Accessibility links

logo-print

მოლდავეთში პოლიციამ აღადგინა კონტროლი სამთავრობო შენობებზე


საგანგებო დანიშნულების რაზმები პარლამენტის შენობას იცავენ

საგანგებო დანიშნულების რაზმები პარლამენტის შენობას იცავენ

მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში დღევანდელმა დღემ, როგორც იუწყებიან მშვიდად ჩაიარა, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა. პოლიციამ აღადგინა კონტროლი პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტზე - ორივე შენობაზე, რომლებშიც გუშინ დემონსტრანტები შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ კვირის საპარლამენტო არჩევნებში კომუნისტების გამარჯვების გამო. ამასობაში, მოლდავეთის ხელისუფლებამ მეზობელი რუმინეთი დაადანაშაულა არეულობაში და ამ ქვეყნის ელჩი მოლდავეთიდან გააძევა.



დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის გუშინდელი შეტაკებების შემდეგ, დღეს ისევ ათასობით დემონსტრანტი გავიდა კიშინიოვის ცენტრში. თუმცა ამჯერად საქმე არეულობამდე არ მისულა: ჩვენი რადიოს ადგილობრივი კორესპონდენტების ცნობით, პრეზიდენტის სასახლესთან და პარლამენტთან მრავალრიცხოვანი პოლიციელები იყვნენ განთავსებული. დღის მეორე ნახევარში საპროტესტო აქციის მონაწილეების რიცხვი, სავარაუდოდ 3000-ს შეადგენდა. მათი შეკრება არ გასცდენია მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩარჩოებს.

სამშაბათს კი 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად. ოპოზიციის მხარდამჭერები მოითხოვენ საარჩევნო ხმების ხელახლა დათვლას, რადგან არჩევნების შედეგები,მათი შეფასებით, მმართველმა კომუნისტებმა გააყალბეს და მარტო ამის შედეგად გაიმარჯვეს ზედიზედ მესამე არჩევნებში.

თავის მხრივ ბრალდებას გამოთქვამს კომუნისტური პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი. მისი თქმით, “მეზობელი სახელმწიფოს, რუმინეთის ხელი ურევია მთელს ამ მოვლენებში. ჩვენ ამის მტკიცებულებები გვაქვს. რუმინეთის ელჩი დღეს პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის მიზანიცაა, გავაგებინოთ რუმინეთს, რომ ჩვენ საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, მოლდავეთი. ცხვირს ნუ ჩაყოფენ ჩვენს მოთუხთუხე ქვაბში, როგორც მოლდაველები ვამბობთ”.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვალიდან მოლდავეთი ისევ შემოიღებს სავიზო რეჟიმს რუმინეთთან, ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან. ხელისუფლების ნაბიჯს ასე განმარტავს პრემიერ-მინისტრი ზინაიდა გრეჩანი: “დარწმუნებული ვარ, ყოველ თქვენგანს ესმის, რომ ეს არის ზომა, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია ამჟამინდელ პირობებში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას”.

უკვე ცნობილია რუმინეთის მხარის რეაქცია მოლდავეთიდან მისი ელჩის გამოძევებაზე: პრემიერ-მინისტრ ემილ ბოკის განცხადებით, ბუქარესტი არ აპირებს საპასუხო ზომის მიღებას. ამასთან რუმინეთი უარყოფს ბრალდებას, თითქოს მისი ხელი ერიოს კიშინიოვის არეულობაში.

როგორც რუმინეთის მედია იუწყება, მოლდავეთმა უკვე ჩაკეტა რამდენიმე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ მოლდაველმა ახალგაზრდებმა, რომლებიც რუმინეთში სწავლობენ, შინ დაბრუნება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.

რუმინეთის მისამართით მოლდავეთის ლიდერის ბრალდება ხაზს უსვამს მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ, ენობრივ კავშირებს ამ ორ ქვეყანას შორის. მოლდავეთი რუმინეთის შემადგენელი ნაწილი იყო მეორე მსოფლიო ომამდე, მოლდავეთის 4,5-მილიონიანი მოსახლეობის ორ მესამედს ეთნიკური რუმინელები შეადგენენ. რუმინულ დროშას, რომელიც თითქმის არ განსხვავდება მოლდავურისაგან, პრეზიდენტის სასახლის სახურავზეც აფრიალებდნენ გუშინდელი საპროტესტო აქციის მონაწილეები.

რუმინეთის მისამართით ვორონინის ბრალდებას მოლდაველი ოპოზციონერების კომენტარი არ მოჰყოლია, მაგრამ ზოგადად, ოპოზიცია უარყოფს გუშინდელი ძალადობისთვის პასუხისმგებლობას და, თავის მხრივ, ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ პროვოკატორები შეაგზავნა მშვიდობიანი დემონსტრანტების რიგებში, აქციებისთვის უფრო აგრესიული მიმართულების მისაცემად.

ეუთომ დღეს კიდევ ერთხელ დაგმო ძალადობა და მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ნს040808 “ჩვენ რასაკვირველია, ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რასაც ადგილი ჰქონდა მოლდავეთის დედაქალაქში კვირის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ყველა პოლიტიკურ მხარეს მოვუწოდებთ, ყველა ღონეს მიმართონ ვითარების განსამუხტავად”. ეს მოწოდება წარმოთქვა კიშინიოვში ეუთოს პერს-მდივანმა მატი სიდოროვმა.

გუშინდელი საპროტესტო აქციები მოჰყვა სამი წამყვანი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას, ხელახლა იქნეს დათვლილი საარჩევნო ხმები. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ არჩევნები მმართველმა კომუნისტებმა გააყალბეს. ამ შეფასებას იზიარებს დამოუკიდებელი მეთვალყურეების ნაწილი, ეს მეთვალყურეები მიუთითებენ ამომრჩევლის დაშინების შემთხვევებზე, განსაკუთრებით რეგიონებში. ეუთომ ორშაბათს გამოთქვა შეშფოთება კენჭისყრაში “მიუღებელი ადმინისტრაციული ჩარევის” გამო, თუმცა ზოგადად, ჩათვალა, რომ არჩევნები მთლიანობაში შეესაბამებოდა ბევრ საერთაშორისო სტანდარტს. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ეუთო გადასინჯოს ეს შეფასება, ეუთოს პრესმდივანს არ უპასუხია, თუმცა მიუთითა ოპოზიციის მიერ შეგროვილი მასალების შესწავლის აუცილებლობაზე:
“ჩვენთვის მართლაც ცნობილია, რომ ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ შეიტანა საჩივრები და აცხადებს, რომ ხელთა აქვს ბევრი მტკიცებულება, რომლებიც წარადგინა და რომლებიც შესაბამის ვადაში უნდა შეისწავლოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს პროცესი გრძელდება”.

სამშაბათს საღამოს ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ ვორონინსა და მის მთავრობას საარჩევნო ხმების ხელახლა დათვლაზე მოსალაპარაკებლად. თუმცა უშედეგოდ - მოთხოვნა უარყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იურიე ჩოკანმა.

საგულისხმოა, რომ დღეს არის ვლადიმირ ვორონინის პრეზიდენტობის მეორე - ან ბოლო - ვადის უკანასკნელი დღე, რაც ნიშნავს, რომ ვორონინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, ვიდრე ახალი პარლამენტი აირჩევდეს სახელმწიფოს ახალ მეთაურს. ბევრი ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ ვორონინი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ან კომუნისტების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ გადაინაცვლებს. დღეს მან რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამშაბათის არეულობის დროს დაკავებულ იქნა 118 ადამიანი, საპროტესტო აქციების ლიდერები კი - ასევე ვორონინის თქმით - უცხოეთში გაიქცნენ.

მოლდავეთში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვიდან. რუსეთს 1000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონში და მოლდავეთზე მზარდ პოლიტიკურ გავლენას ახდენს. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არეულობა მოლდავეთში მოიხსენია ამ ქვეყნის "სუვერენობის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებად". საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებლობას აკისრებს ძალებს, რომლებიც მოლდავეთის რუმინეთთან გაერთიანებას ემხრობიან და არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ “ძალადობის ორგანიზატრობს ბევრი რუმინული დროშა ეჭირათ”...
XS
SM
MD
LG