Accessibility links

logo-print

ქართული პრესა საპროტესტო აქციების პირველ დღეზე


ქართული გაზეთები შეფასებას აძლევენ საპროტესტო აქციების პირველი დღის მოვლენებს. პრესაში გაეცნობით ოპოზიციის, ხელისუფლებისა და ექსპერტების მოსაზრებებს.

”რეზონანსის” კორესპონდენტი ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ეკითხება მისი გამოსვლისას აქციის მონაწილეთა რეაქციაზე. ”ეს იყო ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ორგანიზებული იყვნენ. თუმცა შეიძლება ყოფილიყო რაღაცა რაოდენობა ადამიანებისა, ვინც ამას აკეთებდა გულწრფელად. სულაც არ მიკვირს, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჩემს მიმართ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები. ეს პრეტენზია სრულიად გასაგებია”, - აცხადებს ბურჯანაძე. ”რეზონანსშივე” საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით დარჩიაშვილთან ინტერვიუს გაეცნობით. მისი თქმით, ”ყველა პრობლემას სჭირდება დასხდომა და საუბარი - როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ვინ როგორ გადაინაწილოს ფუნქციები. მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიცია ამბობს, რომ სააკაშვილი არის გასარიყი საზოგადოებიდან. მაგრამ ვინ არის გასარიყი, ვინც მინიმუმ ორჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ოპოზიციის ყველაზე უფრო პოპულარულმა ლიდერმა? საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის და ამიტომაც ასეთ მოთხოვნებს მხარდაჭერა არ აქვს.” - ასე ფიქრობს დავით დარჩიაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ”რეზონანსი” აქვეყნებს.

”ალიაში” ასეთი სათაურია: ”რა უთხრეს ერთმანეთს სანთლის მოკიდებისას ლევან გაჩეჩილაძემ და დავით ბაქრაძემ?” – გაზეთი ორივე მათგანს ესაუბრა და, როგორც მათი პასუხებიდან გაარკვევთ, ერთმანეთისთვის 9 აპრილის მემორიალთან არც არაფერი უთქვამთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, პარლამენტის სპიკერი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება დიალოგისთვის ”მართლა” მზად არის და რომ ”ძალიან სერიოზული თემები” შესთავაზეს ოპოზიციას - კერძოდ, ჩამოთვლის საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის ინსტიტუტის შესასუსტებლად და პარლამენტის გასაძლიერებლად, საარჩევნო გარემოსა და თვითმმართველობის სისტემის შეცვლისთვის მზადყოფნას. ”არჩევნები არ დაინიშნება. ეს არის ხელისუფლების ცალსახა პოზიცია”, - აცხადებს დავით ბაქრაძე. ინტერვიუს დასასრულს კი ამბობს: ”ხელისუფლება არანაირად არ აპირებს ამ პროცესებში ჩართვას. და თუკი ოპოზიცია თავის ულტიმატუმზე დარჩება, მაშინ ეს მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოახერხებენ ამ პროცესებიდან გამოსვლას”, - ამბობს ბაქრაძე.

”ახალი თაობა”, ნოდარ ნათაძე: ”9 აპრილის აქცია შეიძლება დამთავრდეს მშვიდობიანი კატასტროფით, ანუ ხელისუფლებაში კიდევ შევარდნაძე-სააკაშვილის ხანის გამგრძელებელთა მოყვანით. ეს შანსი გაიზარდა იმით, რომ დასავლეთმა კონკრეტული ინტენსიური ინტერესი გამოთქვა ამ მოვლენების მიმართ და მაღალი რანგის ადამიანების საშუალებით მონიტორინგი ჩატარდება. ე.ი. სისხლი აღარ დაიღვრება, მაგრამ, სამაგიეროდ, მშვიდობიანი კატასტროფა მოხდება.”

”ნუ გეშინიათ 9 აპრილის” - ასეთი სათაურით ქვეყნდება ”24 საათში” მწერალ ლაშა ბუღაძის სვეტი. ”პირველ მიტინგზე ყველა მშვიდადაა. ისინიც კი, ვის წინააღმდეგაც იმართება დემონსტრაცია”, - წერს ბუღაძე. მისი აზრით, ”მიტინგი მას შემდეგ ხდება სახიფათო, როცა ხალხი იღლება... როცა ელიტებს მიტინგზე მისვლა ეზარებათ (”ხომ მოვიხადე უკვე ჩემი ვალი!”), როცა გამომსვლელებს აღარაფერი რჩებათ სათქმელი, როცა მეასეჯერ იმღერებენ ერთი და იგივე სიმღერებს და როცა მხოლოდ ნაწილია ქუჩის ხალხით შევსებული... ასეთ დროს იღლებიან მიტინგის რისხვის ობიექტებიც! აგრესიულ მიტინგოსანთა მცირე ჯგუფი მათ საშინლად აღიზიანებთ და ფიქრობენ, რომ ამ ხალხის გაფანტვა უკვე სავსებით შესაძლებელი და აუცილებელიცაა”, - წერს ”24 საათში” ლაშა ბუღაძე, რომლისთვისაც მომდევნო დღეებში მთავარი სიტყვა ”კომპრომისი” იქნება.

დასასრულ, ”რეზონანსს” მივუბრუნდები, რომლის კორესპონდენტსაც გია ყარყარაშვილი 9 აპრილს მომხდარ ინციდენტზე უყვება. მისი თქმით, სანაპიროზე მდებარე ”ეკოს” ბენზინგასამართ სადგურზე მის მანქანასთან საქართველოსა და თბილისის საპატრულო პოლიციის სამსახურების უფროსები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე მივიდნენ. პირადად ყარყარაშვილისთვის ხმა არ გაუციათ. დაათვალიერეს მანქანა. ამ პროცესს ყარყარაშვილის მძღოლი ვიდეოკამერით იღებდა. მას კამერა ”წაართვეს და ხელი დაარტყეს.”

”ერთადერთი სწორი გზა რეფერენდუმი იყო, რადგან ეს ხალხის ნების გამომხატველია”, - აღნიშნავს ვლადიმერ პაპავა ”ვერსიისთვის” მიცემულ კომენტარში. - ”დღევანდელი მდგომარეობით, ხელისუფლება არ გრძნობს რაიმე ისეთ დისკომფორტს, რომ დათმობაზე წავიდეს. თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ საპროტესტო ტალღა დიდია, ეს იქნება გარანტია, რომ უფრო დიდ შეცდომებს არ დაუშვებს, ვიდრე უკვე აქვს დაშვებული”, - ამბობს პაპავა. ”ვერსიაშივე” წაიკითხავთ სოსო ცინცაძის კომენტარს: ”ბუნებრივია, ოპოზიცია შეეცდება მოლაპარაკებათა მაგიდას მყარი პოზიციებით მიუჯდეს, თუ საერთოდ შედგა ეს მოლაპარაკება. თუმცა აუცილებელია შედგეს დღის წესრიგი, განსახილველი საკითხები, კომპრომისის ჩარჩოები. პირველი დღის მიხედვით მაინც ძნელია შეფასებებისა და პროგნოზების გაკეთება”, - ამბობს ცინცაძე. რამაზ საყვარელიძე 9 აპრილის მიმართვაზე ამბობს: ”ულტიმატუმი იმის გამხელასაც გულისხმობს, თუ მოთხოვნა არ შესრულდა, რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია. თუმცა ასეთი პირობა არც სააკაშვილს უთქვამს, როცა მაშინდელ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდა. როგორც ჩანს, საქართველოში ასეთი ცალფრთა ულტიმატუმები არსებობს, თუმცა ჭრის ხოლმე.” - ექსპერტთა კომენტარებს ”ვერსია” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG