Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის მასმედიის თვალით დანახული საპროტესტო ტალღა საქართველოში


დღეს დასავლეთის, შეიძლება ითქვას, რომ ყველა წამყვანი საინფორმაციო საშუალება აშუქებს საპროტესტო აქციებს საქართველოში. რას მოითხოვენ დემონსტრანტები, რით დაიმსახურა მათი კრიტიკა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და როგორია ზოგადი ვითარება ქვეყანაში? ყოველივე ამას აშუქებენ პუბლიკაციებში, რომელთა სიმრავლის გამოც ყურადღებას გავამახვილებ ინგლისურენოვან მედიაზე - მითუმეტეს, რომ ის, ტრადიციისამებრ, მეტ ინტერესს იჩენს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ვიდრე თუნდაც ფრანგულენოვანი ან გერმანულენოვანი გამოცემები.

“ნიუ-იორკ ტაიმსი” ზედიზედ მეორე დღეს ბეჭდავს თბილისში გაგზავნილი კორესპონდენტის, კლიფორდ ლევის რეპორტაჟს - თუ მისი წინა სტატია მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის ტელეპროექტს, მისი საკანს ეძღვნებოდა, პარასკევის ნომერში აღწერილია 9 აპრილის საპროტესტო აქცია თბილისში. ჟურნალისტი მკითხველს უწინარეს ყოვლისა აუწყებს, რომ დემონტსრანტები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ, და რომ აქციებმა, საგრძნობი დაძაბულობის მიუხედავად, მშვიდობიანად ჩაიარა. ოპოზიციის ლიდერებიდან “ნიუ-იორკ ტაიმსის” ამ სტატიაში დასახელებული არიან ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანია, მოყვანილია ასევე ერთი-ორი რიგითი დემონსტრანტის შეფასებები. 53 წლის ნინო წითლიძეს, უმუშევარ პედაგოგს, ამერიკელი ჟურნალიტისთვის უთქვამს, რომ პირველად მივიდა საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც ანტისაბჭოთა დემნოსტრაციებში მონაწილეობდა. “სააკაშვილმა წაიღო ჩემი აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. ჩვენ ქართველები ამაყი ხალხი ვართ და ასეთ დამცირებას ვერ ავიტანთ - ლიდერი, რომელიც ომში დამარცხდა, უნდა გადადგესო”, ამბობს ნინო წითლიძე, რომლის მოსაზრებასაც “ნიუ-იორკ ტაიმსში” ვეცნობით.

მკითხველს ზედიზედ მეორე დღე აწვდის თბილისში თავისი კორეპსონდენტის რეპორტაჟს გაზეთი “უოლ სტრიტ ჯორნალიც”. ოპოზიციონერებიდან ჟურნალისტი სამანდა შილდსიც ირაკლი ალასანიას და ლევან გაჩეჩილაძეს ასახლებს, მოჰყავს ამ უკანასკნელის სიტყვები, რომ ოპოზიციას სხვა გზა არა აქვს, “უნდა ვიდგეთ აქ ბოლომდე, სანამ არ წავა იუდა პოლიტიკური ასპარეზიდანო”, ვკითხულობთ “უოლ სტრიტ ჯორნალში”.

“ფაინენშალ ტაიმსში” დაბეჭდილი სტატიის ავტორიც იუწყება ოპოზიციის გეგმაზე, რომ საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტს პრეზიდენტის გადადგომამდე, თუმცა, იქვე მოყვანილია ექსპერტების ვარაუდი, რომ აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, დემონსტრაციებში მონაწილეთა რიცხვი იკლებს. “ფაინენშელ ტაიმსი” აღნიშნავს, რომ პოლიტიკური არეულობა საქართველოში, შესაძლოა, კარგად ეწერებოდეს კრემლის გეგმებში. მოსკოვი, როგორც ცნობილია, არც მალავს, რომ სურს დასავლეთზე ორიენტირებული სააკაშვილის გადადგომა. სტატიაში მოყვანილია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელავშილის განცხადება, რომ რუსეთმა დამატებითი ჯარები შეიყვანა ახალგორის რაიონში - თბილისიდან 62 კილომეტრში - საქართველოზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად და ხელსაყრელი პოზიციის დასაკავებლად, რათა შესაძლოა საქმეშიც ჩაერიოს, თუ დემონსტრაციები კონტროლს აღარ დაექვემდებარა...

საყურადღებოა, რომ ავტორიტეტიანი გამოცემა “სტრატფორ კომენტარი” დღევანდელ პუბლიკაციაში, საკუთარ წყაროებზე დარყდნობით იუწყება, რომ “რუსეთის ხელი მართლაც ურევია დღევანდელი საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში. დამატებით, რუსეთი სხვა ზომებსაც მიმართავს, რათა მომცრო კავკასიურ სახელმწიფოს შეახსენოს თავისი იქ ყოფნა. აფხაზეთში “სტრატფორის” წყაროები ბოლო ორი დღეა იუწყებიან გალის რაიონში რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ. თუმცა, რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, საქმე ეხება ჩვეულებრივ როტაციას”.

ყველა ზემოხსენებულ პუბლიკაციაში, ისევე როგორც “ლოს ანჯელეს ტაიმსის”, “გარდიანის” სტატიებში, წამყვანი სამაუწყებლო კომპანიების ვებსაიტებზე, ბუნებრივია, ასახელებენ საპროტესტო აქციის მონაწილეების რიცხვსაც. თუმცა, მონაცემები განსხვავებულია. ამიტომ ბოლოს წარმოგიდგენთ გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხის ARD-ს საგანგებო ბლოგს, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციებს ეთმობა და საყურადღებოა სწორედ ინფორმაციით დემონსტრანტების რიცხვის შესახებ.

ბლოგის ავტორი სილვია შტიობერი გვამცნობს, რომ საქართველოში ოფიციალური წყაროები საპროტესტო აქციის 25 ათას მონაწილეზე იუწყებიან, მაშინ როცა ოპოზიცია 100 ათასზე მეტ დემონსტრანტზე ლაპარაკობს. გერმანელმა ექსპერტმა ჰანს გუტბროდმა კი, ბლოგში მოყვანილი ინფორმაციით, გარკვეული მეთოდის გამოყენებით დაადგინა, რომ დემონსტრანტების რიცხვი 65 ათასს შეადგენდა, თუმცა ცდომილება ამ შემთხვევაში 20 პროცენტს შეიძლება აღწევდეს. გუტბროდი და მისი თანამშრომლები (კავკასიის კვლევის ინსტიტუტიდან) თურმე მიმდებარე შენობების სახურავებიდან ითვლიდნენ პარლამენტის წინ დემონსტრაციაზე მისულებს. ბლოგზე ვეცნობით ასევე სტატისტიკას სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებაზე: გუტბროდის მეთოდით მიღებული მონაცემებით, მოსახლეობის 20 პროცენტი სააკაშვილის რადიკალური მოწინააღმდეგეა, 30 პროცენტი მას მხარს უჭერს, 50 კი ყოყმანობს, მკაფიო პოზიციამდე ვერ მისულა.

ამ ინფორმაციას ვეცნობით ბლოგზე, რომელიც გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის ვებსაიტზე ეძღვნება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
XS
SM
MD
LG