Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის გავლენა საქართველოს უახლეს ისტორიაზე


ზუსტად 20 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

რა როლი შეასრულა 20 წლის წინანდელმა ტრაგედიამ საქართველოს იმ გზით სვლაში, რა გზითაც არჩია მან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა?

საბჭოთა საქართველოს ესტრადის ვარსკვლავების მიერ შესრულებული სიმღერა სახელწოდებით ”ტიტები” ქართველების ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. 20 წლის წინ, 1989 წლის 9 პრილის ტრაგედიიდან საქართველო ერთ მუშტად ისე შეიკრა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ სულ რაღაც ორიოდ წელში რუსთაველის პროსპექტზე ქართველების სისხლი ქართველებისვე ხელით დაიღვრებოდა. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა სადამსჯელო მანქანამ სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეიწირა. მოკლულებს შორის იყვნენ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები, ზუსტად ჩემი თაობის გოგონებიც. 20 წლის წინ, 1989 წლის აპრილში მე და ჩემი მეგობრებიც მათსავით მივდიოდით რუსთაველზე და ვიდექით იქ, რადგან გვწამდა, რომ იქ ყოფნა იყო გადამწყვეტი ძალიან მნიშვნელოვანი და უცხო რამის - თავისუფლების - მიღწევისთვის. 1989 წლის აპრილში რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მერაბ კოსტავა მიმართვადა: ”გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!” შიში არ არსებობდა. იქ მდგომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ.

მარტში თბილისში გავრცელდა ხმა აფხაზეთში, სოფელ ლიხნში ჩატარებული შეკრების შესახებ. ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა ამ შეკრებაზე შეადგინეს პეტიცია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სახელზე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს შემადგენლობიდან გასვლა და რუსეთთან მიერთება მოითხოვეს. ფაქტის გახმაურებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია სოხუმშიც და თბილისშიც. 3 აპრილს სოხუმის ცენტრში მოეწყო დიდი მიტინგი. მასზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, ვოვა ვეკუა (რომელიც მალევე მოკლეს სოხუმში). მიტინგის დასრულების შემდეგ, ლიდერები შეთანხმდნენ 4 აპრილიდან დაწყებულიყო მასობრივი პოლიტიკური აქციები დედაქალაქში. აქციების მიზანი აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ლიხნის შეკრების ორგანიზატიორების დასჯის მიღწევა უნდა ყოფილიყო. თბილისში საპროტეტო აქციები ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თაოსნობით დაიწყო, თავდაპირველად სამედიცინო ინტისტუტის წინ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მალევე პროტეტსის ტალღამ რუსთაველზე, მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობაზე ამ გზით ზეწოლას შედეგი ჰქონდა.

”სოხუმში ჩავედი და კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ადლეიბა გავათავისუფლე, აფხაზეთის მთელი საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს გვერდით იყო, აფხაზი მწერალი ბაგრატ შინკუბაც კი” - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც 1989 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა.

ადლეიბას გათავისუფლებით ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარი დასჯა მოხდა. ეს თითქოსდა უნდა გამხდარიყო რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის დაშლის საბაბი. აქციის ინიციატორები, ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრები დაშლის მომხრეები იყვნენ კიდეც, მათ შორის თამარ ჩხეიძეც. მაგრამ ტრაგედიის წინ აქციას ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” უკვე ვეღარ მართავდა. გადაწყვეტილებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა და რადიკალურად განწყობილი ლიდერები იღებდნენ. მათ აფხაზების საკითხი გვერდზე გადაწიეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა გამოიტანეს. ”აფხაზეთის პრობლემა საქართველოთვის არ არსებობს, აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს განუყოფელ ნაწილად და მასზე კონტროლს განახორციელებს ქართველი ერი” - აცხადებდა ”ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი გიორგი ჭანტურია. ”აფხაზი ერი არ არსებობს”, აღნიშნავდა ზვიად გამსახურდია. ამ და სხვა ლიდერებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანს უთხრეს, რომ აფხაზეთი ეს იყო კრემლის მიერ შემოგდებული ხელოვნური თემა და აქციისა და მთელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი ამოცანა საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გამოყოფა უნდა ყოფილიყო.

1989 წელს 9 აპრილს, გამთენიისას, მაშინ, როცა მშვიდობიანი აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დასჯის გადაწყვეტილება მიღებული იყო, აქციის მონაწილეებმა და მით უფრო ორგანიზატორებმა არ მიიღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თხოვნა და მოწოდება - გადაენაცვლათ ქაშუეთის ტაძარში და ამით თავიდან აეცილებინათ საშინელი საფრთხე. ისმოდა შეძახილები: ”არა! ფიცი გვაქვს ნათქვამი!” "ღმერთს შევფიცეთ!” და ეს - “არა!” - საბედისწერო გახდა 21 ადამიანისთვის. საბჭოთა ნაწილების სადამსჯელო ოპერაცია იყო სამაგალითოდ სასტიკი. იყვნენ დაჭრილები და იყო 2000-მდე მოწამლული. საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ”დღეს არის ჩვენი გლოვა და ჩვენი სულის ზეიმი...”- ანუგეშებდა სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. თამარ ჩხეიძე 20 წლის წინაც ფიქრობდა, რომ სისხლისღვრა თავიდან უნდა აცილებულიყო. ”ყველგან, სადაც შესაძლებელია სისხლისღვრის აცილება, პოლიტიკოსის მოვალეობაა ეს ასე გააკეთოს” - აღნიშნავს ის დღესაც. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” ტრაგედიის წინ საპროტესტო აქციას ვეღარ მართავდა.

”1989 წლის 9 აპრილმა კიდევ უფრო გააშიშვლა საბჭოთა იმპერია, დროის მცირე მონკავეთით დააჩქარა პროცესები. სამაგიეროდ საქართველო ააცდინა იმ შედარებით კომპრომისულ და პრაგმატულ გზას, რა გზითაც წავიდნენ და განვითარდნენ ბალტიისპირა ქვეყნები. 9 აპრილის ტრაგედიამ მოაქცია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში რადიკალური ფრთა,” - მიიჩნევს თამარ ჩხეიძე. მისივე აზრით, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის სხვა შედეგიც ჰქონდა: ”იმავე აფხაზების იმ ნაწილს, რომელიც რუსეთისგან იმართებოდა, გაუმძაფრდა დაუსჯელობის სინდრომი. მათ დაინახეს, რომ ის საზოგადოება, რომელიც გამოვიდა აფხაზეთის ქართველების უფლებების დასაცავად, თავად დაისაჯა, თავად იქნა დასჯილი.”

ამას გარდა, აფხაზეთის ქართველობას ჩამოუყალიბდა განცდა იმისა, რომ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეები მათი მიზეზით დასაჯეს. თბილისში ხომ ხალხი ქუჩაში აფხაზეთის ავტონომიის ქართველობისთვის სოლიდარობის გამოსახატავად გამოვიდა. აფხაზეთის ქართველობას განცდა ქმედებას კარნახობდა და სოხუმის უნივერსიტეტში ”ქართულმა ნაწილმა” თავი თბილისის უნივერსიტეტის ფილიალად გამოაცხადა. აფხაზებს მიეცათ საბაბი ეთქვათ, რომ ქართველები ცდილობდნენ უნივერსიტეტის ეროვნული ნიშნით გახლეჩას და 1989 წლის ივლისში სოხუმში ერთდრულად ქართველების და აფხაზების მიტინგები გაიმართა. მცირე პროვოკაცია საკმარისი გახდა, დანებით და სანადირო თოფებით შეიარაღებული აფხაზები მშვიდობიან ქართველ მომიტინგეებს მივარდნოდნენ. სწორედ აქ დაიღუპა ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” აფხაზეთის ფილიალის ხელმძღვანელი ვოვა ვეკუა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ქართველი.

იქნებოდა თუ არა სხვაგვარად, რომ არა 9 აპრილის ტრაგედია, განსჯა ძნელია. თუმცა ცხადია, რომ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა. მართალია, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტზე ჯუმბერ პატიაშვილი გივი გუმბარიძემ შეცვალა და კომუნისტური მმართველობა დარჩა, სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტობრივად თვითლიკვიდაციის რეჟიმში მუშაობდნენ. დამნაშავეებმა ღია ასპარეზზე გამოსვლა და პოლიტიკისკენ ყურება დაიწყეს. ფაქტობრივად, ხელისუფლებაზე მეტად თუ არა, არანაკლებ შეეძლოთ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. მათ შორის კი სერიოზული უთანხმოება ერთ საკითხზე იყო: იყო თუ არა აუცილებელი საბჭოთა სამართლებრივ სივრცეში მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება და ამ გზით გარდამავალ ხელისუფლებაში მოსვლა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს ლეგიტიმური, კანონიერი გასვლისთვის. რა იქნებოდა გასვლის შემდეგ, აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა შეკრებები მიმდინარეობდა შეძახილებით ”დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს”, მაგრამ უკიდურესი შეუთანხმებლობით, ურთიერთდაპირსიპირებებით.

გავიდა კიდევ დრო და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააფრთხილა უკრაინა, არ დადგომოდა ”თვითმკვლელობრივი ნაციონალიზმის გზას”... მაშინდელ საქართველოს კი დინების წინააღმდეგ მცურავი უწოდა. უზენაესი საბჭო უკვე არჩეული იყო, ”მრგვალ მაგიდას” უკვე ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა პროცესების მართვაზე და აღარ იყო ადამიანი, რომელიც იმ ურთულეს დროში თავად საქართველოს დინების წინააღმდეგ წავიდა და ერთ-ერთ დიდ შეკრებაზე (რომელსაც ალბათ გასდევდა შეძახილები ”დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს”) ყველას გასაგონად თქვა: ”ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგასო”. ამ კაცს ნათქვამი ერთეულებმა გაუგეს, სხვებმა კი მოღალატე და მტერი უწოდეს. ეს გახლდათ მერაბ მამარდაშვილი, 90 იანი წლების საქართველოში რუს და საბჭოთა ფილოსოფოსად შერაცხული დიდი ქართველი ფილოსოფოსი. აი, რას ამბობს ის 1990 წელს, თავის ცნობილ ლექციების კურსში: ”ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვიზრდებით, ეს უბრალოდ ზრდის პრობლემაა. ეს პრობლემა იმისდა მიხედვით აშკარავდება, ვბრაზდებით სამყაროზე თუ არა. ბავშვის სამყაროა ასეთი. ბავშვი ხომ სამყაროს თავისებურად აღიქვამს: სამყარო მას ეფერება ან აბრაზებს. როგორები არიან ზრდასრულები? გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა ასე ვთქვათ ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყაროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ”ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზარხვები,” ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა.”

მთელი 20 წელი გავიდა. საქართველომ გადაიტანა სამოქალაქო ომი, ომები ცხინვალსა და აფხაზეთში, შეიარაღებული და ხავერდოვანი რევოლუციები, გაუძლო რუსეთის ფართომასშტაბიან თავდასხმას. ამ ომში მის გვერდით დადგა დასავლეთი, ამ ომში უკვე რუსეთმა მიიღო გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. 20 წლისთვის აშკარად ბევრია. ამ 20 წელში საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, შედგა და გაიზარდა, მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს საზოგადოებას, ისევ ჭარბად დავინახავთ სამყაროზე გაბრაზებას, მსხვერპლის გაღებისკენ სწრაფვას, რადიკალიზმს და დავინახავთ, რომ ის პრობლემა, რასაც მერაბ მამარდაშვილი 20 წლის წინანდელ ჩანაწერში უსვამს ხაზს, დღესაც სახეზეა.

ჩვენ თავისუფლებისკენ სვლის დაწყება გავიხსენეთ, 20 წლის წინანდელი საბჭოთა საქართველო, საქართველოს ხალხის დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ტრაგედია, რომელიც ისტორიაზე თავისი გავლენის მიუხედავად, იმ დროს სხვა საქართველოსთვის თავგანწირვა იყო.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველზე ჩატარებული სისხლიანი ოპერაციის შემდეგ თბილისის ქუჩებში მანქანების გაბმული საყვირი თითქოს იყო მსხვერპლის გაღებით დამსახურებული მისალმება ასე ნანატრ, მაგრამ უცნობ თავისუფლებასთან.

XS
SM
MD
LG