Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“არ დაივიწყოთ საქართველო!”


9 აპრილის საპროტესტო აქციებს, მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას დიდ ყურადღებას უთმობენ დასავლეთის მასმედიაში. მიმდინარე მოვლენებსა და მათს კონტექსტს აშუქებენ წამყვანი საინფორმაციო საშუალებები, მათ შორის CNN და BBC. საყურადღებოა გამოხმაურება პრესაშიც.

“ციხის საკანი შესაძლოა ბუტაფორია იყოს, მაგრამ მისი გავლენა რეალურია” - ასეა დასათაურებული სტატია, რომელსაც “ნიუ იორკ ტაიმსი” აქვეყნებს და რომელიც ტელეპროექტს “საკანი ნომერი 5” ეძღვნება. ამ პროგრამამ მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე გავლენიან ოპოზიციურ ფიგურად აქციაო - ამ შეფასებას გამოთქვამს სტატიის ავტორი კლიფორდ ლევი. მისთვის თბილისში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უთქვამთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძე მოულოდნელად იქცა ძლიერ ინსტრუმენტად მთავრობის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ ძალიხსმევაში, ხოლო გაჩეჩილაძის პროგრამის პოპულარობა აჩვენებს, რომ სააკაშვილით უკმაყოფილება მოედო საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილსაც, რუსეთთან ომის შემდეგ 8 თვეში.

რამდენად დიდია სააკაშვილისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ვკითხულობთ “ნიუ იორკ ტაიმსში”, გამოჩნდება ხუთშაბათს (ანუ 9 აპრილს), როგორც ოპოზიცია იმედოვნებს, მასობრივ დემონსტრაციებზე.

გაჩეჩილაძის პროგრამის წარმატება, განაგრძობს სტატიის ავტორი, ერთი მხრივ ეხმარება ოპოზიციას, მაგრამ იმავდროულად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ოპოზიციას არა ჰყავს ერთი წამყვანი, დომინანტური ფიგურა. იქვე ჩამოთვლილია ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი, უწინარეს ყოვლისა, სააკაშვილის ყოფილი მოკავშირეები ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე.
პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, “ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, აღიარებს გიორგი გაჩეჩილაძის საკნის პოპულარობას, მაგრამ ფიქრობს, რომ გაჩეჩილაძემ და ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანეს კატეგორიული მოთხოვნის წამოყენებით.

“როცა ვადად სვამ 9 აპრილს - როგორც ბოლო დღეს სააკაშვილისთვის, რა უნდა მოხდეს 9 აპრილის საღამოს, როცა ის მაინც პრეზიდენტად დარჩებაო?” - ეს შეკითხვა, რომელიც დავით ბაქრაძემ დასვა, საკანში მყოფ გაჩეჩილაძესაც დაუსვეს. პასუხი ასეთი იყო: “რამდენი ხანი ვაპირებ აქ დარჩენას? რამდენიც საჭიროა ამ მთავრობის თავიდაც მოსაცილებლად”.

დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით, სტატიას აქვეყნებს საფინანსო-ეკონიმიკური პროფილის გავლენიანი “უოლ სტრიტ ჯორნალიც”. ის მკითხველს აწვდის ჯერ ზოგად ინფორმაციას საქართველოში ოპოზიციის უკმაყოფილების მიზეზებზე, მათს მოთხოვნებზე. როგორც ვკითხულობთ, ოპოზიცია ჯერ-ჯერობით გაერთიანებულია მხოლოდ სააკაშვილის გადაყენების სურვილის გარშემო. 10 პარტიაზე მეტი მონაწილებს საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, მათ შორის არ არის პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია. ამ სტატიის ავტორს, სამანტა სმიტსაც მოჰყვას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის ერთი განცხადება, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი შეიკრიბება - “საპროტესტო აქცია, რაც უნდა მრავალრიცხოვანი იყოს ის, ვერ გასწევს არჩევნების შდეგების მაგივრობას”. მოყვანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილე ეკა ზღულაძის სიტყვებიც, რომ პირადად პრეზიდენტმა დაავალა პოლიციას მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენა.

რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, “უოლ სტრიტ ჯორნალშიც” ირაკლი ალასანიას და ნინო ბურჯანაძეს ასახელებენ. სტატიის ავტორი მათ მოიხსენიებს სააკაშვილის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ კონკურენტებად და, მათი მოკლე დახასიათებისას, მიუთითებს, რომ ორივე ფლობს ინგლისურს და ორივეს სურს ამერიკა საქართველოს ურთიერთობის განმტკიცება.

“უოლ სტრიტ ჯორნალის” ამ სტატიისაგან განსხვავებით, საინტერნეტო გამოცემა “იურეიჟა ვიუ” ყურადღებას ამახვილებს 9 აპრილის ისტორიაზე - 20 წლისწინანდელი ანტისაბჭოთა დემონსტრაციის დარბევაზე, რომელსაც 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დაბოლოს, “ფორნ პოლისის” ერთი პუბლიკაციის შესახებ. “ფორნ პოლისი” გახლავთ ორი ცნობილი პოლიტოლოგის, მათ შორის სამუელ ჰანტინგტონის მიერ, 1970 წელს დაარსებული ჟურნალი მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებზე. და მის ვებსაიტზე დღეს არის გამოქვეყნებული სტატია სათაურით “არ დაივიწყოთ საქართველო!”. სტატიის ავტორია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი. მის სტატიაშიც ვეცნობით ინფორმაციას 9 აპრილის საპროტესტო აქციებზე. თუმცა, სტატიის ცენტრალური ნაწილი ეთმობა საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის ანალიზს.

“უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა აგვისტოს ომსა და იმაზე, თუ ვის უნდა დაბრალდეს ის. მაგრამ გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა დგას შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, არის ის, თუ რა უნდა გაკეთდეს ახლა: როგორი იყოს შეერთებული შტატების პოლიტიკური კურსი საქართველოსთან მიმართებით.” კრამერი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, შეერთებულ შტატებში ორივე პარტია მტკიცედ მიემხრო საქართველოსთვის მილიარდდოლარიანი დახმარების მიწოდებას. ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე ჯონ მაკკეინი, ფაქტობრივად, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მტკიცე მხარდაჭერას გამოუცხადებდა საქართველოსო, წერს კრამერი, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ ბოლოხანს რამდენიმე ანალიტიკოსს დაებადა შეკითხვა - ხომ არ ამჯობინებს ობამა, უკვე პრეზიდენტის რანგში, თბილისის ხელისუფლებასთან დისტანცირებას, რათა ქულები დაიწეროს მოსკოვთან?

ამის გაკეთება - ანუ თბილისთან ახლო ურთიერთობის გაწირვა მოსკოვთან დასაახლოებლად - შეცდომა იქნებოდა, დევიდ კრამერის შეფასებით. როგორც ის მიანიშნებს, არ არსებობს გარანტია, რომ საქართველოს მხარდაჭერაზე უარის (იქნება ეს ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების მხრივ, თუ უფრო ფართო კონტექსტში) მართლაც გააუმჯობესებს რუსეთთან ურთიერთობას. ის დღეები, როცა ამერიკა რუსული პრიზმით განიხილავდა კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობას, დიდი ხანია წარსულს უნდა იყოს ჩაბარებული. ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა, კრამერის რწმენით, პრინციპული საკითხია, ისევე როგორც მტკიცე პოზიციაზე დარჩენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

დაბოლოს, აშშ-მა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ აღარ რჩებოდეს შთაბეჭდილება, თითქოს აშშ, უწინარეს ყოვლისა, სააკაშვილს ემხრობოდეს და მერე საქართველოს. არასწორი იქნებოდა, სააკაშვილის მხარდაჭერის შეწყვეტა რომელიმე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ - ეს საკითხი თვით ქართველების მოსაგვარებელია. მაგრამ ამერიკამ, კრამერის აზრით, ხელი უნდა შეუწყოს პროცესებს, რომლებიც წაახალისებს კონკურენტუნარიანობას და თავი უნდა აარიდოს ფავორიტების შერჩევას.

ბევრი რამ, დაასკვნის სტატიის ავტორი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ 9 აპრილს როგორც ოპოზიცია, ისე სახელისუფლო ძალები. ძალადობა ზიანს მიაყენებდა არა მარტო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას, არამედ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას და ევროპაში ინტეგრაციის პროცესს. ამ ორი მიზნის - დემოკრატიული განვითარებისა და ევროპაში ინტეგრაციის - მხარდაჭერა მიაჩნია დევიდ კრამერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს, საუკეთესო გზად როგორც საქართველოს, ისე მისი მოკავშირეებისთვის. შეგახსენებთ, რომ დეკიდ კრამერის ამ მოსაზრებებს, ავტორიტეტიან გამოცემა “ფორნ პოლისიში” ვეცნობით.
XS
SM
MD
LG