Accessibility links

თბილისში ყველა საქალაქო სამსახური განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობს


9 აპრილს, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ თბილისის ოთხი სხვადასხვა ადგილიდან დღის 12 საათზე დაიძვრებიან. ოთხი ძირითადი კოლონა დედაქალაქის ცენტრისაკენ ავლაბრის მეტროდან, ტელევიზიიდან, უნივერსიტეტიდან და დინამოს სტადიონიდან იმოძრავებს. ოპოზიციის გადაადგილების სქემა უკვე ცნობილია ქალაქის ტრანსპორტის სამსახურისთვის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციისათვის.

რუსთაველის გამზირი, 9 აპრილს, სავარაუდოდ შუადღისთვის გაივსება. აქციის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა უბნიდან და რეგიონებიდან დედაქალაქის მთავარი ქუჩისაკენ დილიდანვე დაიძვრებიან. ავლაბრის მეტროსთან შეკრებილ კოლონას 12 საათზე ”კონსერვატორები”, ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” და ”ხალხის” პარტიის წევრები დახვდებიან. დინამოს სტადიონის შესასვლელთან აქციის მონაწილეებს ”ეროვნული ფორუმი” დახვდება, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან - ”ალიანსი თავისუფლებისთვის”, ”მრეწველები” და ”საქართველოს გზა”. საზოგადოებრივ მაუწყებელთან კი ”ალიანსი საქართველოსთვის” და მათი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. ოთხივე ეს გზა მათ პარლამენტის შენობამდე მიიყვანს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ”კონსერვატორი” ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ისინი არ შეაფერხებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას, მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება, შეუფერხებლად იმუშაოს მეტროპოლიტენმა. ძიძიგურის ვარაუდით, აქციის მონაწილეები უკვე ორი საათისთვის პარლამენტის შენობასთან იქნებიან. ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან არ შეაფერხონ ისეთი სამსახურის მუშაობა, როგორიც, მაგალითად, სასწრაფო დახმარებაა:

”არა მგონია ვინმეს პრობლემა შეექმნას, ესეც ორგანიზებულია. განსაკუთრებით გვჭირდება, იმუშაოს მეტრომ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს”.

თბილისის მერიის ტრასპორტის საქალაქო სამსახური მთელი დღის მანძილზე განიხილავდა სქემას, თუ რომელი ქუჩებით მოუწევს სარგებლობა საქალაქო ტრანპორტს გზების ჩაკეტვის შემთხვევაში. საბოლოო გეგმას მაინც 9 აპრილს, მოვლენების პარალელურად შეიმუშავებენ. სავარაუდოდ, ყველაზე მეტად სანაპირო დაიტვირთება. რაც შეეხება ტრანსპორტს, მეტროც და ავტოპარკიც შეუფერხებლად იმუშავებს. თბილისის მერიის პრესცენტრის თანამშრომელი თამარ დვალი მერიის სახელით სწორედ ამას ჰპირდება თბილისის მოსახლეობას. ის ამბობს, რომ 9 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მოძრაობას, ამოქმედდება შემოვლითი გზების სისტემაც. არ გაჩერდება მეტრო. ხოლო შემოვლითი ქუჩების სახელები და სამოძრაო მარშრუტი დასახელდება სპონტანურად, მას შემდეგ რაც გამოჩნდება, ქალაქის რომელი ქუჩები გადაიტვირთება.

მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. 033-ის 72 ბრიგადა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

”ჩვეულებრივ იმუშავებს ჩვენი 72 ბრიგადა. ოპოზიციამ უკვე გვაცნობა მათი გადაადგილების გრაფიკი, ამიტომ ჩვენ ვეცდებით, თუ ახლო-მახლო ტერიტორიაზე გვექნება გამოძახებები, გადაკეტილი ქუჩების გვერდის ავლით ვიმოძრაოთ”, ამბობს სამედიცინო დახმარების სამსახურის გენერალური დირექტორი კახა ჩიხრაძე.

რადიო თავისუფლება მთელი დღის მანძილზე დაჟინებით ცდილობდა მოეპოვებინა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობის კომენტარი, თუ რამდენად იქნება ქალაქში უსაფრთხოება დაცული, რამდენი ბრიგადა იმუშავებს და ა.შ. თუმცა შსს-ს ადმნისტრაციის უფროსსა და საპატრულო დეპარტამენტის პოლიციის უფროსს შორის შეთანხმება კომენტარის მოცემაზე ვერა და ვერ მოხერხდა.

აქციამდე ერთი დღით ადრე კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებაც, რომ რეგიონებიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კოკა გუნცაძის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა მას აჭარის ყოფილი ლიდერის, ასლან აბაშიძის მიერ ხიდების აფეთქების ფაქტს აგონებს. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, აქციები რეგიონებში აქტიურად 10-11 აპრილს გაიშლება, ეს იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ საააკაშვილი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
XS
SM
MD
LG