Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრო ეროვნული ვალუტის ნაცვლად


ევრო ეროვნული ვალუტის ნაცვლად აღმოსავლეთ ევროპაში
ევრო ეროვნული ვალუტის ნაცვლად აღმოსავლეთ ევროპაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებს ურჩევს უარი თქვან საკუთარ ეროვნულ ვალუტაზე ევროს სასარგებლოდ.

ეს უნდა გააკეთონ იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ეს ქვეყნები ევროზონის სრულუფლებიანი წევრები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონფიდენციალური რეკომენდაციების შესახებ სტატია ”ფაინენშლ ტაიმსმა” გამოაქვეყნა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონფიდენციალური მოხსენება ”ფაინეშელ ტაიმსმა” მას შემდეგ მოიპოვა, რაც სავალუტო ფონდმა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს მთელი ევროპის სრულფასოვანი მხარდაჭერის მიღება რეგიონისთვის მომზადებულ ანტიკრიზისულ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონფიდენციალურ მოხსენებაში ლაპარაკია იმაზე,რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ საკუთარი ეროვნული ვალუტა, მაგალითად, პოლონეთი ბულგარეთი, რუმინეთი და ბალტიის ქვეყნები - სასწრაფოდ უნდა გადავიდნენ ევროზე.

თავის მხრივ, ევროკავშირმაც უნდა შეამსუბუქოს ევროზონაში ახალი წევრების მიღების წესები და ეგრეთ წოდებული კვაზიწევრობის პრინციპი დაამკვიდროს.

ამ რეკომენდაციების მნიშვნელობას ”ფაინენშლ ტაიმსის” აღმოსავლეთ ევროპის რედაქტორი და სტატიის ავტორი სტივენ ვაგსტილი განმარტავს:

”ეს საინტერესოა, როგორ ურჩევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ევროს შემოღებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს განიხილონ ევროს შემოღების საკითხი საკუთარი სურვილის შესაბამისად, ევროპის ცენტრალურ ბანკში ფორმალური გაწევრიანების გარეშე.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდს არაფერი უთქვამს პრესაში გავრცელებულ კონფიდენციალურ მოხსენებაზე. თუმცა მანამდე, დიდი ოცეულის შეკრებაზე ლონდონში, სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა დომენიკ სტროს კანმა განაცხადა, რომ ოცეულის ქვეყნები ხანდახან სავალუტო ფონდის პოლიტიკური რეკომენდაციების იგნორირებას ახდენენ:

”საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღიარებულია როგორც არა მხოლოდ პროგნოზისტი, არამედ როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელიც. არ ვამბობ, რომ ოცეულის ქვეყნების მთავრობები აპირებენ იმის კეთებას, რაც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიფიქოთ და ვიმსჯელოთ იმაზე,თუ როგორი პოლიტიკა უნდა განხორციელდეს.”

დიდი ოცეულის ქვეყნები ლონდონის სამიტზე შეთანხმდნენ, რომ სავალუტო ფონდის რესურსები გაიზარდოს 750 მილიარდი აშშ დოლარით - ეს იმისათვის, რომ ფონდი კრიზისში მყოფ ქვეყნებს დაეხმაროს.

ბრიტანეთის ბიზნესის მინისტრის პიტერ მენდელსონის განცხადებით, სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდა აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ეკონომიკას წაადგება:

”მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვეხმარებით რესურსების მიწოდებაში იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უფრო სუსტები არიან ამჟამინდელ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისში, ვიდრე სხვები. ასე რომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია რეალური დახმარება გაუწიონ ქვეყნებს ეკონომიკის ზრდის მისაღწევად, დაეხმარონ მათ მიმართონ აუცილებელ ზომებს რეცესიიდან გამოსასვლელად და გლობალური ზრდის დასაბრუნებლად.”

მაგრამ, მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსებისა და მნიშვნელობის ზრდისა, ”ფაინენშლ ტაიმსის” სტატიის თანახმად, სავალუტო ფონდის კონფიდენციალურ რეკომენდაციას ევროზონის გაფართოების შესახებ სიფრთხილით მოეკიდა ძველი ევროპა, უპირველეს ყოვლისა კი, გერმანია.

”ფაინენშლ ტაიმსის” რედაქტორი სტივენ ვაგსტილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ევროზონის წესების შემსუბუქებისა და ახალი ქვეყნების მიღების საკითხებზე დისკუსიები უახლოეს მომავალში კვლავ განახლდეს.

ეს იმიტომ, რომ თუ რაღაც არ შეიცვალა,საბოლოო ჯამში, დასავლეთევროპელ გადასახადის გადამხდელებს აღმოსავლეთ ევროპის ბანკების სტიმულირება მოუწევთ.

საქმე ისაა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დიდ წილს ფლობენ დასავლეთევროპული ბანკები, რომლებმაც დიდი ინვესტიციები განახორციელეს, ახლა კი მათი დაბრუნების პრობლემებს წააწყდნენ - განსაკუთრებით ავსტრიული ბანკები, რომლებიც გაკოტრების საფრთხის წინაშე დგანან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი პრობლემების გამო.

დასავლეთევროპული ბანკები პასუხისმგებელნი არიან აღმოსავლეთ ევროპაში შვილობილი ბანკების ვალდებულებებზე და იქ წარმოქმნილი პრობლემები თავისთავად აზარალებს დასავლეთ ევროპასაც. ამ ვითარებიდან გრძელვადიან გამოსავლად შეიძლება იქცეს ერთიანი ვალუტის გავრცელება ევროპის მთელ კონტინენტზე. მაგრამ ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ევროზონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საფინანსო სისტემების კავშირი კვლავაც მთავარ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
XS
SM
MD
LG