Accessibility links

logo-print
მიხეილ სააკაშვილისათვის ოპოზიციის მიერ მიმართვის გაგზავნიდან ულტიმატუმის 24 სააათიანი ვადა 10 აპრილს სამ საათზე ამოიწურა. ამ დროისათვის პრეზიდენტმა ოპოზიციას პასუხად მხოლოდ დიალოგი შესთავაზა. დღის 4 საათზე კი მიტინგზე ოპოზიციის ლიდერებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გადაწყვეტილება გამოაცხადეს და თქვეს, რომ 10 აპრილის საღამოდან ყოველდღიურად გადაიკეტება ტელევიზიის მიმდებარე კოსტავას ქუჩა და ავლაბრის რეზიდენციის მიმდებარე ქეთევან წამებულის გამზირი. ხოლო თუ მიხეილ სააკაშვილი არ გადადგა, მანიფესტაციების ადგილები ყოველდღიურად გამრავლდება.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები და ხალხი 10 აპრილის საღამოდან სამ ნაწილად გაიყოფა და მიტინგიც ქალაქის სამ სხვადასხვა ადგილას ჩატარდება. ოპოზიციის ბოლო გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა, რომელიც კონსერვატორების ლიდერმა კახა კუკავამ გააცნო ხალხს, ასეთია: ”აქციას მთელი ქალაქის მასშტაბით გავშლით. რუსთაველის გამზირის პარალელურად მანიფესტაციები იქნება ტელევიზიასთან, სადაც გადაიკეტება კოსტავას ქუჩა, და ავლაბარში, სადაც ასევე ჩაიკეტება ქეთევან წამებულის გამზირი.”

ორ კოლონას, ტელევიზიის და ავლაბრის რეზედენციის მიმართულებით, პოლიტიკური ლიდერები უხელმძღვანელებენ. პირველ კოლონას - ლევან გაჩეჩილაძე და ”ალიანსი საქართველოსთვის” ჩაუდგება სათავეში, ხოლო მეორეს - ხალხის პარტია და კონსერვატორები. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები რუსთაველზე რჩებიან. აქცია არ წყდება და ქალაქის მთავარი გამზირიც გადაკეტილია. ყოველდღე, საღამოს 9 საათზე, აქციის ყველა მონაწილე ისევ რუსთაველზე ბრუნდება და შემაჯამებელი მიტინგი იმართება.

ასეთია ჯერჯერობით ოპოზიციის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. თუმცა, როგორც კახა კუკავა ამბობს, გეგმები ყოველდღიურად შეიცვლება იმის მიხედვით, როგორი იქნება ხელისუფლების პასუხი: თუ ეს აქციები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდეს ადეკვატური და მიიღოს გადაწყვეტილება, ყოველდღიურად საინფორმაციო მიტინგებზე გაგაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას.

ლევან გაჩეჩილაძე ყველაფერ ამას ეროვნულ დაუმორჩილებლობას უწოდებს და პრეზიდენტს უთვლის: ”არ შეისმენს ჩვენსას, ორი ადგილი გაოთხდება. არ შეისმენს, ოთხი ადგილი რვად გადაიქცევა. ეს ჯერ მთელ თბილისს მოედება, შემდეგ კი - სრულიად საქართველოს.”

ავლაბარსა და საბურთალოზე მცხოვრებ ადამიანებს გაჩეჩილაძემ ადგილობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ სამი საათიდან ცხრა საათამდე მსოფლიოს დაუმორჩილებლობის მაგალითი უნდა უჩვენონ.

ეროვნული ფორუმის წევრი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ, დაუმორჩილებლობის კამპანიის პირობებში, სააკაშვილი, უბრალოდ, ვერ შეძლებს საკუთარი ფუნქციის შესრულებას: ” ჩვენ ამ ქალაქიდან დავიწყებთ ჯერ სააკაშვილისთვის ხელისუფლების ჩამორთმევას და, თუ გონს არ მოეგება და არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ქართველი ერის ნების გამოხატულებაა, მაშინ მას მოუწევს დანარჩენ საქართველოშიც იმავე პროცესების ხილვა.”

10 აპრილის მიტინგზე ოპოზიცია აცხადებდა, რომ მათ არ სურთ ანარქია ქვეყანაში, რომ მათი ერთადერთი სურვილი მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგის არევა და მისი ხელისუფლებიდან წასვლაა. ამ მიზნის განსახორციელებლად ხალხი 6 საათის შემდეგ რუსთაველიდან პრეზიდენტის რეზიდენციისა და ტელევიზიისკენ გადაინაცვლებს.

XS
SM
MD
LG