Accessibility links

logo-print
ნიკო ნერგაძის არ იყოს, მეც მიხარია, რომ ბლოგერი გავხდი. ჯერ ერთი, ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტულ ფორუმზე მპოულობენ, რომ პოლიტიკაზე თავისი აზრები გამიზიარონ, ახლა რადიო თავისუფლების სტუმრები გახდებიან; მეორეც, იმედი მაქვს, მეც უფრო სადად და გულწრფელად ვიტყვი ჩემს სათქმელს.

დღეს 9 აპრილია და რამდენიმე საათში ის მიტინგი დაიწყება, რომლის ირგვლივაც, კარგა ხანია, აჟიოტაჟია ატეხილი. გუშინ ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა – რას ელოდები ხვალ? მეც ბევრმა მკითხა. ჰოდა, გადავწყვიტე, დავწერო, რას ველოდები ამ მიტინგისგან.

კაცმა რომ თქვას, ერთადერთი, რასაც ველოდები, ის არის, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას გაეცემა პასუხი. პირველი კითხვაა: დაახლოებით რამდენი ადამიანი მივა პროტესტის გამოსახატად პარლამენტის წინ? მომიტინგეების რაოდენობის შესახებ წინასწარი ვარაუდები, რომლებიც სხვადასხვა გაზეთში ამოვიკითხე ან შინაურული წყაროებით მოვისმინე, 30000-დან 180 000-მდე მერყეობს. ეს ამპლიტუდა ნიშნავს, რომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ერთი მხრივ, ლამის მთელი თბილისი მონიტორინგის ქსელშია ჩაბმული. მონიტორებს სხვადასხვა ფორმა აცვიათ, სხვადასხვა ადგილზე აქვთ შტაბები და სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ. მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ მომიტინგეებს პროვოკაციებისგან დაცვას ჰპირდებიან. ეს – ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, გუშინ ჩემმა ერთმა ახალგაზრდა მეგობარმა მითხრა, ჩემს ირგვლივ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც მიტინგზე წასვლას აპირებ და ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ პროფესია გავალებსო. ამის შემდეგ მეც გადავხედე ჩემი ახლობლების წრეს და ერთი–ორი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელიც მიტინგზე მიდის. აი, მაშინ გამიჩნდა ალალი შეკითხვა: ხალხი თუ არ მიდის მიტინგზე, ამდენმა მონიტორმა, ნეტავ, რა უნდა აკეთოს–მეთქი. ვისაც ჩემი ეჭვი გავუზიარე, ყველამ გადაჭრით მიპასუხა: „არა, ხალხი აუცილებლად მოვა“.

იმის მიხედვით, დაახლოებით, რამდენი ადამიანი შეუერთდება დღევანდელ პროტესტს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ჩამოყალიბდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ შემდგომ დღეებში. თუ ცოტა ხალხი მივა, პრეზიდენტი წელში გაიმართება, დიალოგზე ლაპარაკს შეწყვეტს და რომელიმე მორიგი ქარხნის გასახსნელად წავა ჟურნალისტების თანხლებით. თუ მიტინგზე ძალიან ბევრი ადამიანი მივა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია შეწყვეტს დიალოგზე ფიქრს და შემტევი გეგმების ჩამოწერაზე გადავა. თუ მომიტინგეების რაოდენობა, დაახლოებით, 100 000–ის ფარგლებში აღმოჩნდება, ალბათ, ორივე მხარე იძულებული გახდება, დიალოგზე იფიქროს და ამ დიალოგში დათმობების ზედა ზღვარიც მოინიშნოს. მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები: ხელისუფლებისთვის დათმობის ზედა ზღვარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მგონია, ოპოზიციისთვის კი – კოალიციური მთავრობა.

რაც მეტად ახლოვდება 9 აპრილის მიტინგი, მით უფრო ხშირად ისმის სიტყვა „პროვოკაცია“. ხელისუფლება ამას ოპოზიციისგან ელოდება, ოპოზიცია კი – საფრთხეს ხელისუფლებას უკავშირებს. მონიტორინგის სისტემა ორივე მხარეს აწყობილი აქვს: აქეთ - პოლიცია, იქით – სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები. სინამდვილეში, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, პროვოკაცია საშიში მაშინ იქნება, თუკი რომელიმე მხარე – ხელისუფლება ან ოპოზიცია – განსაკუთრებულ ძალას იგრძნობს და შეეცდება, პოლიტიკურ მეტოქეს საბედისწერო შეცდომა დააშვებინოს. ისიც უნდა ითქვას, რომ სერიოზული პროვოკაციის გამოცდილება მრავალმიტინგნახულ საქართველოს ჯერ არ გააჩნია: ყოფილა შემთხვევა, როცა მიტინგები პირდაპირ სამოქალაქო ომში გადაზრდილა, დანარჩენ შემთხვევაში კი პროტესტი, როგორც წესი, მშვიდობიან და კულტურულ ფორმას არ გასცდენია.

განსაკუთრებით ადვილი იქნება წესრიგის შენარჩუნება, თუ საქმე დიალოგისკენ წავა. პროცესი წმინდა პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზრდება და მოიგებს ის, ვისაც მოლაპარაკების მეტი გამოცდილება აღმოაჩნდება. შარშან, ინაუგურაციის წინ, მიხეილ სააკაშვილი დაჟინებით მოითხოვდა მოლაპარაკებებს. რატომაც არა – როგორც კი ოპოზიცია ქუჩიდან ოთახში შეიყვანა და მაგიდასთან დასვა, ყველაფერი პირწმინდად დაათმობინა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წელსაც იგივე გამეორდება – ახლა ოპოზიციაში გაცილებით გამოცდილი ადამიანები არიან.

ვასრულებ და ვგრძნობ, რამდენად უპირატეს მდგომარეობაშია მკითხველი: მე ვწერ, მან კი უნდა შეაფასოს, რამდენად დაემთხვევა ჩემი ნაფიქრი რეალობას. დაე, ასე იყოს... მით უმეტეს, რომ პროცესი არც გუშინ დაწყებულა და არც ხვალ დასრულდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG