Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მიშა, მოვედით! მიშა, წადი!” - საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაა


9 აპრილის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ
9 აპრილის საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

პოლიტიკურ ლიდერთა გამოსვლების მთავარი მოტივი ოპოზიცის გაერთიანება იყო.

9 აპრილს პარლამენტის წინ შეკრებილი ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართვა სრულდებოდა სიტყვებით: ”სააკაშვილი უნდა წავიდეს!” ”მიშა, წადი, გადადექი!” პოლიტიკურ ლიდერთა გამოსვლების მთავარი მოტივი, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიცის გაერთიანება იყო. თითქმის ყველა მათგანი აცხადებდა, რომ ბრძოლა, რომელმაც სტარტი დღეს აიღო, აღარ შეწყდება. აქციის პირველ დღეს მათ მიხეილ სააკაშვილს ხალხის სახელით საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს აქციის პირდაპირი ეთერით გადაცემა მოსთხოვეს.

9 აპრილის აქციისთვის პარლამენტის წინ საგანგებოდ გაკეთებულ სცენაზე თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეგროვდა. ყველა მათგანს 9 აპრილს ერთი მთავარი სათქმელი ჰქონდა: ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით.ხალხი პოლიტიკურ ლიდერთა გამოსვლებს რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილას დამონტაჟებული გადამცემებით ისმენდა ოპერიდან კინოთეატრ რუსთაველამდე. მიტინგი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, გახსნა თავისი ცნობილი სიტყვებით: ”მიშა, მოვედი!”

9 აპრილი. საპროტესტო გამოსვლა თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00


”ჩვენ გვიჭირს სიცოცხლე, ჩვენ გვიჭირს მუშაობა, ერთმანეთთან ურთიერთობა, ჩვენი შვილების აღზრდა გვიჭირს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთი შემოქმედის ხელშია. ამიტომაც მოვედით, რომ ვთქვათ: გადადგეს, გადადგეს მიხეილ სააკაშვილი...”

”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 9 აპრილის მრავალათასიანი მიტინგი შეაფასა როგორც დასრულებული რეფერენდუმი, როგორც პლებისტიცის ყველაზე ნათელი შედეგი:

”აქ ჩატარდა რეფერენდუმი და დამთავრდა პლებისციტი, მთელი ერი ითხოვს ერთადერთს და ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა - არარევოლუციურად, არაძალადობით. ჩვენ დღეს ამ პირობას ვდებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე.”

ამჯერად ბოლომდე ბრძოლის პირობა დადო ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ:

”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს არასოდეს აღარ მოუწიოს იმის გადატანა, რასაც ჩვენი ქვეყანა 20 წლის განმავლობაში დროდადრო იტანდა ხოლმე. პრეზიდენტი, რომელმაც ომი წააგო და ხალხს ბოდიშიც კი არ მოუხადა, პრეზიდენტი, რომელიც ღირსეულ ჯარისკაცებს გაექცა, აღარ უნდა იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ის უნდა გადადგეს.”

”მოძრაობა ერთიიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ კი იმედი გამოთქვა, რომ აღდგომის დღესასწაულისათვის 9 აპრილის მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება: ”აღდგომას საქართველო უნდა შეხვდეს ძლიერი, გაბრწყინებული და თავისუფალი.”

”ჩვენ ძალადობას გვაბრალებდა ხელისუფლება, ასწიეთ შიშველი ხელები, რომ დავანახვოთ მათ რითი ვართ მოსული!” - მოუწოდა ”ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ შეკრებილ ხალხს: ”ავწიოთ შიშველი ხელები, რომ დავანახვოთ მთელ მსოფლიოს - ჩვენ სწორედ შიშველი ხელებით, მხოლოდ სიმართლით ვიბრძვით.”

ხალხს მიმართა ”ეროვნული ფორუმის” ლიდერმა გუბაზ სანიკიძემაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ჰყოლია სუსტი მმართველები, მაგრამ მშიშარა - არასოდეს:

”მშიშარა და მხდალი მმართველი საქართველოს არასოდეს ჰყოლია, ამ კაცმა კი, მიხეილ საკაშვილმა, თავი მოგვჭრა. რაც ბოლო სამი ათასი წელი სისხლი ღვარეს ღირსებისათვის, ამ კაცმა სამ წუთში თავსლაფი დაგვასხა.”

კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ქვეყანა ჩასაძირად განწირულ ხომალდს შეადარა: ”ხომალდი იძირება, საქართველო იძირება, უზარმაზარი ნაპრალები აქვს, იმიტომ რომ მესაჭემ ეს ხომალდი ყველაფერს დააჯახა, რაზე დაჯახებაც შეიძლებოდა. მხოლოდ თქვენს კაიუტას ვერ გადაარჩენთ და ჯობს, გამოფხიზლდეთ.”

”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა კი მიზნის მიღწევის ერთადერთ გზად ბოლომდე გაძლება დაასახელა: ”ჩვენ ვიდგებით აქ ბოლომდე, თუ არ დავიღლებით და უკან ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ.”

9 აპრილს ოპოზიციამ აქციის მონაწილეებს გააცნო პრეზიდენტ სააკაშვილისადმი საგანგებო მიმართვაც, სადაც მოუწოდებს მას გამოიყენოს უკანასკნელი შანსი და მშვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან. ოპოზიცია ქვეყნის პირველი პირისგან პასუხს 24 საათის ვადაში ელოდება.

ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირება პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საფუძველი გახდება:

”ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის მოთხოვნები, რომლებიც საზოგადოებისგან მოდის, იყოს ძალიან კარგად გაანალიზებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და სწორედ მათი პასუხის შემდეგ ჩვენი ალიანსი და სხვა პოლიტიკური ძალები საზოგადოებას ამცნობენ, თუ როგორ განვითარდება საპროტესტო აქციები.”

ორი ქართული არხის მაესტროსა და კავკასიის გარდა, დღევანდელ აქციას პირდაპირ ეთერში არც ერთი ტელევიზია არ გადასცემდა. ხალხის პარტიის ლიდერმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან სწორედ პირდაპირი ეთერი მოითხოვა: ”ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პირდაპირი ეთერი, რომ საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში გვიყურონ.”

მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლა. ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრიდან გამოსულმა ლევან გაჩეჩილაძემ ხალხს აცნობა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა:

”მოამბე” სრულად გააშუქებს 9 აპრილის აქციას. იქნება ოპოზიციური ლიდერის ჩართვა, სრულად გაუშვებენ კათალიკოს-პატრიარქის მიმართვას.”

აქციის მეორე დღის, 10 აპრილის, გეგმის თანახმად, დედაქალაქში მსვლელობები აღარ იქნება. ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დღის 3 საათზე კვლავ პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდეს. ოპოზიციის ლიდერები რუსთაველზე რჩებიან, როგორც ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, ბოლომდე: ”ჩვენ აქ ვიდგებით დღეც და ღამეც. საპროტესტო ტალღა არ დაიშლება მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე.”

10 აპრილს, დღის სამ საათზე, იწურება პრეზიდენტ სააკაშვილისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადაც. სწორედ მის პასუხზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის შემდგომი სამოქმედო გეგმის განვითარება. აქციის მონაწილეების ნაწილი კი 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე გაათენებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG