Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეცვალა 9 აპრილის მიტინგმა


9 აპრილისათვის დანიშნულ მიტინგზე პროტესტის გამოსახატად რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მივიდა. სწორედ 9 აპრილს გამოჩნდა, რომ ოპოზიციის უკან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დგას, თუმცა არა იმდენი, რომ ხელისუფლებას მიტინგზე შეკრებილი ადამიანების მოთხოვნები უპირობოდ დაეკმაყოფილებინა. ამგვარი ჩიხური ვითარების მიუხედავად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 9 აპრილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობის ახალი კონტური მოხაზა.

„ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ძალები მოსინჯეს“, - ასეთია, კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით, 9 აპრილის საპროტესტო აქციის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგი. მისი აზრით, დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები კვლავინდებურად შეუთავსებელია, ანუ ადგილი აქვს კლასიკურ კონფლიქტს, თუმცა ხელისუფლებამ უკვე იცის, ვისთან აქვს საქმე.

„9 აპრილის აქციაზე ბევრი ხალხი მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას აქვს მხარდაჭერა ხალხში და ის მოთხოვნები და ის პირობები, რომელსაც აყენებს ოპოზიცია, არის ანგარიშგასაწევი“, - ამბობს გოგი ხუციშვილი.

ოპოზიცია რომ ანგარიშგასაწევი ძალაა, ეს ხელისუფლებამ 9 აპრილამდეც იცოდაო, უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა გია ნოდიამ, რომლის თქმითაც, მხარდამჭერების რიცხოვნებაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა სამართლებრივი საფეძველი აქვს ოპოზიციის მოთხოვნებს. და კიდევ:

„ეყოფა თუ არა ოპოზიციას ძალა იმისთვის, რომ მართლაც აიძულოს პრეზიდენტი, გადადგეს?“ - შეკითხვას სვამს პოლიტოლოგი. - „9 აპრილს საპროტესტო აქცია, რა თქმა უნდა, მასშტაბური იყო, მაგრამ არა მიდენად, რომ მან მიაღწიოს მიზანს, ანუ პრეზიდენტის გადადგომას. მიტინგი არც ისე დიდი იყო და, მე მგონი, ამან გარკვეული იმედგაცრუებაც გამოიწვია.“

გია ნოდიას აზრით, ოპოზიციას, ასეთი ვითარებისა და რადიკალური მოთხოვნის გამო, გაუჭირდება სახის შენარჩუნება, თუმცა, მისი თქმით, ყველაზე რაციონალური გამოსავალი იქნება, თუკი ოპოზიცია ხელისუფლებასთან სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდება. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არ შეუძლია რადიკალურ მოთხოვნებზე უარის თქმა და ამას თავისი მიზეზი აქვს:

„დღევანდელი მდგომარეობა, ფაქტიურად, 2007 წლის ნოემბრის გაგრძელებაა და რადგანაც მაშინდელ შედარებით ზომიერ მოთხოვნებს პრაქტიკულად შედეგი არ მოჰყოლია და ყველაფერში ხელისუფლებამ სცადა მისთვის სასარგებლო ვარიანტით დაემთავრებინა ურთიერთობა, იქნებოდა ეს ტელევიზია, კანონში ცვლილებების შეტანა თუ არჩევნების მოთხოვნა, ამიტომ ოპოზიციამ აიღო რადიკალური მოთხოვნა, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ამდენს ეშმაკობს და ძალას ხმარობს იქ, სადაც ეშმაკობა არ გაუვა, ეს ხელისუფლება გადადგეს.“

თუმცა, რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, იმის ალბათობა, რომ ხელისუფლება, 2007 წლის ნოემბრის მსგავსად, ამჯერადაც ძალას გამოიყენებს, დაბალია. ასევე ფიქრობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომლის თქმითაც, 9 აპრილს გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წინააღმდეგ განსხვავებულ მიდგომას იყენებს:

„ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილი დაღალოს აქციებით და იყოს განსხვავებული 2007 წლის ნოემბერისგან და ცდილობს პოლიტიკურ პროცესებს უფრო ლიბერალურად მიუდგეს, რითაც საპროტესტო მუხტი შემცირდება და, საბოლოო ჯამში, ოპოზიციას შეიძლება გამოეცალოს მიტინგის ის მონაწილეები, რომლებიც 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე იყვნენ გამოსული“, - უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ლოგიკურია ის, რომ ხელისუფლების ამგვარ ტაქტიკას ოპოზიციის ლიდერები აქტიურ მოქმედებას უპირისპირებენ, თუმცა კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ კანონის ჩარჩოებიდან გაუსვლელად ერთსა და ორ დღეში არაფერი შეიცვლება:

„მოქმედება ყველა შემთხვევაში გრძელ ვადაზე უნდა იყოს გაწერილი, რადგანაც სახეზეა შეუთავსებელი პოზიციები, რომლებიც მყისიერად ვერ შეიცვლება, ამას სჭირდება დრო. ანუ უნდა გამოჩნდეს რაღაცა საშუალება ან მხარეთა პოზიციების გარდაქმნის რაღაც მექანიზმი, რომელიც პოზიციების შეჯერებამდე, ანუ საერთო წერტილამდე, მიიყვანს.“

გოგი ხუციშვილი ამბობს, რომ ამ ეგრეთ წოდებულ „საერთო წერტილამდე“ მისვლა იოლი არ იქნება. პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ის, რომ ოპოზიციას სერიოზული მხარდაჭერა აქვს, მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი:

„ოპოზიცამ შეიძლება ვერ შეძლოს და, როგორც ჩანს, ვერც შეძლებს პრეზიდენტის გადაყენებას“, - უთხრა ნოდიამ რადიო თავისუფლებას, - „მაგრამ მას შეუძლია, რომ პრეზიდენტს მშვიდად მართვის საშუალება არ მისცეს და სულ ამყოფოს დაძაბულობაში. ამის პოტენცია ოპოზიციას აქვს. ამიტომ ეს არის მისი კაპიტალი, მაგრამ ოპოზიციის სტრატეგიული აზროვნების, მოქნილობის გამოვლენა იქნება ის, თუ მან ეს კაპიტალი გადაადნო რაღაც გადაწყვეტილებად, რომელიც არა მარტო მას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, არამედ ქვეყანასაც წაადგება, და ასეთი შეიძლება იყოს უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა.“

გია ნოდიას კოლეგა სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ერთი, თუნდაც ხალხმრავალი, მიტინგი ვითარების მკვეთრი ცვლილებისთვის საკმარისი არაა:

„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, როცა ორივე მხარეს სრულიად შეუცდომელი ჰგონია საკუთარი თავი და დარწმუნებულია საკუთარ წარმატებაში, რთულია რაიმე ტიპის შეთანხმებებზე საუბარი. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში დაიწყებენ საკუთარი სუსტი მხარეების გაანალიზებას და ამ დროს მეტი ნიშა წარმოიქმნება იმ აუცილებლობისა, რასაც ჰქვია დაპირისპირებულ მხარეებს შორის კომუნიკაცია.“

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG