Accessibility links

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ოსურ და რუსულ სამხედრო ნაწილებში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა თავად ხედავს, როგორ გადაადგილდება ოკუპირებულ სოფლებში რუსული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა. გარდა ამისა, რუსი და ოსი ჯარისკაცები საინჟინრო-საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ. როგორც სოფელ მერეთის რწმუნებულმა ვასილ დემეტრაშვილმა მაცნობა, ადგილობრივი მოსახლეობა მოსაზღვრე სოფლებში რუსული ტექნიკის მობილიზების გამო შეშფოთებულია.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მზადყოფნის გამოცხადების ფაქტს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელიც ადასტურებს. მისი ინფორმაციით, ახალგორიდან პერევამდე ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 58-ე არმიის დამატებითი ძალა იმყოფება.
ამავე არმიის დამატებითი მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა ცხინვალშიც განლაგდა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. პანიკა იმდენად დიდი იყო, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ იური ტანაევს ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლა და განმარტებები დასჭირდა.

ტანაევის განცხადებით, ამჟამად სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნისთვის გეგმიური ღონისძიებები მიმდინარეობს, რაც რუსულ სამხედრო ბაზასა და სასაზღვრო საგუშაგოებზე როგორც პირადი შემადგენლობის, ისე მოძველებული სამხედრო ტექნიკის ახლით შეცვლას ითვალისწინებს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ამ პროცესების გამო, ქართველი სამართალდამცავები, როგორც თავად აცხადებენ, დამატებითი ძალებით საგუშაგოების გაძლიერებას არ აპირებენ. შიდა ქართლის სამხარეო ხელისუფლებამ კი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის დამატებითი ძალების კონცენტრაციის ფაქტი ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას აცნობა
XS
SM
MD
LG