Accessibility links

გორში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დააპატიმრეს


გორის რაიონულმა სასამართლომ ორგანიზაციის „ალიანსი საქართველოსთვის“ რაიონული შტაბის უფროსის მოადგილე თამაზ მაყაშვილი 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯა. მაყაშვილი პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა ოთხშაბათ საღამოს მოხდა რესპუბლიკური პარტიის ოფისთან, სადაც პოლიციელებმა თამაზ მაყაშვილის ავტომანქანა გააჩერეს, მცირე შელაპარაკების შემდეგ კი სასამართლოში წაიყვანეს.

ორგანიზაციის, „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თამაზ მაყაშვილი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დღეს თბილისში გამგზავრებას აპირებდა, პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ჩემთან საუბრისას ალიანსის ადგილობრივმა ლიდერმა დავით რაზმაძემ ბოლო ხანს საქართველოში განვითარებული მოვლენები 1937 წლის რეპრესიებს შეადარა. თავის მხრივ, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი პოლიციელთა მოქმედებას კანონიერს, ოპოზიციის ბრალდებებს კი აბსურდულს უწოდებს.

ბოლო ერთ თვეში, პოლიციელთა შეურაცხყოფის ბრალდებით, გორში ოპოზიციის უკვე მეორე წარმომადგენელი დააპატიმრეს. პირველი შემთხვევა მოხდა სოფელ ტყვიავში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი, გორის საკრებულოს წევრი სევერიან ქარელი დააკავეს. მას, მაყაშვილისგან განსხვავებით, 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და სასჯელის ვადა 10 აპრილს ამოეწურება. ორივე საქმე გორის სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა განიხილა. ადგილობრივი იურისტების განმარტებით, მოსამართლეს შეეძლო, პატიმრობის ნაცვლად, დაკავებულები ადმინისტრაციული ჯარიმით დაესაჯა.
XS
SM
MD
LG