აქციებს შორის ყველაზე ხმაურიანი გამოდგა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქცია არასამთავრობო ორგანიზაციისა „რატომ“. აქცია პოლიციამ დაშალა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციისა „რატომ“ დაგეგმილზე ათიოდე წუთით გვიან გამოჩნდნენ ხმამაღალი საყვირებით, სტიკერებით, საღებავებითა და თოჯინით.

“ეს არის თენგო. რატომ ჰქვია, იცით, თენგო ? არსებობს ასეთი ამოუცნობი ობიექტი თენგო. სწორედ იგი გავაერთიანეთ ამ თოჯინაში და ახლა აქ მოვიდა, რათა პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს ყველაზე. თენგო მოვიდა, გეშინოდეთ!”-გაიძახოდნენ აქციის მონაწილენი.

ამ დოისათვის ტელევიზიის კიბეებზე გამაგრებულნი იყვნენ პოლიციელები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, ერთი მხრივ, ორგანიზაციის წევრები შენობაში არ შეეშვათ, მეორე მხრივ კი, საშუალება არ მიეცათ მათთვის კიბეები და მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო სლოგანებით აეჭრელებინათ. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის პირველი გაწევ–გამოწევაც სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეები ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყარა. რა გახდა აქციის იძულებით დაშლის მიზეზი? ამ შეკითხვაზე დაპირისპირებული მხარეები განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან. პოლიციის მონაცემებით, აგრესიულმა ახალგაზრდებმა პოლიციელს დაარტყეს, თავად აქციის მონაწილენი კი ამბობენ, აგრესიით სწორედ პოლიცია გამოირჩეოდაო.

ასეა თუ ისე, მცირედი ინტერვალის შემდეგ ტელევიზიის წინ ქუჩაზე შეკრებილ ახალგაზრდებს პოლიციამ კიდევ ერთხელ და თითქოსდა სრულიად უმიზეზოდ შეუტია, გაფანტული რატომელებიდან კი ოთხი პატრულის მანქანაში იძულებით ჩასვეს და ტერიტორიას გაარიდეს.

საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის საქმეში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო. სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა და დაკავებულებს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა, 400 ლარის ოდენობით. ოფიციალური ბრალდება ახალგაზრდების მიმართ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობაა. საქმეს დამოუკიდებლად სწავლობს სახალხო დამცველის აპარატიც. ისინი უახლოეს ხანში გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, დაირღვა თუ არა არასამთავრობო ორგანიზაცია ”რატომ”-ის წევრთა უფლებები.

„რატომ “-ის წევრები კი მოვლენათა ამგვარ განვითარებას ნაკლებად ელოდნენ. საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისინი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით შეიკრიბნენ.

“ ჩვენ რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია ტელევიზიის ბიუჯეტისა და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესახებ. ეს კი იმიტომ გავაკეთეთ, რომ გარკვეული ეჭვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან ყუბანეიშვილს აქვს ინტერესთა კონფლიქტი თავის თანამდებობაზე. ის გახლავთ ტი-ბი-სი ტივის მეპატრონე და ტი-ბი-სი ტივიმ ამ არხზე კონკურსების 60 პროცენტში გაიმარჯვა. დღეს უნდა მიგვეღო ეს ინფორმაცია, მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ დაგვხვდნენ - პოლიციის კორდონით და ცემა-ტყეპით.”

გვითხრა ირაკლი კორძაიამ, ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციისა „რატომ?“. მის ნათქვამს დავძენთ, რომ აქციის მონაწილეებმა ოფიციალური პასუხი ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მართლაც მიიღეს. თუმცა ეს პრაქტიკულად იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციამ აქციის დაშლის ეგრეთ წოდებული მესამე ეპიზოდი განახორციელა: ორგანიზაციის 4 წევრი აიყვანა. შესაბამისად, ორგანიზაციის წევრთა პრიორიტეტებიც ამ ეტაპზე ნაწილობრივ შეიცვალა. ანუ დაკავებული ახალგაზრდების ბედის გარკვევამდე დოკუმენტის შესწავლა ნაკლებად საშური საქმე გამოდგა. დამაკმაყოფილებელია თუ არა ბიუჯეტის ხარჯვაზე ტელევიზიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია ”რატომ”-ის წევრებისთვის, სავარაუდოდ, უკვე 7 აპრილს გამოჩნდება.

XS
SM
MD
LG