Accessibility links

logo-print
„რატომ“ - ასე ჰქვია ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ მიძრაობას, რომლის ორ ასეულამდე წევრმა 8 აპრილს საპროტესტო აქცია ჯერ თავისუფლების მოედანზე გამართა, შემდეგ კი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოაწყო. მოძრაობის წევრებმა თბილისელებს 9 აპრილისათვის დინიშნულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.

ახალგაზრდული მოძრაობის წევრები, ვიდრე თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო განლაგდებოდნენ, პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ. სამზადისმა, რომელიც თეთრი მაისურების გადაცმითა და ტრანსპარანტების განაწილებით შემოიფარგლა, თხუთმეტ წუთს გასტანა. რადიო თავისუფლებამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თხოვა განემარტა ტრანსპარანტზე დამაგრებული ფოტოკოლაჟის შინაარსი.

„ეს არის ომის ფოტო. აქ კი 7 ნოემბრის აქციის დარბევაა ასახული. ეს ის დღეა, როცა მოგვწამლეს,“ უთხრა რადიო თავისუფლებას თეთრ მაისურში გამოწყობილმა გოგონამ, - „რატომ ხდება ეს ყველაფერი? „რატომ?“ პრინციპში კითხვა არ არის. ეს არის საზოგადოების მიერ სააკაშვილისთვის გამოტანილი ვერდიქტი“.

სულ მალე მოძრაობა „რატომ“-ის წევრებმა თავისუფლების მოედანი გადაკვეთეს და წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო განლაგდნენ. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ფაცაციამ თქვა, რომ პროტესტის გამოსახატად თავისუფლების მოედანი საგანგებოდ შეირჩა.

დავით ფაცაცია: ეს არის საპროტესტო აქცია და მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება საბოლოოდ. სააკაშვილი უნდა წავიდეს უმტკივნეულოდ, პროვოკაციების გარეშე. ამიტომ შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების მოედანზე ვითხოვთ თავისუფლებას!“

აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერას თავისუფლების მოედანზე მოძრავი ავტომობილების მძოლები გაბმული სიგნალებით გამოხატავდნენ, შორიახლოს კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ტრიალებდნენ და ხმის გამაძლიერებლით მძღოლებს აჩქარებდნენ. დაუჩქარეთ, დროულად იმოძრავეთ, დროულადო.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ისიც თქვა, რომ ხელისუფლებას არცერთ საჭირბოროტო შეკითხვაზე პასუხი არ აქვს:

„ხელისუფლების პასუხი ჩვენ შეკითვხვებზე არის ზოგადი: „იმიტომ!“ მე მივალ ვანო მერაბიშვილთან და ვკითხვ მას, რატომ მოკლა სანდრო გირგვლიანი. საინტერესოა, რა პასუხს გამცემს, იმიტომო?! ჩიხში არიან!“

საპრტესტო აქციას შორიდან ადევნებდნენ თვალს ქვეითად მოსიარულეები. რას ფიქრობენ ისინი ბოლო დროს დაწყებული საპროტესტო მოძრაობის შესახებ? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ რამდენიმე მათგანს მიმართა.

მანანა მ. 45 წლის: „მშვენიერი ტრაფარეტია. „რატომ?“ და ამით ყველაფერი ნათქვამია!“

გიორგი ლ. 55 წლის: „ესენი არიან დეგენერატები! ჭკუა ვერ ვისწავლეთ ქართველებმა. 20 წელიწადია სკამების გულისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ვიყენებთ ხალხს“.

თემურ კ. 67 წლის: „მიშამ თავი ამოწურა, რაც შეეძლო გააკეთა. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ რაც არ შეუძლია, იმას ხომ აღარ მოვთხოვთ?!“

ლამარა დ. 51 წლის: „არ მინდა ეს დესტაბილიზაცია, არ მინდა კიდევ ერთხელ მოტყუვდეს ქართველი ერი... ეს მოიტანს საშინელებას, ეს მოიტანს იმას, რომ გაახარებს რუსეთს. სამწუხაროა, რომ ერის ნაწილი ასე სუსტად აზროვნებს“.

ეთერ ვ. 32 წლის: „დათმობაზე უნდა წავიდეს და ყველაფერი კარგად, მშვიდობიანად დამთავრდება“.

მოგვიანებით მოძრაობ “რატომ?”-ის წევრებმა რუსთაველის გამზირზე, საავტომობლო გზის სავალ ნაწილზე მსვლელობა მოაწყვეს, თუმცა იმის გამო, რომ ერთ მწკრივად და ღერძულა ხაზის გასწვრივ მოძრაობდნენ, ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელი არ შეუშლიათ.
XS
SM
MD
LG