Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვენ


რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მიტინგში მონაწილეობის მისაღებად ათობით ათასი ადამიანი დილიდან შეიკრიბა. სტუდენტებმა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებმა და სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის მოქალაქეებმა საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის თეატრიდან მოსწავლე ახალგაზდრობის სასახლემდე, თითქმის მთლიანად შეავსეს. „გადადგეს პრეზიდენტი და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“ – ამ ლოზუნგით გაერთიანებული მომიტინგეები ამბობენ, რომ მიზნის მიღწევამდე არ დაიშლებიან.

„თე-სე-უ! თე-სე-უ!“ - ამ შეძახილით სტუდენტების ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე ორი საათისთვის გაიარა. მსვლელობის მონაწილეთა შორის იყო ცოტნე ზურაბიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი და, მათ შორის, სტუდენტობაც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა:

„ჩვენი მოთხოვნები თავიდან ბოლომდე ემთხვევა ქართველი ხალხის მოთხოვნებს. ჩვენ ვგმობთ იმ უსამართლობას, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში და გვჯერა, რომ ერთად დგომით, ერთობით აუცილებლად დავამარცხებთ ტირანიას და ჩვენს ქვეყანას მიეცემა თავისუფალი განვითარების საშუალება.“

დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების წინაპირობად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მიაჩნიათ. რეჟისორი გოგი ქავთარაძე და მხატვარი თემო გოცაძე დარწმუნებულნი არიან, რომ მიხეილ სააკაშვილს სხვა არჩევანი არც აქვს.

„ამას თუ ხედავს ახლა და კიდევ აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას, მე არ ვიცი რა ვთქვა,“- უთხრა რადიო თავისუფლებას გოგი ქავთარაძემ, თემო გოცაძემ კი ხელისუფლების გასაგონად ერთი ცნობილი ანეკდოტის ფინალი გაიხსენა: „დროზე გაგვასწროს სვანეთში, ნარდს გავატანთ!“

ამგვარი განწყობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე მიტინგის მსვლელობისას ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მეტიც, მომიტინგეთა შორის დადიოდნენ ქალბატონები, რომლებიც მინიატურულ ხატებს არიგებდნენ და საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ:

„ღმერთმა დაგლოცოთ... ჩვენი მოძრაობა და ჩვენი მსვლელობა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. მშვიდობიანად უნდა შეიცვალოს საქართველოში წყობა, არ უნდა დაიღვაროს სისხლი. ამდენი ხალხი მომხრეა მთავრობისა და პრეზიდენტის მშვიდობიანი გადადგომისა.“

მოვლენების მშვიდობიანად განვითარების იმედი აქვს პენსიონერ ქალბატონ ეთერსაც. რომელიც მიტინგზე სოციალური შეჭირვების გამო მივიდა. 9 აპრილს მას 80 წელი შეუსრულდა:

„ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი პატიოსნად. ანაბარიც მქონდა, კვებაც მქონდა და ტანსაცმელიც მქონდა. შემაწუხა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ. პენსია ერთი წამლის ფულია. მიტინგზე იმისთვის მოვედი, რათა ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს. დღეს დაბადების დღე მაქვს, მაგრამ მშიერი ვარ“, უთხრა რადიო თავისუფლებას 80 წლის მოხუცმა.

9 აპრილს პარლამენტის წინ შეკრებილთა შორის იყო კიდევ ერთი მოხუცი ქალბატონი, მზესუმზირის გამყიდველი, რომელიც ვაჭრობით კმაყოფილია, მაგრამ ძალიან ნერვიულობს:

„ვაჭრობის დარდი იმდენად არ მაქვს, მე მშვიდობა მაინტერესებს. ეს დაუვიწყარი მიტინგია. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა.“

უნდა ითქვას, რომ, მომიტინგეთა სიმრავლის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა შორის განსაკუთრებული აგრესია არ შეიმჩნეოდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი ჟანრი ლოლაშვილიც დარწმუნებულია, რომ 9 აპრილს დაწყებულ საპროტესტო აქციას კეთილი ბოლო ექნება:

„არ მგონია, რომ რაღაც შეხლა-შემოხლის მსგავსი მოხდეს, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილება უკვე გვაქვს. არ შეიძლება ერთმანეთს ვეცეთ და ყელი გამოვღადროთ. აზრიანი მოქმედება გვმართებს, მაგრამ ქართველ ხალხს დარიგება არ სჭირდება, თავადაც კარგად იცის. მე მგონი, ეს ყველაფერი კარგის მომასწავებელია“, უთხრა რადიო თავისუფლებას მსახიობმა ჟანრი ლოლაშვილმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG