Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება უარყოფს საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს


ურთიერთგამომრიცხავია ცნობები, რომლებსაც 9 აპრილს დღის მანძილზე ავრცელებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ”საზოგადოებრივი დამცველი” და შინაგან საქმეთა სამინისტრო. კოალიცია ახმაურებს ცხელი ხაზის საშუალებით თუ სხვა გზებით შეგროვილ არაერთ ინფორმაციას, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევებს ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მსგავს ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.

კოალიციამ ”საზოგადოებრივი დამცველი”, რომელშიც 100-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთიანდებიან, ადამიანის უფლებათა დარღვევის არაერთი ფაქტი დაასახელა. ვიდრე ამ ფაქტებზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ კოალიცია ”საზოგადოებრივი დამცველი” სპეციალურად 9 აპრილის აქციებისთვის შეიქმნა და მისი მეთვალყურეების მიზანს აქციებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენა წარმოადგენს. დარღვევები, რომლებზეც კოალიციის მეთვალყურეები საუბრობენ, მრავალნაირია და მათი დიდი ნაწილი უკავშირდება მიტინგზე დასწრების მსურველი მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას.

კოალიციის წარმომადგენელი, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ მან
აქ დაგმარხავთ, თუკი თბილისისკენ წახვალთო...
გურჯაანში თავად ნახა პოლიციელების მხრიდან დაშინებული სამარშრუტო ტაქსების მძღოლები. ”მძღოლებმა გვითხრეს, და ეს გადაღებულიც გვაქვს, პოლიცია დაგვემუქრაო: აქ დაგმარხავთ, თუკი თბილისისკენ წახვალთო”, - განაცხადა ხატიაშვილმა.

”საზოგადოებრივი დამცველის” ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, პრობლემები მიტინგზე მისულ ადამიანებსაც შეექმნათ. კერძოდ, მათ ნაწილს არ ჰქონდა მოსმენის საშუალება, რადგანაც ხმის გამაძლიერებლებს ახშობდნენ. ცხელი ხაზის საშუალებით, ”საზოგადოებრივმა დამცველმა” მიიღო ინფორმაცია გარკვეულ ადგილებში ელექტროენერგიის გამორთვის თაობაზეც. ამ შინაარსის ფაქტები გაახმაურა კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ. ჩამონათვალში შედის ცნობა გენერალ გია ყარყარაშვილის შესახებაც: ”მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ”ეკოს” ბენზინგასამართ სადგურზე, მოხდა თავდასხმა გია ყარყარაშვილის ავტომანქანაზე. მიღებული ინფორმაციით, სცემეს მძღოლს და შეურაცხყოფა მიაყენეს გიასაც და წაართვეს მას ვიდეოკამერა.”

გენერალ გია ყარყარაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს კატეგორიულად
უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, რომელმაც სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” ბრიფინგი თბილისის დროით, დაახლოებით, 17 საათზე გამართა, არ ადასტურებს ინფორმაციებს ნინო ბურჯანაძის პარტიის 60 აქტივისტის დაკავებასა და მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

კონკრეტულად ადამიანების გადაადგილების შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ აქციასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნებიმ. ”მოლოდინი გამართლდა, მხარეები პასუხისმგებლობით, შეგნებულად მიუდგნენ აქციასთან დაკავშირებულ პროცესებს”, - დაახლოებით ასეთი იყო მის მიერ 9 აპრილს გაკეთებული განცხადების შინაარსი. თუმცა, მისი თქმით, აქციამ დისკუსიის საჭიროებაც გამოკვეთა. “ამ მოვლენამ აჩვენა, რომ საქართველოში არის საყურადღებო საკითხები, რომელთა გარშემოც ღია და გამჭვირვალე მსჯელობა უნდა გაიმართოს, საქართველოს მთელი საზოგადოების მონაწილეობით. ეს აშკარად მოიცავს საკვანძო საკითხებს, კერძოდ: ქვეყნის მმართველობის სისტემასთან, კონსტიტუციასთან, ძალაუფლების დაბალანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე შემდეგ”, - აღნიშნა სემნებიმ.

ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, პეტერ სემნებიმ თავი შეიკავა საკუთარი აზრის გამოთქმისგან და პასუხი არ გასცა მომიტინგეთა რიცხვთან დაკავშირებულ შეკითხვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგს მაქსიმუმ 25 ათასი ადამიანი ესწრებოდა, არ ეთანხმებიან კოალიცია ”საზოგადოებრივი დამცველის” მეთვალყურეები. ისინი ამბობენ, რომ მიტინგს, სულ ცოტა, 150 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG