Accessibility links

logo-print

„საზოგადოებრივი დამცველი“ საპროტესტო მანიფესტაციის დარღვევების შესახებ


არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის, „საზოგადოებრივი დამცველის“ ოფისი განაგრძობს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონიტორინგს და აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ამა თუ იმ სახის ძალადობის შესახებ ინფორმაციის შეკრებას. დარღვევებში, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების ხელი იკვეთება, ორგანიზაციის წევრთა შეფასებით, ორი ძირითადი ხაზი გამოირჩევა: აპრობირებული და კრეატიული.

საპროტესტო მანიფესტაციის მონაწილეთა და მონაწილეობის მსურველთა ზეწოლის აპრობირებულ მეთოდებში საზოგადოებრივი დამცველი ისეთ პრაქტიკას ასახელებს, როგორებიცაა რეგიონებიდან მოსახლეობის დედაქალაქისაკენ გადაადგილების ხელისშეშლა, ელექტროენერგიის გათიშვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება კრეატიულ და შესაბამისად ორიგინალურ ხერხებს, მათგან კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი ორ უმთავრეს ეპიზოდს გამოარჩევს: ტაქსებისა და წერილების.

ერთ-ერთი წერილის ასლის თანახმად, რომელიც საზოგადოებრივი დამცველის ოფისში ინახება, საპატრულო პოლიცია პირადად მოუწოდებს ამა-თუ-იმ კონკრეტულ მოქალაქეს, მოქალაქოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და პატივი სცეს სამართალდამცავების მოწოდებებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად. „მოგიწოდებთ პირადად თქვენ, არ მიიღოთ მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.“ წაიკითხავთ წერილში. ამ მოწოდებაში რომ ცუდი არაფერია, თავად ნინო ციხისთავიც არ უარყოფს, თუმცა ამასთანავე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამით საზოგადოებაში შიშს ნერგავს.

რაც შეეხება ტაქსების ეპიზოდს.

“გუშინ მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული ტაქსების მოძრაობას, სთავაზობდნენ მოსახლეობას უფასო მომსახურებას. მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ამ ეგრეთ წოდებული ტაქსების მძღოლები უშიშროების გადაცმული თანამშრომლები არიან,“ - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი უჩა ნანუაშვილი. მისი ბრალდების გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცადეთ. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა კატეგორიულად უარყო უშიშროების სამსახურის მიერ აქციის მონაწილეთა უფასო ტაქსებით მომსახურების ფაქტი.

რაც შეეხება ასევე გახმაურებულ ინცინდენტს, რომელიც აქციის მონაწილის ცემითა და მანქანის მინების დამსხვრევით დამთავრდა, შოთა უტიაშვილის თქმით, შესაბამისი სამსახური მომხდარს სწავლობს. თავად ინცინდენტს კი არასამთავრობო ორგანიზაციის „ კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი შემდეგნაირად აღწერს.“გუშინ ჩვენთან მოვიდა მოქალაქე, რომელიც ამბობდა, რომ მასზე იძალადეს, სცემეს. მან დაასახელა ვინაობა, გვაჩვენა ტექ-პასპორტი და მიუთითა ადგილი,სადაც მოხდა ძალადობის ფაქტი. კერძოდ, ერთ-ერთი მომიტინგე დროშით ხელში მას ჩაუჯდა მანქანაში, ამ პიროვნებამ სთხოვა წაეყვანა ის ავლაბრის მიმართულებით. გადაუდგა მათ რამდენიმე მანქანა, გადმოვიდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, გადმოათრიეს დროშიანი პიროვნება, დაუწყეს ცემა, მანქანა კი დაამტვრიეს.“

ზაქარია ქუცნაშვილმა მოგვითხრო კიდევ ერთი ინცინდენტის, ანუ მისი შეფასებით პროვოკაციის შესახებ, რომელსაც პარლამენტის შენობაში ჰქონდა ადგილი. საქმე ეხება მინის ჩამსხვრევას. არასამთავრობო ორგანიზაციათა სადამკვირვებლო ჯგუფში აღნიშნავენ, რომ ეს აქციის მონაწილის მიერ გასროლილმა ქვამ კი არა პარლამენტის დაცვამ ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამასაც აბსურდულ ბრალდებად მიიჩნევენ.

„საზოგადოებრივი დამცველის“ ოფისში საპროტესტო აქციის ორი დღის განმავლობაში აღწერილი დარღვევების შესახებ პირადად ეცნობა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პეტერ სემნების. იგი 10 აპრილს თავად ესტუმრა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ დაფუძნებულ მონიტორთა ოფისს და განაცხადა.“

იმისათვის რომ სიტუაცია ობიექტურად შევაფასოთ, ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან უნდა მივიღოთ. სამოქალაქო სექტორი ამ მიმართულებით ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. იმედი გვაქვს, რომ შეკრება მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში გაგრძელდება. კარგი იქნება, თუ მიტინგი დიალოგის რეჟიმში გადავა.“
XS
SM
MD
LG