Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 8 აპრილი 2009


”რეზონანსი” 9 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო საქართველოს მიმართ უცხოური მედიის ყურადღების გააქტიურებაზე წერს. გაზეთი დაინტერესდა იმითაც, როგორ აპირებს აქციების გაშუქებას ქართული ტელემედია. ”მაესტრო” და ”კავკასია” აცხადებენ, რომ, თუ საჭირო გახდა, ისინი აქციას პირდაპირ ეთერშიც გაუშვებენ, დანარჩენი ტელევიზიები კი გადაწყვეტილებას უშუალოდ 9 აპრილს, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღებენ”, - წერს ”რეზონანსი”, რომლის კორესპონდენტსაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, განუცხადებია, რომ არხი იმუშავებს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც მაუწყებლის კოდექსით არის განსაზღვრული”. გარდა ამისა, ”რეზონანსის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ: ”პარლამენტის ბუნკერი დაალაგეს”. ციტატა: ”ხელისუფლება იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ხვალინდელი აქცია არც კი ადარდებს. თუმცა ამ ვითომუდარდელობის უკან რა იმალება, ამაზე მაინცდამაინც გუშინ პარლამენტის ბუნკერის დალაგების ფაქტიც მეტყველებს და საიდუმლოდ ჩატარებული თათბირებიც, სადაც თანამშრომლებს სახლებში არქივების წაღების დავალებებს აძლევენ”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

”ახალი თაობა” წერს: ”გამყრელიძის მსგავსად, ოპოზიციაში სხვებსაც სჯერათ, რომ 9 აპრილს ძალოვნები მათ მხარეს გადავლენ. ამ განცხადებას ხელისუფლება ირონიულად ხვდება. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ აქციებთან დაკავშირებით ძალოვან სტრუქტურებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ვიღაცები, თურმე, ძალიან თანაუგრძნობენ ოპოზიციას”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ვერსია” დღეს დიდ ადგილს უთმობს 6 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართული აქციის დაშლის დეტალურ აღწერას. ამ დროს ”ვერსიის” ორ ჟურნალისტს სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გაზეთი მკითხველს აქციის დარბევის ამსახველ ფოტორეპორტაჟს სთავაზობს, პირველ გვერდზე კი ასეთი სათაურია: ” ’ვერსიის’ 9 აპრილი 6 აპრილს დაიწყო”. დღევანდელ ნომერში არაერთი ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებას 9 აპრილს დაგეგმილი აქციის შესახებ. ირაკლი წერეთლის სვეტში წაიკითხავთ, რომ ის 9 აპრილს, გამთენიისას, მიტინგს ადგილზე მისული ადამიანების რაოდენობისა და განწყობის მიხედვით ჩაატარებს. ”რაც შეეხება 2 საათზე დაგეგმილ აქციას, ამჯერადაც ვერიდები იმ ოპოზიციის გვერდით დგომას, რომელთა მოთხოვნებში ქვეყნის დეოკუპაცია ნახსენები არაა”, - წერს ირაკლი წერეთელი. ”ვერსიაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან: ”ამ დღის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება მაქვს. 9 აპრილს მოკლეს ჩემი ბიძაშვილი მარინა ჭყონია და როგორც ადამიანს, ძალიან მტკივა გული, რომ ამ დღეს რაღაც აქციებისთვის იყენებენ. რომ ამბობენ შევიკრიბოთ 9 აპრილს და ახალი ცხოვრება დავიწყოთო, ჩემთვის საერთოდ ალოგიკურია. პრეზიდენტი რომ ყოველდღე ვცვალოთ, ესეც გაუგებარია. მიტინგზე იმ შემთხვევაში გამოვიდოდი, თუ შევიკრიბებით ყველა ერთად და ვიტყვით: მეგობრებო, ამას სწორად არ აკეთებთ და ასე გააკეთეთო. ამერიკელები 8 წელიწადს ელოდნენ ბუშის წასვლას. შენ გადადექი, მე უნდა მოვიდეო, ეს სადაური წესია”, - კითხულობს თემურ ჭყონია.

”24 საათში” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას წერილი ქვეყნდება, სათაურით ”რამდენიმე მოსაზრება ამ 9 აპრილზე”. ავტორი წერს, რომ ის არ ეკუთვნის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ნერვიულად მოელიან 9 აპრილის დემონსტრაციას და მისგან გამომდინარე ყველა შედეგს. რურუას აზრით, არავის აქვს 9 აპრილის - ამ თარიღის - პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენების უფლება, რადგან ეს მთელი ერის ისტორიის საკუთრებაა, და ანალოგიად 2001 წლის 11 სექტემბერს იყენებს. ავტორის აზრით, 9 აპრილს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დაგეგმვა ზუსტად იგივეა, შეერთებულ შტატებში რომ 11 სექტემბერს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაეგეგმათ აქცია. ნიკოლოზ რურუა წერს, რომ სიტყვის თავისუფლების უფლება დაცული და გარანტირებული უნდა იყოს, თუმცა იქვე აღნიშნავს: ”სიტყვისა და თავშეყრის უფლება ულიმიტო უფლებას არ წარმოადგენს, ანუ კატეგორიულად დაუშვებელია დემოკრატიული უფლებები - ამ შემთხვევაში, სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლება - გამოყენებული იქნეს მთლიანად დემოკრატიული სისტემისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების საზიანოდ”, - წერს კულუტურის მინისტრი და იმავე წერილში აღნიშნავს, რომ აჯანყების ან დაუმორჩილებლობის უფლება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, როცა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაც კი, არჩევნების წაგების მიუხედავად, უარს ამბობს მისთვის დროებით მინიჭებული მართვის უფლების დათმობაზე. სწორედ ამიტომ მიიღო და აღიარა თავისუფალმა სამყარომ ”ვარდების რევოლუცია”, - წერს ნიკოლოზ რურუა ”24 საათში”.
XS
SM
MD
LG