Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ვიზიტი ობამამ სტუდენტებთან შეხვედრით დაასრულა


ბარაკ ობამა თურქ სტუდენტებთან შეხვედრაზე
ბარაკ ობამა თურქ სტუდენტებთან შეხვედრაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თურქეთში ვიზიტი დაასრულა და მოულოდნელად ესტუმრა ერაყს. იქ ის შეხვდა შეერთებული შტატების ჯარების სარდლობას და მოინახულა ბაღდადის მახლობლად განთავსებული ამერიკელი ჯარისკაცები. მოგვიანებით ობამა ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკისაც შეხვდა. ამ ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტმა დაამთავრა რვადღიანი ტურნე, რომლის მანძილზეც მან ევროპაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური ოცეულისა და ნატოს სამიტებში, რის შემდეგად ორდღიანი ვიზიტით ეწვია თურქეთს.

ეს ობამას პირველი ვიზიტი იყო მუსულმანურ სახელმწიფოში პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ, რასაც ბევრ მუსულმანურ ქვეყანაში ძირითადად დადებითად გამოეხმაურნენ. თურქეთში ყოფნისას, ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა თურქეთის დემოკრატიულ ტრადიციებს და მისი მუსულმანური მემკვიდრეობის სიდიადეს. დღეს ობამამ სტამბოლის რამდენიმე ღირსშესანიშნაობა მოინახულა, ესაუბრა სასულიერო ლიდერებს და შეხვდა სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

აია სოფიას ტაძარსა და ცისფერ მეჩეთში ამერიკელ სტუმარს ახლდა თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი. მანამდე ობამა შეხვდა მუსულმანთა, იუდეველთა და ქრისტიანთა სასულიერო ლიდერებს, შემდეგ კი სტუდენტებს ესტუმრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თავისი წინა გამოსვლების თემას ობამა სტუდენტებთან შეხვედრაზეც შეეხო და აღნიშნა, რომ ამერიკას სურვილი აქვს მუსულმანებთან ურთიერთობა ახალი ფურცელიდან დაიწყოს.

თურქეთის პარლამენტში გამოსვლისას ობამამ განაცხადა, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის საერთო ინტერესებს არ უნდა დაეფუძნოს. მისი თქმით, ამერიკის ურთიერთობა მუსლიმებთან დამყარებული უნდა იყოს ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი ბრაკ ობამა და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აია სოფიას ტაძარში
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თავადაც აქვს მუსულმანური ფესვები და გაიზარდა ინდონეზიაში, რომელიც მუსულმანებით ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული.

თურქეთში ობამას ვიზიტს თან ახლდა დელიკატური მომენტები, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი მშვენივრად გაუმკლავდაო - იტყობინებიან დღევანდელი გაზეთები. მან მოახერხა მუსულმანებისთვის შეტყობინების ისე გაგზავნა, რომ ფაქტიურად თურქეთი არ წარმოაჩინა როგორც მუსულმანური ქვეყანა.

მართალია, თურქები მუსულმანები არიან, მაგრამ ქვეყანაში ათათურქის შემდეგ სეკულარული წესები მოქმედებს და თურქეთი ევროპაში დამკვიდრებას ესწრაფვის. მიუხედავად ამისა, თურქეთის საზოგადოებაში სერიოზული წინააღმდეგობა იგრძნობა პრემიერ-მინისტრის მომხრეებსა და სეკულარულ ფრთას შორის. ცნობილია, რომ ერდოანის პარტია საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტი ისლამური წესის დამკვიდრებას ცდილობს.

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" აზრით, ბარაკ ობამამ თურქეთის საზოგადოების ორივე ფრთაზე სიფრთხილით ისაუბრა და თავისი პირადი მაგალითიც მოიშველია. ობამამ ქებით მოიხსენია თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, გაეუქმებინა ქურთული ენის სწავლებისა და ქურთულად მაუწყებლობის აკრძალვა და აემოქმედებინა ახალი ქურთული ტელესადგური.

კიდევ ერთი დელიკატური საკითხი, რომელიც თან ახლდა ობამას ვიზიტს თურქეთში, არის პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. პრესკონფერენციაზე ამერიკის ლიდერმა თავი შეიკავა სიტყვა "გენოციდის" გამოყენებისგან და განაცხადა, რომ მოხიბლულია იმ ძალისხმევით, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული მიმართავს სომხეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.

თურქეთში ვიზიტისას ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა ამ ქვეყნის მნიშვნელობას კავკასიის სტაბილური განვითარების საქმეში.
XS
SM
MD
LG